შუალედური არჩევნები: ცესკო პოლიტიკური პარტიებისთვის განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Stringerცესკოს შენობა
ცესკოს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2022
გამოწერა
პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების შუალედური არჩევნები საქართველოში 2 აპრილს გაიმართება.
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) შუალედური არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების და საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
2 აპრილს რუსთავის ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, სადაც ამომრჩეველი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები ჩატარდება.
პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ვადები შემდეგია:
- პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა, რომელიც ცესკოში რეგისტრირებული იყო ბოლო, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას, აგრეთვე პარტიამ, რომელსაც შუალედური არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს მისი წარდგენით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით ცესკოს 2022 წლის 4 თებერვლის ჩათვლით უნდა მიმართოს.
- პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ პირობას, მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადება ცესკოს ასევე 2022 წლის 4 თებერვლის ჩათვლით უნდა წარუდგინოს. განცხადების მიღებისთანავე პარტიას გადაეცემა პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუში, რის შემდეგაც პარტია ვალდებულია 11 თებერვლის ჩათვლით ცესკოს წარუდგინოს პარტიის მხარდამჭერი, სულ ცოტა, 25 ათასი ამომრჩევლის სია.
შუალედური არჩევნები საქართველოში: „ქართულმა ოცნებამ“ თავისი კანდიდატები დაასახელა>>>
- პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 2022 წლის 4 თებერვლის ჩათვლით, რის შემდეგაც 10 დღის ვადაში არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად, 1.405 (მინიმალური ოდენობა) მხარდამჭერის ხელმოწერა უნდა წარმოადგინოს.
რაც შეეხება საკრებულოს შუალედურ არჩევნებში პარტიების რეგისტრაციის ვადებს:
- პარტიამ, რომელიც ცესკოში რეგისტრირებული იყო ბოლო, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას, აგრეთვე პარტიამ, რომელსაც შუალედური არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და პარტიამ, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნებში მონაწილეობისთვის, მიმდინარე წლის 14 თებერვლის ჩათვლით უნდა მიმართოს ცესკოს განცხადებით.
- პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ პირობას, 14 თებერვლის ჩათვლით განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს. პარტია ვალდებულია 21 თებერვლის ჩათვლით ცესკოს წარუდგინოს საკრებულოს შუალედურ არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი, სულ ცოტა, 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა.
- საინიციატივო ჯგუფმა კი საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 2022 წლის 14 თებერვლის ჩათვლით; საინიციატივო ჯგუფს ევალება 202 (მინიმალური ოდენობა) მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენა.
შუალედური არჩევნები საქართველოში: თარიღი დადგენილია>>>
შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
რუსთავის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2020 წელს არჩეულმა ნინო ლაცაბიძემ გასული წლის შემოდგომაზე ქალაქ რუსთავის მერის პოსტი დაიკავა.
რაც შეეხება ბათუმის საკრებულოს დეპუტატის მაჟორიტარულ არჩევნებს, ის შემოდგომაზე არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო დაინიშნა.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატები გუშინ წარადგინა. პარტიამ პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა იურისტი ირაკლი შატაკიშვილი, ხოლო ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად – საჯარო მოხელე რამაზ ჯინჭარაძე.
წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია
ყველა ახალი ამბავი
0