ხუთი შვილის დედა, ბინის ფერადი ნომრები ანუ „აუცილებლად გამონახეთ დრო საყვარელი საქმისთვის“
22:45 04.02.2022 (განახლებულია: 12:09 16.03.2022)
© courtesy of Natalia Mindiashviliნატალია მინდიაშვილი
© courtesy of Natalia Mindiashvili
გამოწერა
ნატალია მინდიაშვილი ხუთი შვილის დედაა. მთელი მისი ცხოვრების მომაძრავებელი ძალა ოპტიმიზმი და ხელოვნების სიყვარულია.
ხელოვანების ოჯახში გაიზარდა და თეატრზე ოცნებობდა. სამხატვრო აკადემიაში ტექსტილის დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა. სწავლის პერიოდში ექსპერიმენტები ხიბლავდა, რაც მომავალში მის ცხოვრებაზეც აისახა. ერთი პერიოდი რუსთაველის თეატრში რეკვიზიტორი იყო და ბუმბერაზ მსახიობებთან მუშაობის ბედნიერება ჰქონდა. რამდენჯერმე მათი სცენური კოსტიუმების სრულყოფაშიც მიიღო მონაწილეობა.
როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ გამართულ ბევრ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. გალერეა „თაგის არტში“ მისი ორი პერსონალური გამოფენა გაიმართა. დღეს მეგობართან ერთად დაარსებულ სახელოსნოში „დეკ.არტი" ახალ და საინტერესო ნაწარმს მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს. მისი შემოქმდებითი აქტიურობა პანდემიის დროსაც არ შეჩერებულა და ამ საქმეში ოჯახის წევრებიც ჩართო. მოკლედ, ყველა მხრივ მისაბაძი ქალბატონია...
© courtesy of Natalia Mindiashviliნატალია მინდიაშვილი
ნატალია მინდიაშვილი
- ქალბატონო ნატალია, სამომავლოდ არჩეულ პროფესიას ხშირად ბავშვობაში ჩასახული გატაცება უდევს ხოლმე საფუძვლად, თქვენ შემთხვევაშიც ასე იყო?
- ხელოვანების ოჯახში გავიზარდე. დედა და მამა მსახიობები იყვნენ, ბაბუა ანზორ ქუთათელაძე რეჟისორი იყო, ბიძა არჩილ მინდიაშვილი – არქიტექტორი, სამების საკათედრო ტაძარის ხუროთმოძღვარი. მთელი ბავშვობა არაჩვეულებრივ გარემოში მიწევდა ყოფნა. ფაქტობრივად თეატრში ვიზრდებოდი, მშობლებთან ერთად გასტროლებზეც დავდიოდი. დედა ძალიან კარგად ხატავდა და თან ხელსაქმით იყო გატაცებული. ბინის კედლებიც კი მოგვიხატა. მეც სულ რაღაცას ვიგონებდი, ხან ძველ ფირფიტებზე ვხატავდი, ხან დიდი ქვები მომქონდა სახლში და ვაფერადებდი. ჩემი ოცნება მაინც თეატრი იყო. გადამწყვეტი როლი პროფესიის არჩევაში სკოლამ ითამაშა. მეცხრე კლასში სკოლაში დიფერენცირებული სწავლება შემოიტანეს, კლასები სხვადასხვა მიმართულებით დაიყო. მე ხელოვნების კლასი ავირჩიე და იქიდან მოყოლებული უკვე სერიოზულად მივუდექი ხატვა-ფერწერას, თუმცა გამოყენებითი ხელოვნება უფრო მიზიდავდა და სწორედ ამ განხრით გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა.
© courtesy of Natalia Mindiashviliნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
ნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
- სამხატვრო აკადემია ტექსტილის დიზაინის განხრით დაამთავრეთ, რა მოგცათ აკადემიაში სწავლის წლებმა?
- არაჩვეულებრივი პედაგოგები გვყავდა – გივი ყანდარელი, თამაზ ნუცუბიძე, თინა კლდიაშვილი, მედეა ჩიხლაძე, ეკა აბულაძე. ჩვენი ჯგუფი იყო პირველი, რომელმაც მოცულობით ტექსტილზე იმუშავა. ძალიან მოგვწონდა ექსპერიმენტები. ნამდვილი სახელოსნო გვქონდა მოწყობილი და იქ ძალიან, ძალიან ბევრს ვმუშაობდით. დრო ისე გარბოდა, რომ ვერც ვამჩნევდით როგორ გვაღამდებოდა. ჩაბნელებულ აკადემიაში მხოლოდ ჩვენი ჯგუფი იყო. ზოგი გობელენს ქსოვდა, ზოგი ბატიკაზე ვმუშაობდით, ზოგიც მოცულობით ტექსტილზე. უამრავ გამოფენაში ვიღებდით მონაწილეობას. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი სტუდენტობის წლები გვქონდა.
© courtesy of Natalia Mindiashviliნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
ნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
- თეატრთან დაკავშირებული ოცნებაც აისრულეთ, რადგან აკადემიაში სწავლის დროს რუსთაველის თეატრში რეკვიზიტორად მუშაობდით…
- ეს იყო საოცარი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ბუმბერაზ მსახიობებთან მქონდა ურთიერთობა. თან ძალიან ნაცნობი და საყვარელი გარემო იყო ჩემთვის. საშუალო თაობა დედას და მამას მეგობრები იყვნენ, უფროსი თაობა – ბაბუის. ფაქტობრივად ჩემს ოჯახში ვიყავი. იმ დროს რეპერტუარში ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი სპექტაკლები იყო: „ლამარა“, „მაკბეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“, „ჰამლეტი“,“ კაცია-ადამიანი?!“ მცირე სცენაზე – „ბერნარდა ალბას სახლი“, „მარიამ სტიუარტი“... რომელი ერთი ჩამოვთვალო. ეგ კი არა, „კავკასიური ცარცის წრეც“ითამაშეს. აი, ეს იყო ნამდვილი დღესასწაული!
© courtesy of Natalia Mindiashviliნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
ნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
- ამ სპექტაკლების რეჟისორებთან ურთიერთობის ბედნიერებაც გექონდათ...
- დიახ, ასე იყო. ერთი სიამოვნება იყო ბატონი რობერტის რეპეტიციების ყურება. მხატვრების სახელოსნოში ხომ სასწაული ხდებოდა. მე წილად მხვდა ბედნიერება, რომ მირიან შველიძის, გოგი ალექსი-მესხიშვილისა და თემო ნინუას მუშაობის პროცესისთვის მედევნებინა თვალი. თან დროს არ ვკარგავდი და ჩემს ოთახშიც სულ რაღაცას ვაკეთებდი. ჩემი უფროსი თეა მარგველაშვილი ძალიან მიწყობდა ხელს. სპექტაკლებში „ქალი-გველი“ და „მეთორმეტე ღამე“ თავსაფრები მოვხატე. „ჰამლეტში“ თემიკო ჭიჭინაძის გმირისთვის ჰორაციოსთვის აქსესუარები გავაკეთე. თეატრში მუშაობის პერიოდი ყველაზე საინტერესო და თავგადასვლებით აღსავსე წლები იყო ჩემს ცხოვრებაში.
© courtesy of Natalia Mindiashviliნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
ნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
- საპროდიუსერო კომპანიაში როდის დაიწყეთ მუშაობა?
- საპროდიუსერო კომპანია „თაგის არტში“ მუშაობა თეატრის პარალელურად დავიწყე. საბედნიეროდ, იქ დღემდე ვმუშაობთ დიდ პროექტებზე. ჩვენი კომპანიის მიერ არაერთი საინტერესო პროექტია განხორციელებული როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მუსიკოსების მონაწილეობით. ზოგიერთს გავიხსენებ: ცეზარია ევორას გასტროლი თბილისში, ხოაკინ კორტესი, რიშარ გალიანო, არგენტინული ტანგო TANGO FIVE, „გოტან პროჯექტი“, ბორის ეიფმანის ბალეტი თბილისში და კიდევ უამრავი სხვა…
© courtesy of Natalia Mindiashviliნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
ნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
- აკადემიის დამთავრების შემდეგ ორ მეგობართან ერთად დააარსეთ სახელოსნო „დეკ.არტი", რას სთავაზობთ მომხმარებელს?
- დიახ, ჩემს ორ მეგობართან ნანუკა გიორგობიანთან და ნინო იაგორაშვილთან ერთად პატარა სახელოსნო შევქმენით. რადგან ძირითადად გამოყენებით, დეკორატიულ ნივთებზე ვმუშაობდით, სახელიც შესაბამისი შევურჩიეთ – დეკორატიული არტი, შემოკლებით „დეკ.არტი“. თავიდან ჩვენთვის ვმუშაობდით და გამოფენისთვის ვემზადებოდით. შემდეგ ერთმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა ჩვენი ნამუშევრები ნახა და შემოგვთავაზა მისი კომპანიისთვის ხელნაკეთი ნივთები დაგვემზადებინა. ეს იყო პირველი დიდი გამოწვევა ჩვენი პატარა სახელოსნოსთვის. ერთ შეკვეთას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და მას შემდეგ არ გავჩერებულვართ. ამ ეტაპზე ახალ გამოწვევას შევეჭიდეთ, რაც ჯერჯერობით საიდუმლოა. იმედია, ჩვენს ჩანაფიქრს გაზაფხულზე ფრთებს შევასხამთ და მას ჩვენს საყვარელ და ერთგულ მომხმარებელს წარვუდგენთ. ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ თანამედროვეობას და მათ ყოველწლიურად საინტერესო ნამუშევრები შევთავაზოთ. დღეს ვმუშაობთ სხვადასხვა მასალაში, ესენი ძირითადად ხელით მოხატული ხის აქსესუარებია სხვადასხვა დანიშნულებისათვის, ასევე ნივთები ინტერიერისთვის.
© courtesy of Natalia Mindiashviliნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
ნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
- ამ პერიოდშივე დაიწყეთ საინტერესო საქმე, სახელად „ნომერი“?
- ეს იდეა დაახლოებით 5-6 წელია მაქვს. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, როცა ჩვენი ახალი ბინისთვის ნომერი თავად შევქმენი. ჩემი მეუღლე ირაკლი ბოჭორიშვილი მხატვარია, ამჟამად ფეხსაცმლის დიზაინერია. სწორედ მან შემომთავაზა მომეფიქრებინა რაიმე ორიგინალური ჩვენი ბინისთვის, რადგან რეალურად ვერაფერი ვნახეთ ისეთი, რაც მოგვეწონებოდა. ასე რომ, პირველი ხელნაკეთი ნომერი საკუთარი ბინისთვის შევქმენი. მერე, როგორც ხდება ხოლმე, ახლობლებს და მეგობრებსაც მოუნდათ. ამ საქმეს სერიოზული სახე უკვე 2020-ში მივეცი, როცა პანდემიის გამო პირველად ჩავიკეტეთ. სახელიც მარტივად შევარჩიეთ „ნომერი“. რატომღაც დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს წამოწყება გაამართლებდა.
© courtesy of Natalia Mindiashviliნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
ნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
- გაამართლა კიდეც, რადგან ვიცი, რომ თქვენს ნახელავს ბევრი მსურველი გამოუჩნდა, თანაც მასში მთელი ოჯახი ჩაერთო...
- როცა ფეისბუქზე გვერდი გავაკეთე, გულის კანკალით ველოდი პირველ შეკვეთას, რომელმაც არ დააყოვნა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, ჩემი გაკეთებული სახლის ნომერი უკვე უცხო ადამიანს ჰქონდა. ირაკლის დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდებოდი, ყველანაირად ხელს მიწყობდა, რომ ჩემი საქმე მეკეთებინა. ჩემდა გასახარად, მთელი ოჯახი ჩაერთო ამ ამბავში: უფროსმა შვილმა ლოგო ამიწყო, მომდევნო დამუშავებაში მეხმარებოდა, დანარჩენები – წვრილმან საქმეებში. მონაწილეობა მივიღე „თიბისი ბანკისა“ და ხელოვნების სასახლის პროექტში „ქართული ქსოვილის ახალი სიცოცხლე“. ჩემს ნომრებზე გადავიტანე უნიკალური ქართული ქსოვილები, რომელიც ამ პროექტის დახმარებით აღადგინეს. წელს კიდევ ერთი სასიხარულო ამბავიც მოხდა: „ნომერი“ ჟურნალ „ანტერპრენერის“ მიერ დასახელებულ ტოპ-ათეულში აღმოჩნდა. ეს იყო ერთგვარი გამოკვლევა თემაზე „ვინ დაიწყო ბიზნესი პანდემიის დროს“.
© courtesy of Natalia Mindiashviliნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
ნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
- ამის გარდა კერძო სკოლაში „ქართული სასწავლებელი" ხელოვნების წრეს ხელმძღვანელობთ, როდის აღმოჩნდით ამ სკოლაში?
- პირველად აქ, მგონი, ოცი წლის წინ მივედი. იყო პერიოდი, როცა რიგი მიზეზების გამო ვეღარ ვმუშაობდი. ახლა, პანდემიიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, გაკვეთილები აღარ გვაქვს, მაგრამ იმედია, მალე ისევ შევხვდები ჩემს საყვარელ მოსწავლეებს. ძირითადად გამოყენებით ხელოვნებას და სხვადასხვა მასალაში მუშაობას ვასწავლი. ერთი სიამოვნებაა მათი ფუსფუსის ყურება, ვხედავ როგორ უხარიათ ხოლმე, როცა ვაქებ, ასეთ დროს ბედნიერ თვალებს შემოგაფეთებენ. სწავლის თეორიული მხარე არ მეხება, თუმცა ბავშვებს პატარ-პატარა ისტორიებს ყოველთვის ვუყვები ამა თუ იმ მხატვარზე. დღეს „ქართული სასწავლებლის“ გარეშე ჩემი თავი ვეღარ წარმომიდგენია,
© courtesy of Natalia Mindiashviliნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
ნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
- ანუ თქვენ იცით, როგორ შევაყვაროთ გაჯეტების თაობის ბავშვებს ხელოვნება?
- ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ბავშვებს ძალიან უყვართ მასალასთან ურთიერთობა, მათთვის ზოგჯერ იმის უფლებაც კი მიმიცია, რომ საღებავებში ამოთხვრილიყვნენ. უფროსებს რჩევას ვაძლევ: მიეცით მათ თავისუფლება, არაფერი დააძალოთ. ატარეთ ისინი მუზეუმებში, თეატრებში, გამოფენებზე. მე კიდევ ერთ, არაჩვეულებრივ ბავშვთა ხელოვნების სახლში „დეფანი კიდარში“ ვმუშაობდი. იქაც საოცარი გარემო იყო ბავშვებისთვის შექმნილი.
- როგორ გეხმარებათ ხუთი შვილის დედას ხელოვნება, რათა ყოფითმა პრობლემებმა არ გადაწონოს ლამაზი მომენტები?
- მე ყოველთვის ვცდილობ, რომ დღის რომელიმე მონაკვეთში აუცილებლად ვიმუშაო. შვილები უკვე დიდები არიან: ელენემ სამხატვრო აკადემიის ჩემი ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა პროფილი შეიცვალა და „ჯიპაში“ გრაფიკული დიზაინი შეისწავლა, რასაც წარმატებით მიჰყო ხელი. ახლა უსაყვარლესი პატარა ლიტა ჰყავს, მაგრამ მაინც ცდილობს, რომ დისტანციურად იმუშაოს. ბარბარე მომავალ წელს ამთავრებს სკოლას, მღერის, ხატავს, უკრავს. ბებოსავით მასაც მსახიობობა უნდა. გიორგი კარგად უკრავს და ხატავს, თან მეგობართან ერთად ქველმოქმედებითაა დაკავებული. ვახტანგი ჩოგბურთელია და, იმედია, მომავალში გვასახელებს. ალექსანდრე ხელმარჯვე ოსტატია, პატარა გამომგონებელი. ბავშვები ყველაფერში ძალიან მეხმარებიან. მშობლებისადმი ჩემი რჩევა ასეთი იქნება: აუცილებლად გამონახეთ დრო საყვარელი საქმის საკეთებლად, თუ მოინდომებთ, ამას ნამდვილად შეძლებთ. ამ საქმეში ჩართეთ თქვენი შვილებიც, დაავალეთ მათ თუნდაც წვრილმანი საქმეები და ერთად კიდევ უფრო გაახალისებთ მუშაობის პროცესს. უფლის იმედი არ უნდა დავკარგოთ. მეტი პოზიტივი, სიყვარული და რწმენა გვქონდეს იმისა, რომ ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად იქნება! რაც მთავარია, გვიყვარდეს ერთმანეთი!..