საქართველოში ინფლაციის მიზეზები ეკონომიკის მინისტრმა განმარტა

© Sputnik / Alexander Imedashviliპროდუქტების მაღაზია
პროდუქტების მაღაზია - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2022
გამოწერა
ნათია თურნავას თქმით, საქართველოს მთავრობა გეგმავს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ 2022 წელი ეკონომიკის სრულფასოვანი აღდგენისა და განვითარების წელი გახდეს.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოში ინფლაცია პანდემიის შედეგია და გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ ეს ეპიზოდიც დაძლეული იქნება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პირველი არხის“ გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“.
ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდე პერიოდში 13,9% შეადგინა.
„მსოფლიო ეკონომიკას თუ შევხედავთ, ყველგან ინფლაციური პროცესებია, ეს განსაკუთრებით კვების პროდუქტებზე აისახა. FAO-ს მონაცემებით, მსოფლიოში სურსათი 27%-ით გაძვირდა, რაც ჩვენზე პირდაპირ აისახება“, - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, საქართველო საექსპორტო წარმოებას ანვითარებს, მაგრამ მთელ რიგ პოზიციებზე იმპორტი კვლავ მნიშვნელოვანია.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება წლების განმავლობაში ახერხებდა ინფლაციის კონტროლს.
„წლების განმავლობაში ინფლაცია 3-4%-ს შეადგენდა და ჩვენი მოსახლეობისთვის რომ გვეკითხა, რა იყო ნომერ პირველი პრობლემა, ინფლაციას არავინ დაასახელებდა. კი, ეპიზოდურად, სხვადასხვა პროდუქციაზე შეიძლება ხდებოდა ფასების მერყეობა, მაგრამ ეს გლობალური პრობლემა არ იყო“, - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, მსოფლიოში ნავთობროდუქტებზე ფასები 80%-ით გაიზარდა, ბუნებრივი აირის ფასები კი რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს. იმპორტიორ კომპანიებს სატრანსპორტო ხარჯები გაეზარდათ, რაც ასევე აისახა ფასებზე.
თურნავას განმარტებით, ინფლაციის შესაკავებლად მთავრობამ რიგი გადაწყვეტილებები მიიღო, მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რაც ყველაზე მეტად ფულად მასებს ეხება. 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში რეფინანსირების განაკვეთი 10-დან 10,5%-დე გაიზარდა.
როგორ აპირებს მთავრობა ფასების ზრდის შეჩერებას - მინისტრის განმარტება>>>
გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს წარმატებული პოლიტიკის წყალობით, შემცირდა ბიუჯეტის დეფიციტი. როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, 2021 წელს კონსოლიდირებული ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილ 7,6%-ის ნაცვლად 6,1%-მდე შემცირდა.
„საშუალოვადიან პერსპექტივაში ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რომ ჩვენი საექსპორტო კომპანიები, იმპორტის ჩამნაცვლებელი კომპანიები განვითარდეს, გვხდის ნაკლებად მოწყვლადს და მეტად დამოუკიდებელს იმპორტისგან, რითაც გარე ბაზარზე გაძვირება ჩვენზე ნაკლებად აისახება“, - განაცხადა თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრიორიტეტი ყოველთვის იყო სოფელი, გლეხი, ფერმერული მეურნეობა, მიწის ეფექტური დამუშავების ხელშეწყობა.
„ჩვენ ამ კუთხით კარგი პოზიციები გვაქვს და ბევრს გავასწარით. ძალიან მაღალი ზრდა გვაქვს ექსპორტის და ამ ექსპორტში ძალიან მაღალი ტემპები გვაქვს სწორედ სასოფლო-სამეურნეო და კვების მრეწველობის პროდუქციაზე“, – განაცხადა თურნავამ.
თურნავას განცხადებით, ამ მიმართულებით გაცილებით მეტი გაკეთდება და სასურსათო უსაფრთხოება უფრო მეტად იქნება უზრუნველყოფილი, რათა საქართველო ნაკლებად დამოკიდებული იყოს იმპორტზე.
ყველა ახალი ამბავი
0