2,3 მლნ ლარის უკანონო ტრანზაქციები: შსს-მ თაღლითობის ფაქტზე ექვსი პირი დააკავა

© Ministry of Internal Affairs of Georgiaდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტი გახსნეს – დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების ექვსი წევრი.
გამოძიების ცნობით, 2022 წლის დასაწყისში ბრალდებულებმა, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ერთ-ერთი ფინანსური ინსტიტუტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება დაგეგმეს.
განზრახვის აღსასრულებლად ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელიც კომპანიის დირექტორია, ფინანსურ ინსტიტუტს მიმართა და პოს-ტერმინალის დადგმა მოითხოვა. მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა პოს-ტერმინალი მიიღო, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა უკანონო მანიპულაციების შედეგად მასზე გაააქტიურეს ე.წ. პრეავტორიზაციის ფუნქცია.
ბრალდებულებმა 2022 წლის 27-31 იანვრის პერიოდში უცხოეთში რეგისტრირებული ბანკის ორი საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით, რომლებზეც არ იყო შესაბამისი თანხები, პოს-ტერმინალზე განახორციელეს 16 სხვადასხვა გადახდა – საერთო ოდენობით 2.314.890 ლარი.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
პრემიერი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის გამოძიებით დაინტერესდა
უკანონო ტრანზაქციების შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დროის უმოკლეს პერიოდში განახორციელეს თანხის ნაწილის საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხვა და მათი განაღდება.
მატერიალურმა ზიანმა 975.530 ლარი შეადგინა.
პოლიციამ კომპანიის დირექტორის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 12 ვაზნა, რომელთა ტარების უფლება ბრალდებულს არ ჰქონდა. კომპანიის ოფისიდან კი ამოღებულია პოს-ტერმინალი, რომლის მეშვეობითაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დანაშაული ჩაიდინეს.
სამართალდამცველებმა დანარჩენი დაკავებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით თანხა, საბანკო პლასტიკური ბარათები, მობილური და კომპიუტერული მოწყობილობები, ასევე სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა–დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0