აჭარაში ორსული და მეძუძური ქალების უმეტესობას სისხლში ტყვია აღმოაჩნდა: კვლევის შედეგები

© Pixabay / Pexels
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2022
გამოწერა
ტყვიის აღმოჩენა, თუ ის ადამიანის ორგანიზმშია, შეიძლება სისხლსა და შარდში. გარდა ამისა, ის გროვდება ადამიანის ძვლებში, თმებსა და კბილებში.
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. აჭარის რეგიონში გამოკვლეული 6 ათასი ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალიდან 3.908-ს სისხლში ტყვია გამოუვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, კვლევის შედეგად სისხლში ტყვიის ყველაზე მაღალი შემცველობა – 25 მიკროგრამი დეცილიტრზე ტყვია გამოუვლინდა 62 (3%) ბენეფიციარს. 3.908 (65,1%) ბენეფიციარს კი გამოუვლინდა სისხლში ტყვიის დონე ≥5 მკგ/დლ.

„ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრის“ ღონისძიება ითვალისწინებდა აჭარის სამედიცინო დაწესებულებებში სისხლში ტყვიის შემცველობის დონის განსაზღვრას გრაფიტული აბსორბციის ატომური სპეტრომეტრული ან/და პლაზმური მასპექტრომეტრული მეთოდით.

ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ტყვიის მინიმალური კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში დადგენილი არ არის. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, თუ ქვეყნის მცხოვრებთა ორგანიზმში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5-დან 10 მკგ-ს დეცილიტრზე, საჭიროა სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიის ჩატარება.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის მიხედვით, ორსულობის დროს სისხლში ტყვიამ შეიძლება გამოიწვიოს: გესტაციური ჰიპერტენზია, პრეეკლამფსია, სპონტანური აბორტი, ნაადრევი მშობიარობა, მცირე მასის ახალშობილით მშობიარობა, ნაყოფის ნერვული მილის დეფექტი.
წყარო: აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
ყველა ახალი ამბავი
0