ნატოსა და აშშ-ის პასუხები რუსეთს: El Pais-მა გასაიდუმლოებული დოკუმენტაცია გამოაქვეყნა
14:38 02.02.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023)
© photo: Sputnik / Vladimir Trefilov
© photo: Sputnik / Vladimir Trefilov
გამოწერა
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ესპანური გაზეთი El Pais-ი ირწმუნება, რომ მის განკარგულებაში აღმოჩნდა რუსეთისთვის აშშ-ის და ნატოს წერილობითი პასუხები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ეს პასუხები რუსეთმა მიმდინარე წლის 26 იანვარს მიიღო და განაცხადა, რომ მათი გამოქვეყნებისგან აშშ-ისა და ნატოს მოთხოვნით იკავებს თავს.
ესპანურმა გამოცემამ შესაბამისი ფაილები საკუთარ საიტზე გამოაქვეყნა სათაურით: „ნატოსა და აშშ-ის პასუხების ამსახველი დოკუმენტები რუსეთის მიერ 17 დეკემბერს შეთავაზებულ შეთანხმებებზე“.
Here is the NATO written responses to Russian demands, leaked by El Pais pic.twitter.com/B89fEttB4i
— Ragıp Soylu (@ragipsoylu) February 2, 2022
საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს ცნობით, ისინი კიევისა და მადრიდის მიერაა მარკირებული. ამასთან ცნობილი ხდება, რომ უკრაინა დოკუმენტების შინაარსის თაობაზე მანამდე იყო ინფორმირებული.
როგორც გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, ვაშინგტონი მზადაა, მოსკოვთან ისეთ საკითხებზე იმსჯელოს, როგორებიცაა:
რუმინეთსა და პოლონეთში ფრთოსანი რაკეტა „ტომაჰავკების“ განლაგებაზე უარის თქმა;
ორმხრივი ვალდებულებები უკრაინაში შეტევითი სარაკეტო სისტემებისა და ძალების განლაგების შეზღუდვის შესახებ;
START-3-ის ალტერნატიული შეთანხმება, რომელიც ასევე ეხება ახალი ტიპის ბირთვულ იარაღს, ასევე საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების კონტროლს;
დამატებითი ზომები ზღვასა და ჰაერში ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.
გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, დასავლეთი ასევე ხაზს უსვამს, რომ თავს იკავებს აღმოსავლეთ ევროპაში ბირთვული იარაღის განლაგებისგან.
რაც შეეხება რუსეთის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებს, რომლებსაც აშშ და ნატო ითხოვენ მოსკოვისგან, ისინი ასე გამოიყურება:
ჯარების გაყვანა საქართველოდან და უკრაინიდან;
სხვა ქვეყნების მიმართ აგრესიურ რიტორიკაზე უარის თქმა;
ანტითანამგზავრული ცდების შეწყვეტა;
ბირთვული შეიარაღების კონტროლზე აშშ-თან მოლაპარაკებების ჩატარება;
ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმების განახლება;
უკრანაში და მის ირგვლივ სამხედრო ყოფნის გაზრდაზე უარის თქმა.
მთლიანობაში აშშ და ნატო მზად არიან განიხილონ რუსეთთან უსაფრთხოების შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხი. ამასთან, როგორც ნატომ მანამდე განაცხადა, კონფრონტაცია არ სურს, მაგრამ თავისთვის პრინციპულ საკითხებში კომპრომისზე წასვლას არ გეგმავს.
აღინიშნება, რომ РИА Новости-ს დიპლომატიურმა წყარომ უკვე დაადასტურა „ელ პაისში“ გამოქვეყნებული დოკუმენტების ნამდვილობა.
ამასთან კრემლში თავი შეიკავეს რაიმე კომენტარისგან. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, მათ არაფერი გამოუქვეყნებიათ და „ამიტომ ამაზე კომენტარი არ სურს“.
უკრაინის საკითხი და მოლაპარაკებები დასავლეთთან
ბოლო თვეებში რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. დასავლეთის ქვეყნები მოსკოვს უკრაინაში შეჭრის მომზადებაში ადანაშაულებენ და ამის ფონზე აღმოსავლეთ ევროპაში ყოფნას აძლიერებენ და სანქციების გამკაცრებით იმუქრებიან. რუსეთი უარყოფს ყველა პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ კიევი მინსკის შეთანხმებებს არ ასრულებს: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტაქტის ხაზთან არმიის პირადი შემადგენლობის ნახევარს მოუყარეს თავი და აკრძალული იარაღიდან ცხრილავენ სახალხო ლაშქარს.
მოსკოვმა არაერთხელ აღნიშნა, რომ აგრესიის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზანი — რუსეთის საზღვრებთან უცხოური დაჯგუფების შექმნაა. გარდა ამისა, კრემლმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტეს, რომ უკრაინაში ესკალაციის მთავარი მიზეზი შეერთებული შტატებისა და ნატოს ქმედებებია, რომლებიც იქ სამხედრო ინსტრუქტორებს, იარაღსა და ტექნიკას გზავნიან, ზრდიან წვრთნების რაოდენობას, რითაც კიევს სამხედრო ავანტიურებისკენ უბიძგებენ.
გასული წლის ბოლოს მოსკოვმა უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტების პროექტები გადასცა ბრიუსელსა და ვაშინგტონს. კრემლი დაჟინებით მოითხოვს ბლოკის სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტას პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, მათ ტერიტორიებზე ბაზების შექმნაზე უარს, რუსეთის საზღვართან შემტევი შეიარაღების განლაგების შეზღუდვას, ევროპიდან ამერიკული ბირთვული იარაღის გატანას და ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარს. რუსეთმა თავის მოთხოვნებზე 26 იანვარს მიიღო წერილობითი პასუხი. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დასავლელმა პარტნიორებმა უგულებელყვეს ყველაზე მნიშვნელოვანი— ალიანსის გაფართოებაზე უარის საკითხი.