კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ვენახების კადასტრზე მუშაობა დასრულდა

© photo: Sputnik / Stringerვენახი
ვენახი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2022
გამოწერა
ვენახების კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრიაა განვითარებული.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წელს ვენახების კადასტრის პროგრამა კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში დაასრულა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. შედეგად – კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში შეკრებილია ინფორმაცია 42.966 ჰა ვენახის, 35.336 მევენახის და 113.093 ნაკვეთის შესახებ.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ვენახების კადასტრი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

„ამავე დროს, ვენახების კადასტრი უზრუნველყოფს რთველის ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარების პროცესს. ვენახების კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრიაა განვითარებული. საქართველო, ვენახების კადასტრის შექმნით მნიშვნელოვან ევროპულ გამოცდილებას ნერგავს", – აღნიშნეს უწყებაში.

2021 წელს კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ვენახების 26 ათასი ჰა ფართობები აღიწერა. რთველი 2021-ის ფარგლებში ორივე რეგიონის ყველა მევენახემ (ჯამში 23 ათასმა), ყურძენი საწარმოებს ვენახების კადასტრის ამონაწერით ჩააბარა.
2022 წელს ვენახების კადასტრის პროგრამა ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში განხორციელდება და უახლოეს მომავალში საქართველოს მევენახეობის ყველა რეგიონს მოიცავს.
ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის ინდენტიფიკაციის და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვებით – ვენახის მდებარეობა, ვაზის ჯიშები, დარგვის თარიღი, ვენახის მდგომარეობა და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0