ენერგოომბუდსმენი: აბონენტებს მოხმარებული დენის ზედმეტად დარიცხული საფასური დაუბრუნდებათ

© Sputnik / Goga Vardzieliელექტრიკოსები
ელექტრიკოსები - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2022
გამოწერა
სემეკის სპეციალური ჯგუფი დღეიდან ადგილზე შეისწავლის შპს „თელმიკოს“ ბილინგისა და სს „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს.
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. ყველა თეთრი, რომელიც აბონენტებმა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურად ზედმეტად გადაიხადეს, უკლებლივ დაბრუნდება მათ ბალანსზე, განაცხადა ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) დღეიდან ენერგოგამანაწილებელი და ენერგომიმწოდებელი კომპანიების „თელასისა“ და „თელმიკოს“ შემოწმებას იწყებს. სემეკის გადაწყვეტილება განპირობებულია მოქალაქეთა საჩივრებით, რომლებიც შეეხება დეკემბერსა და იანვარში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ზედმეტ დარიცხვებს.

„ვინაიდან ამ ორი კომპანიის მისამართით მოსახლეობის პრეტენზია გამეორდა, მარეგულირებელთან ერთად გადავწყვიტეთ ჩატარდეს ყოველმხრივი, გენერალური შემოწმება. ეს იქნება არა მხოლოდ დოკუმენტების გაცვლა და მათი შესწავლა, არამედ მთლიანად ტექნიკური ციკლის შესწავლა“, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

მისი თქმით, შემოწმების შედეგად დადგინდება – რა რაოდენობის ადამიანური რესურსით და რა მეთოდით იწარმოება აღრიცხვა; აქვთ თუ არა თანამშრომლებს შესაძლებლობა, მრიცხველიდან ამოწერილი ჩვენებები მაშინვე ასახონ პლანშეტებში; როდის ხდება გადაგზავნა; რამდენი წუთით გვიანდება ეს პროცესი და ა.შ.
როგორც ვარდიაშვილმა აღნიშნა, „თელასიც“ და „თელმიკოც“ ლიცენზირებული კომპანიებია, შესაბამისად, მათ მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ისინი ჯერ ისჯებიან ფინანსური სასჯელით, გამეორების შემთხვევაში – ისევ ფინანსური სანქციით, ხოლო შემდგომში – ლიცენზიის ჩამორთმევით.
როგორც მარეგულირებლის გვერდზეა ნათქვამი, სემეკის სპეციალური ჯგუფი ადგილზე შეისწავლის შპს „თელმიკოს“ ბილინგისა და სს „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს.
კომისიის სპეციალური ჯგუფის მიერ შემოწმდება შპს „თელმიკოსა“ და სს „თელასის“ მიერ 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში მომხმარებლებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და საფასურის დარიცხვის შესაბამისობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონთან და სემეკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან.
კერძოდ, შპს „თელმიკოსთან" მიმართებით ჯგუფი შეისწავლის მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების საფასურის მიმწოდებლის აღრიცხვის მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახვის (ბილინგი), სს „თელასისგან“ აღრიცხვის მონაცემების მიღების, დარიცხული მომსახურების საფასურის კორექტირების, ქვითრის შესწორების მექანიზმების გამართულ მუშაობას.
თელასი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2022
სემეკის სპეციალური სამუშაო ჯგუფი „თელმიკოსა“ და „თელასს“ შეამოწმებს
რაც შეეხება სს „თელასს“, ადგილზე შემოწმდება აღრიცხვის მონაცემების ფორმირების, ვალიდაციის, აღრიცხვის მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახვის, აგრეთვე „თელმიკოსთვის“ აღრიცხვის მონაცემების გადაგზავნის მექანიზმისა და აღრიცხვის სისტემების გამართულობა, ელექტროენერგიის მრიცხველების წამკითხველების საქმიანობის განრიგი, აღრიცხვის მონაცემების აღების პროცესის ორგანიზებასა და წარმართვასთან დაკავშირებული საკითხები, საანგარიშსწორებო მრიცხველების შესაბამისი თვის ბოლო ოთხ კალენდარულ დღეში წაკითხვის ვალდებულებასთან კომპანიის ფიზიკური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების შესაბამისობა.
„თელმიკოსა“ და „თელასის“ მხრიდან დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხები უკან დაუბრუნდებათ.
სემეკი კომპანიების შემოწმებას 3 მარტამდე დაასრულებს.
წყარო: ტელეკომპანია იმედი
ყველა ახალი ამბავი
0