„ენერგიის ხარჯვა არის ამაო“ – ელისაშვილი სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

© photo: Sputnikალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2022
გამოწერა
კომისიის შექმნის საკითხის მხარდაჭერას არც პარტია „საქართველოსთვის“ აპირებს.
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „მოქალაქეები“ მხარს არ უჭერს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას, რომელმაც მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტები უნდა შეისწავლოს, განაცხადა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა.
პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა თავად სააკაშვილს ეკუთვნის, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირებისას მისი უფლებები დაირღვა.

„კომისიის შექმნას მხარს არ ვუჭერთ და მის მუშაობაში მონაწილეობას არ ვაპირებთ... ძალით გაბუქებულ თემებზე კომისიის შექმნა და უზარმაზარი ენერგიის ხარჯვა არის ამაო. ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და კარგი იქნებოდა, თუ რეალური პრობლემები გადაიჭრებოდა, რაც ხალხს აწუხებს – უმუშევრობა, გაჭირვება. ქვეყნიდან ხალხი გარბის. მთავრობაც აღიარებს, რომ კოვიდის მართვა ხელიდან გაექცა. კომისიები ამ საკითხზე რომ შევქმნათ, გაცილებით უკეთესი იქნებოდა“, – განუცხადა ელისაშვილმა ჟურნალისტებს.

კომისიის შექმნის საკითხის მხარდაჭერას არ აპირებენ არც ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრები და არც ფრაქცია „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატები.
რაც შეეხება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოზიციას, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ისინი არ აპირებენ მხარი დაუჭირონ საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხს.
თუმცა, როგორც მაჭარაშვილმა განმარტა, უმრავლესობის წევრები მზად არიან მიიღონ მონაწილეობა კომისიის მუშაობაში, იმ შემთხვევაში, თუ ის მაინც შეიქმნება იმისათვის, რომ „კიდევ ერთხელ დამტკიცდეს სიმართლე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით".
რამდენიმე დღის წინ ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში მუშაობის განახლება გადაწყვიტა. ბოიკოტის შეწყვეტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაარეგისტრირა.
პრეზიდენტი: სააკაშვილის გათავისუფლება სიტუაციას ვერ დაამშვიდებს >>
ამ დროისათვის ფრაქციას 30 მანდატი აქვს. რეგლამენტის მიხედვით, საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 დეპუტატია საჭირო, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციონერების მხარდაჭერის მოპოვებას გეგმავს.
უკვე ცნობილია, რომ კომისიის შექმნის მხარდასაჭერად მზადაა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოსა“ და „გირჩის“ წარმომადგენლები.
სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.
ყველა ახალი ამბავი
0