უგულავას საქმე დაიხურება, თუ ის ამნისტიას დათანხმდება – პროკურორი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2022
გამოწერა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ძიუდოში ევროპის ჩემპიონის ცემაშია ბრალდებული.
თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. თუ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ამნისტიას დათანხმდება, მაშინ საქმე მის მიერ სპორტსმენის ცემის შესახებ დაიხურება, განაცხადა საქმის პროკურორმა ნათია გურულმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სამშაბათს 2019 წლის დეკემბერში თბილისის აეროპორტში მომხდარ საქმეზე მოსმენა გაიმართა. უგულავას ბრალად ედება ძიუდოში ევროპის ჩემპიონის ბადრი გავაშელიშვილის ცემა.

„ამნისტიაზე გიორგი უგულავას თანხმობის შემთხვევაში საქმე შეწყდება იმავე დღეს, თუმცა ვინაიდან ბრალდებული უგულავა ამნისტიის გამოყენებაზე უარს აცხადებს, სასამართლო პროცესები გრძელდება“, – განაცხადა გურულმა.

საუბარია 2021 წლის სექტემბერში გამოცხადებულ ამნისტიაზე. მაგრამ უგულავას რომ ამნისტია შეეხოს, ამისთვის მისი თანხმობაა საჭირო.
რაც შეეხება ცემის ფაქტს, პროკურორმა აღნიშნა, რომ ინციდენტი აეროპორტში კამერებმა დააფიქსირა და ბრალდებას საკმარისი მტკიცებულებები აქვს.
„კანონის თანახმად, ცემა ფიზიკურ ძალადობას წარმოადგენს, რასაც შედეგად ფიზიკური ტკივილი მოჰყვა. ვფიქრობ, არავის აქვს ილუზია, რომ სპორტსმენებს არ სტკივათ, ან ბრალდებულ უგულავას დარტყმული მუშტი არ შეიძლება იყოს მტკივნეული“, – განაცხადა გურულმა.
დღევანდელ მოსმენაზე სასამართლომ ბრალდების ოთხი მოწმე დაკითხა. მათ შორის არიან სასაზღვრო პატრული და გამომძიებელი.
ამავე საქმის ფარგლებში უგულავასთან ერთად ბრალი წარდგენილი აქვს მეორე სპორტსმენს – დავით პარკაძეს, რომელსაც ბრალი ედება უგულავას თანმხლების, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიორგი გაბაშვილის ცემაში.
კონფლიქტი საპასპორტო კონტროლის ზონაში მოხდა. გიგი უგულავამ და გოკა გაბაშვილმა, რომლებიც ლარნაკაში აპირებდნენ გაფრენას, განაცხადეს, რომ მათ ორი უცნობი პირი დაესხა თავს.
უგულავა: მალე დავიჯერებ, რომ ჩემპიონს ვცემე>>
მოწმეების დაკითხვის შედეგად გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომ მსხვერპლი არიან გაბაშვილი და გავაშელიშვილი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უგულავასა და პარკაძეს ელოდება ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120-დან 180 საათამდე ვადით, ან შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან ერთ წლამდე პატიმრობა.
ყველა ახალი ამბავი
0