კალაძე: გაყიდული 40 ათასი სამგზავრო აბონემენტის უმეტესობა ერთთვიანი და ერთწლიანია

© Sputnik / STRINGERკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2022
გამოწერა
ახალი სამგზავრო ბარათები პერსონალიზებული არ არის და მისი გამოყენება მთელ ოჯახს შეუძლია.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ამ დროისათვის თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის 40 ათასი აბონემენტია გაყიდული, რომელთა დიდი ნაწილი ერთთვიანი და ერთწლიანია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
1 თებერვლიდან თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრობის საფასურის გადახდის სააბონემენტო სისტემაზე გადავიდა. კერძოდ, ავტობუსით, მიკროავტობუსით, „უნივერსიტეტი-ბაგების“ საბაგირო გზით და მეტროთი მგზავრობის საფასურის გადახდა ახალი სისტემით ხდება.
როგორც კალაძემ განაცხადა, სააბონემენტო სისტემის პარალელურად თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ, კვლავ ისარგებლონ „მეტრომანით“, რომელიც მგზავრობის საფასურის ერთჯერადი გადახდის საშუალებად იქნება გამოყენებული.

„საჭიროებიდან გამომდინარე, მოქალაქეებს შეუძლიათ შეიძინონ სხვადასხვა ტიპის პაკეტები. ძალაში დავტოვეთ „მეტრომანიც“, რომლის ერთჯერადად გამოყენება შეუძლია პირს მგზავრობისას. ინტეგრირებულ ტარიფში ასევე გავაერთიანეთ მიკროავტობუსიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ტარიფს, დედაქალაქის მერის თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდილი მთლიანი საფასურის და მგზავრობის რაოდენობის შეფარდების მიხედვით, ერთი მგზავრობის ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 32 თეთრი გამოდის.
1 თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობის ფასი გაორმაგდა და 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი გახდა. ამასთან, მგზავრს 90 წუთის განმავლობაში 1 ლარად რამდენიმე სახის ტრანსპორტის გამოცვლა შეუძლია, ისევე, როგორც ადრე.
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
აიღეთ კრედიტი – კალაძის რჩევა მგზავრობის აბონემენტის შეძენასთან დაკავშირებით
თბილისელები ადრეც იყენებდნენ გადახდის სისტემას, რომლის დროსაც მეტროთი, ავტობუსით თუ მიკროავტობუსით მგზავრობის საფასურის გადახდა ხორციელდებოდა მხოლოდ ერთხელ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრობებს შორის ინტერვალი არ აღემატებოდა 90 წუთს, და ამ შემთხვევაში მგზავრობის საფასური 50 თეთრი იყო.
თბილისში მოქმედი სამგზავრო აბონემენტების საფასური შემდეგია: 1 დღე – 3 ლარი, ერთი კვირა – 20 ლარი, ერთი თვე – 40 ლარი, სამი თვე – 100 ლარი, ექვსი თვე – 150 ლარი, ერთი წელი – 250 ლარი.
აღსანიშნავია, რომ უფასო და შეღავათიანი ტარიფებით მოსარგებლე მოქალაქეებზე მგზავრობის შეცვლილი ტარიფები არ ვრცელდება.
აბონემენტის გამოყენებისას ორ გადახდას შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 15 წუთზე ნაკლები, ხოლო ბარათი ყოველი მომდევნო მგზავრობის დასაწყისში უნდა დაფიქსირდეს. აბონემენტები პერსონალიზებული არ იქნება და მის გამოყენებას მთელი ოჯახი შეძლებს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის სამგზავრო აბონემენტების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც მეტროს სადგურების სალაროებში, ისე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალებში.
წყარო: თბილისის მერია
ყველა ახალი ამბავი
0