ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი არ შეცვალა

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2022
გამოწერა
მონეტარული პოლიტიკა მკაცრი იქნება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 2 თებერვალს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10,5 პროცენტს შეადგენს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მარეგულირებელმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2020 წლის აპრილიდან დაიწყო. ამას წინ უძღოდა გრძელვადიანი გამკაცრების პერიოდი, რომელიც მარეგულირებელმა 2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო.
იმ წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. 2021 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე კი განაკვეთი 8%-დან 10.5%-მდე გაიზარდა.
საქართველოში ინფლაციის მიზეზები ეკონომიკის მინისტრმა განმარტა>>
მარეგულირებლის ინფორმაციით, დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 13,9 პროცენტამდე გაიზარდა.
ეროვნული ბანკის არსებული პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივ კლებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.

„კვლავ აქტუალურია, რომ მიწოდების მძლავრი შოკების პირობებში ინფლაციის ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნებამ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები არ გაზარდოს. ამასთან, იკვეთება რისკები როგორც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე გლობალური ფინანსური პირობების მოსალოდნელზე სწრაფი გამკაცრების კუთხით. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ დონეზე დატოვა", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მკაცრი მონეტარული პოლიტიკა დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება, აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 30 მარტს ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0