აქვს თუ არა შანსი ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში: ვინ დაუჭერს მხარს „ლელოს“

© photo: Sputnikბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2022
გამოწერა
დეპუტატის მანდატის გარეშე დარჩენილი ჯაფარიძე მანდატის შუალედური არჩევნების გზით დაბრუნებას შეეცდება.
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებამ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე ოპოზიცია ჩიხში მოაქცია და მმართველი ძალის რწმენა გაამყარა.
პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები რუსთავი–გარდაბნის ოლქში 2 აპრილს ჩატარდება. ჯაფარიძის გეგმებზე, რომ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ცნობილი 15 თებერვალს გახდა, მას შემდეგ, რაც მას პარლამენტმა დეპუტატის მანდატი ჩამოართვა სასამართლოს განაჩენის საფუძველზე.
პოლიტიკოსის გადაწყვეტილებამ ჩიხში შეიყვანა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც წინასწარ გამოაცხადა „ლელოსთან“ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრინციპულ საკითხებზე მჭიდროდ თანამშრომლობის გეგმების შესახებ.
მმართველი პარტიის შემდეგ აღნიშნულ მაჟორიტარულ ოლქში ყველაზე დიდი ელექტორატი „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს. „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე თავისი კანდიდატის გაყვანა მხოლოდ მეორე ტურის შედეგად, 3,8 ათასი ხმის უპირატესობით შეძლო. „ოცნების“ კანდიდატის მთავარი კონკურენტი „ნაცმოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე იყო. გასული წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლების მხოლოდ 48,7%-მა მიიღო.

„ჩვენ შევხვდებით პარტიის წარმომადგენლებს, საკითხზე პარტიის შიგნითაც ვიმსჯელებთ. თქვენ იცით, რომ დავით კირკიტაძე რუსთავის ოპოზიციური ფრთის მნიშვნელოვანი ფიგურაა და ჩვენ მისი მოსაზრებები უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ გადაწყვეტილებას კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

თუმცა პარტიის სხვა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა არ გამორიცხა, რომ „ნაცმოძრაობა“, რომელმაც ასევე დაკარგა ერთი წარმომადგენელი პარლამენტში, მაინც დაუჭერს მხარს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას.
ჯაფარიძეს გახარიას პარტიის იმედი არჩევნებზე ჯერ არ უნდა ჰქონდეს>>>
„დღეს ერთობას ალტერნატივა არ გააჩნია. ოპოზიცია ნებისმიერ ბრძოლაში კონსოლიდირებული უნდა იყოს“, – აღნიშნა ბოტკოველმა.
პარტიაში „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ ბადრი ჯაფარიძის საკითხთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება არჩიეს.

„სპეციფიკური პარტია ვართ, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს არ ეუბნება – ვინ შემოხაზოს იმ შემთხვევაში, როცა არჩევნებში „გირჩი“ არ მონაწილეობს“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

ამავდროულად მან აღნიშნა, რომ ჯაფარიძის დაბრუნება პარლამენტში სამართლიანი იქნება.
პარტია „მოქალაქეები“ კი გადაწყვეტილების მიღებამდე თავად ჯაფარიძისგან ელოდება ნაბიჯის გადადგმას.
„დიდი ალბათობით, ბადრი ჯაფარიძეს მხარს არ დავუჭერთ და ჩვენი კანდიდატი გვეყოლება. ამას წყენის და ბრაზის გამო არ ვაკეთებთ. თუ თანხმობა უნდათ, კეთილი ინებონ და კონსულტაციები დაიწყონ“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
მოსაფიქრებლად დრო ითხოვა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“.
„არჩევნებამდე დიდი დროა და ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ ახლა მხარს არავის ვუჭერთ. ასე გადავწყვიტეთ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. დღეის მდგომარეობით, ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერას არ ვაპირებთ“, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა ანა ბუჩუკურმა.
ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში დაბრუნება მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით გადაწყვიტა>>>
„მესამე ძალამ“ კი ჯაფარიძის პარტიასთან კონსულტაციების დაწყებამდე პირველი ნაბიჯის თავად გადადგმა გადაწყვიტა.
„ჩვენ გვქონდა შიდა კონსულტაციები და შევთანხმდით, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „რესპუბლიკური პარტია“ რუსთავში მაჟორიტარობის საკუთარ კანდიდატურას არ წამოაყენებს. დანარჩენ დეტალებზე „ლელოს“ წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ ვისაუბრებთ“, – აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
ვიდრე ოპოზიცია ფიქრობს და „ლელოსგან“ ნაბიჯებს ელოდება, მმართველ პარტიაში უკვე განაცხადეს შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შესახებ, მით უმეტეს, თუ ოპოზიცია გაერთიანებას ვერ მოახერხებს.

„ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და თუ ოპოზიციური პარტიები „ლელოს“ მსგავსად თავიანთ კანდიდატებს წამოაყენებენ, ჯაფარიძის შანსი ნულის ტოლი იქნება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ჯაფარიძისთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევა სამართლიანი იყო.
„ამ გადაწყევტილებას ბეჭედს დაასვამს რუსთავის საზოგადოება და ეს იქნება ჯაფარიძისთვის რუსთავის მოსახლეობის საბოლოო, მათ შორის, პოლიტიკური განაჩენი“, – განაცხადა მდინარაძემ.
„ქართული ოცნება“ მაჟორიტარულ ოლქში დიდი ხანია წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს. მისი კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი თითქმის ორი კვირაა, ამომრჩევლებს ხვდება.
ყველა ახალი ამბავი
0