ფერადი თავსაბურები ქალბატონებისთვის - ქართულმა ბრენდმა უცხოელების ყურადღება მიიქცია
20:37 14.02.2022 (განახლებულია: 12:15 16.03.2022)
© courtesy of Tako Cheishviliთაკო ჭეიშვილი
© courtesy of Tako Cheishvili
გამოწერა
როცა ადამიანს რაიმეში უმართლებს ხოლმე, მასზე ამბობენ, თავი ქუდში აქვსო. ხოლო თუ საქმე ისეთ ლამაზ ნახელავს ეხება, როგორიც თაკო ჭეიშვილის ფერადი ქუდი-ბერეტებია, შეიძლება ითქვას, რომ გაუმართლათ იმ ქალბატონებს, ვინც მისი შეძენა მოახერხა.
თაკო ჭეიშვილი პროფესიით ფინანსისტია. ერთ დღესაც გადაწყვიტა ბავშვობის ოცნება აესრულებინა და დიზაინერობა სცადა. მისი საქმიანობის შედეგით თუ ვიმსჯელებთ, ეს ოცნება მან აისრულა. დღეს მისი ბრენდი Anano-ს ნაწარმი ქალბატონებისთვის სასურველი აქსესუარი გახდა და მან საერთაშორისო ბაზარზეც მიიქცია ყურადღება.
© courtesy of Tako Cheishviliმოდელი თაკო ჭეიშვილის ბრენდ „ანანოს“ ნაწარმით
მოდელი თაკო ჭეიშვილის ბრენდ „ანანოს“ ნაწარმით
- ქალბატონო თაკო, დიზაინერობა თქვენი ბავშვობის ოცნება ყოფილა...
- ეს ჩემი ფერადი ოცნება იყო. დღეს Anano-ს პარალელურად ჩემი პროფესიითაც ვმუშაობ. ამ ბრენდის შექმნის იდეა დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის დროს გამიჩნდა. მაშინ საცდელად, ჩემთვის და ჩემი შვილისთვის დავამზადე რამდენიმე აქსესუარი, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. სიმართლე გითხრათ, არც მჯეროდა აქამდე თუ მოვიდოდი.
© courtesy of Tako Cheishviliთაკო ჭეიშვილის ნამუშევარი
თაკო ჭეიშვილის ნამუშევარი
- პირველად თქვენი რომელი ნაწარმით გახდა პოპულარული Anano?
- პირველად ყვავილებით გაფორმებული თმის სამაგრების გაკეთება დავიწყე. თავიდან რამდენიმე ცალი ჯერ ჩემთვის და ბავშვისთვის „აბადოკის“ სახით გავაკეთე. ამ ბრენდმაც ამით მიიქცია ყურადღება.
© courtesy of Tako Cheishviliთაკო ჭეიშვილის ნამუშევარი
თაკო ჭეიშვილის ნამუშევარი
- ფერადი ბერეტები თქვენი ბრენდის სავიზიტო ბარათია. რატომ ბერეტები, შემთხვევით ეს თქვენი საყვარელი თავსაბურავი ხომ არ იყო ბავშვობაში?
- ბავშვობაში ყველანაირ ქუდს ვაპროტესტებდი. როცა წამოვიზარდე, ქუდი არც მაშინ მიყვარდა. ასეა დღესაც, მაგრამ სხვებზე ძალიან მომწონს. ბერეტი განსაკუთრებით დახვეწილია და როდესაც ვფიქრობდი, რომელი ახალი აქსესუარი შეიძლებოდა დამემატებინა Anano-ს ნაწარმისთვის, თავში აზრად სწორედ ბერეტი მომივიდა. სხვათა შორის, ჩემი გადაწყვეტილება, ბერეტებზე მემუშავა, იმანაც გაამყარა, რომ იმ დროს ბერეტებზე არავინ მუშაობდა. ასე რომ, ასეთი ნაწარმი, გარკვეულწილად, სიახლეც იქნებოდა.
© courtesy of Tako Cheishviliმოდელი თაკო ჭეიშვილის ბრენდ „ანანოს“ ნაწარმით
მოდელი თაკო ჭეიშვილის ბრენდ „ანანოს“ ნაწარმით
- დღეს ბევრი ქმნის მსგავს ნაწარმს, კონკურენტები თუ გყავთ?
- დღეს ამ მიმართულებით ბევრი მუშაობს. ბერეტებს ყველა თავისებურად აფორმებს და ალამაზებს. Anano-ს საკუთარი ხელწერა აქვს. ეს პირველ რიგში დეკორაციის მონახაზში და იმ მასალაში აისახება, რომელსაც მათ დასამზადებლად ვიყენებ. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი მომხმარებელი მყავს, თუმცა თითოეული მათგანი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ვცდილობ ჩემს ნამუშევრებში მთელი გული და მონდომება ჩავდო, რათა იმედი და მოლოდინი არავის გავუცრუო.
© courtesy of Tako Cheishviliმოდელები თაკო ჭეიშვილის ბრენდ „ანანოს“ ნაწარმით
მოდელები თაკო ჭეიშვილის ბრენდ „ანანოს“ ნაწარმით
- თქვენი ნაწარმი ძალიან დახვეწილადაა გაფორმებული სხვადასხვა თვლებით, ტექნიკურად როგორ აფორმებთ მათ?
- დიდი მადლობა. დეკორის ფორმა დაახლოებით ერთნაირია ყველა ბერეტზე. თავიდან მგონია, რომ მონახაზი მაქვს გაკეთებული, თუმცა როდესაც ქარგვას ვიწყებ, შემდეგ სულ სხვა იდეები მიჩნდება. საბოლოოდ რაც გამომდის, წინასწარ ჩაფიქრებულს საერთოდ არ ჰგავს.
© courtesy of Tako Cheishviliთაკო ჭეიშვილის ნაწარმი
თაკო ჭეიშვილის ნაწარმი
- ვიცი, რომ უკრაინის მოდის სფეროდან გქონდათ შემოთავაზება...
- დიახ, იყო საინტერესო შემოთავაზება, რომ Anano-ს ბერეტები წარმოდგენილი ყოფილიყო შოუ-რუმში და ჩვენებაზეც გასულიყო. ასევე იყო შემოთავაზება ყაზახეთიდან და ესპანეთიდან, თუმცა პანდემიამ ყველა სფერო გააჩერა და ეს ჩვენზეც აისახა. იმედი მაქვს, მალე დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას და Anano-ს ნაწარმი საერთაშორისო ბაზარზე უფრო ცნობილი გახდება.
© courtesy of Tako Cheishviliთაკო ჭეიშვილის ნაწარმი
თაკო ჭეიშვილის ნაწარმი
- ბერეტს ნებისმიერი ასაკის ქალბატონები იყენებენ, განსხვავებულ დიზაინს ან გაფორმებას თუ ითხოვენ ისინი?
- შემიძლია ვთქვა, „ანანოს“ ბერეტები უნივერსალურია. ყოველთვის ვცდილობ ყველა გემოვნების ადამიანს მოვერგო. არის მოდელები, რომლებზეც ვფიქრობ, რომ უფრო ახალგაზრდების მოწონებას დაიმსახურებს, მაგრამ ისინი შედარებით ასაკოვან ქალბატონს შეუძენია. გააჩნია სტილს და შინაგან განწყობას. არც მე ვარ პატარა, თუმცა ფერადი აქსესუარები და ზოგადად მკვეთრი ფერები ძალიან მიყვარს. ლამაზი ფერები კარგ განწყობას მიქმნის და ეს განწყობა მინდა, რომ ყველას გადავდო.
© courtesy of Tako Cheishviliთაკო ჭეიშვილის ბრენდ „ანანოს“ ნაწარმი
თაკო ჭეიშვილის ბრენდ „ანანოს“ ნაწარმი
- ბრენდს თქვენი ქალიშვილის სახელი ჰქვია...
- დიახ. მართალია, ჩემი ქალიშვილი ანანო ახლა ოთხი წლისაა, მაგრამ „სამსახურებრივად“, შეიძლება ითქვას, ჩემი „უფროსია“. თითოეული აქსესუარი მის „მკაცრ კონტროლს“ გადის. ის ადასტურებს ხოლმე, რომ ნამუშევარი ნამდვილად ლამაზი გამოვიდა, შეფუთვაშიც მეხმარება. კარგად ესმის, რომ ყოველი ახალი შეკვეთის დროს მას უფრო მეტი ადამიანი გაიცნობს და მეტს შეუყვარდება. ამ კუთხით მეც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ამიტომ ვცდილობ არც მომხმარებელი დავაღალატო და ჩემი ნამუშევრით ქალბატონი „უფროსიც" კმაყოფილი მყავდეს.
© courtesy of Tako Cheishviliთაკო ჭეიშვილის ბრენდ „ანანოს“ ნაწარმი
თაკო ჭეიშვილის ბრენდ „ანანოს“ ნაწარმი
- სამომავლოდ განსხვავებული აქსესუარების შექმნის სურვილი თუ გაქვთ?
- რა თქმა უნდა, მაქვს და რაღაც ახლის გაკეთებას ვაპირებ. გარკვეული ჩანაფიქრი გამაჩნია და მას სამომავლოდ გაჩვენებთ. თუმცა ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყოველთვის ვცდილობ შევქმნა ის, რაც ნამდვილად „ანანოსია“, ანუ ისეთი რამ, რაც სხვას არ აქვს. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ამ ბრენდის წარმატების ფორმულა. თანაც, მინდა ყველა ქალი ჩემს ნაწარმში უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს და საკუთარი თავით კმაყოფილი იყოს...