ქართველი დეპუტატი: საქართველო–რუსეთის პირდაპირ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმტკვრის მარცხენა სანაპირო
მტკვრის მარცხენა სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2022
გამოწერა
მოქმედ ხელისუფლებას შეუძლია დაიცვას ქვეყნის ინტერესები ყველა დონეზე და ყველანაირ ფორმატში, აცხადებს ფრიდონ ინჯია.
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან, ნათქვამია პარლამენტის დეპუტატის, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას განცხადებაში.
საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. დიალოგი ქვეყნებს შორის მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების მეშვეობით მიმდინარეობს.

„გლობალური უსაფრთხოების სისტემის ახალი რეალობიდან გამომდინარე, რომელიც ყოველწუთიერად იცვლება, საქართველოს ეძლევა უნიკალური შანსი, დაიცვას თავისი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები, იმ გამოწვევებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე, რაც ქვეყნის წინაშე დგას ბოლო 30 წლის განმავლობაში. მხედველობაში გვაქვს ის, რომ ხელისუფლებამ შუამავლის გარეშე იმოქმედოს პირდაპირი დიალოგის ფორმატში, რასაც დღეს ალტერნატივა არ აქვს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ჩვენზე უკეთესად ვერავინ დაიცავს, ნათქვამია ინჯიას განცხადებაში. ამასთან პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ მიუძღვის არანაირი ბრალი იმ რთული პოლიტიკური ვითარების შექმნაში, რომელიც საქართველოს თავს დაატყდა 21-ე საუკუნეში.
„ასევე მიგვაჩნია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ძალუძს დაიცვას ქვეყნის ინტერესები ყველა დონეზე და ყველანაირ ფორმატში... ამ უნიკალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს მომავალში შეიძლება არ მიეცეს, და ამ შანსის არგამოყენება ჩვენი ქვეყნისთვის იქნება გამოუსწორებელი შეცდომა, ღალატის ტოლფასი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რათა პირადად მან, შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, დაიწყოს პირდაპირი დიალოგი მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთის ფედერაციასთან, როგორც ამას ახორციელებენ მსოფლიოსა და ევროპის მთელი რიგი ქვეყნების ლიდერები.
რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოს საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გამოუგზავნა >>
„ვფიქრობთ, რომ ქვეყნის ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი თავისი დიპლომატიური ქმედებით, რაც მათ გამოიჩინეს აზერბაიჯანი–სომხეთის კონფლიქტის დროს და ჩვეული პრინციპულობით, პირდაპირი დიალოგის გზით შეძლებს ამ ურთულესი და უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტის ოპტიმალური გზების მოძიებას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„ევროპელი სოციალისტები“ ასევე იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ მთავრობას და პრემიერ-მინისტრს „ქვეყნისთვის ამ სასიცოცხლო მისიის“ განხორციელებაში.
„დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მოსახლეობა ამას მიესალმება“, – ნათქვამია ფრიდონ ინჯიას განცხადებაში.
დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ ქართულმა მხარემ გაწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0