თელავში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
გამოწერა
ბრალდებულმა ერთ-ერთ ფერმაში მომუშავე ცოლ-ქმარი მათი კუთვნილი 20 ათასი დოლარის მისაკუთრების მიზნით მოკლა.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. თელავის რაიონის სოფელ კონდოლში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 34 წლის გიორგი გაწირიძე სამართალდამცველებმა ბათუმში დააკავეს.
მკვლელობა სოფელ კონდოლში, ერთ-ერთ ფერმაში 10 თებერვალს მოხდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლთან მდებარე ფერმაში მუშაობდა, ურთიერთშელაპარაკება მოუხდა ამავე ფერმაში დასაქმებულ ცოლ-ქმართან.
კერძოდ, ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმარს 20 ათასი დოლარი ჰქონდათ შენახული. გაწირიძე მათ ფულს სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი ორივე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. მკვლელობას შეესწრო მათი 16 წლის შვილი, რომელიც ბრალდებულმა თოკით დააბა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ბრალდებულის იდენტიფიცირება მალევე შეძლო და მას ბრალი დაუსწრებლად 12 იანვარს წარედგინა.
„ცოლ-ქმარი მოკლა, ბავშვი კი დააბა“: კახეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები – ვიდეო >>
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ორი პირის განზრახ მკვლელობა ჩადენილი ანგარებით) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთის ძალადობის გამოყენების მუქარით) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს-ს პრესსამსახური
ყველა ახალი ამბავი
0