შუალედური არჩევნები საქართველოში: „ქართულმა ოცნებამ“ თავისი კანდიდატები დაასახელა

© photo: Sputnik / Stringerბიულეტენები ურნაში
ბიულეტენები ურნაში - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2022
გამოწერა
პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შუალედური არჩევნები საქართველოში 2 აპრილს გაიმართება.
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატები ერთ-ერთმა პირველმა წარმოადგინა.
სამშაბათს ცესკომ განაცხადა რუსთავი–გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნების და ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა იურისტი ირაკლი შატაკიშვილი, ხოლო ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად – საჯარო მოხელე რამაზ ჯინჭარაძე.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ორივე არჩევნების მოგება. რუსთავი–გარდაბნის ოლქში არჩევნების მოგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს. რაც შეეხება ბათუმის არჩევნებს, მასზე დამოკიდებულია ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება“, – განაცხადა კობახიძემ.

ორივე არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყება 3 თებერვალს და 3 მარტს დასრულდება. პარტიების კანდიდატების სრული სია 8 მარტს გახდება ცნობილი.
რუსთავის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2020 წელს არჩეულმა ნინო ლაცაბიძემ გასული წლის შემოდგომაზე ქალაქ რუსთავის მერის პოსტი დაიკავა.
რაც შეეხება ბათუმის საკრებულოს დეპუტატის მაჟორიტარულ არჩევნებს, ის შემოდგომაზე არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო დაინიშნა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით – მაჟორიტარული და პროპორციული (პარტიული სიების მიხედვით) ჩატარდა. თუ პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატი პარლამენტს დატოვებს, მის ადგილს პარტიული სიით მომდევნო წევრი იკავებს. მაჟორიტარი დეპუტატის შეცვლა კი მხოლოდ ახალი არჩევნებით არის შესაძლებელი.
ყველა ახალი ამბავი
0