„ყველას გაფრთხილებთ!“ – კახა კალაძე ქრთამის აღებისთვის დაკავებულ მერიის თანამშრომლებზე

© Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2022
გამოწერა
კალაძემ კორუფციის საკითხზე დედაქალაქის მთავრობის გუშინდელ სხდომაზეც ისაუბრა და მერიის თანამშრომლები მკაცრად გააფრთხილა.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ჩვენ არასდროს დავუშვებთ რაიმე კორუფციულ ფაქტებს, არავის არ ეპატიება უკანონობა და გადაცდომა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქრთამის აღებისთვის დაკავებულ მერიის მაღალჩინოსნებზე საუბრისას.
გუშინ სამართალდამცველებმა ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულების სანაცვლოდ სხვადასხვა პირისგან ქრთამის სახით იღებდნენ ფულად თანხას და შემდეგ ინაწილებდნენ. დაკავებულები ბრალის წარდგენის მოლოდინში არიან.
„გამოძიება მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავის არ ეპატიება უკანონობა და გადაცდომა. ყოველთვის ჰქონდა რეაგირება შესაბამის სამსახურებს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ყველასთან და არასდროს არ დავუშვებთ რაიმე კორუფციულ ფაქტებს. ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძემ მერიის თანამშრომლები მკაცრად გააფრთხილა.

„მინდა გაგაფრთხილოთ ყველა – დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურების უფროსების, გამგებლების, სსიპ-ების, ა(ა)იპ-ების, შპს-ების ხელმძღვანელებით, ძალიან კრიტიკული ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია არ იყოს დაშვებული. ვინმემ არ იფიქროს, რაღაცას არასწორად გავაკეთებ და ვერავინ გაიგებსო. ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავთ“, – მიმართა კალაძემ თავის თანამშრომლებს.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, დაცვის მხარისთვის ამ დრომდე საქმის მასალები არ გადაუციათ, ხოლო მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.

„ბრალდებულისთვის, რომელსაც მე ვიცავ, უცნობია, თუ რა დანაშაულის გამო მოხდა მისი დაკავება. მას არანაირი კანონდარღვევა არ ჩაუდენია“, – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

სუსში გამოკითხვები ამ დრომდე გრძელდება. დაკავებულების ნაწილმა სუსის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მათ არ შეუძლიათ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხონ.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
ყველა ახალი ამბავი
0