რაგბი: საქართველოს ნაკრები მორიგი ტიტულის მოსაპოვებლად ემზადება
20:35 01.02.2022 (განახლებულია: 22:25 01.02.2022)
© Facebook / Georgian Rugbyსაქართველოს მორაგბეთა ნაკრები
© Facebook / Georgian Rugby
გამოწერა
საქართველოსა და პორტუგალიის მატჩზე თბილისში გულშემატკივრებს დაუშვებენ.
თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა დაიწყო მზადება ევროპის ჩემპიონატის მატჩებისთვის, რომელიც სტარტს 6 თებერვალს თბილისში აიღებს, ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაში.
„ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის გაფართოებულ სიაში 34 ფეხბურთელი მოხვდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გაფართოებული სიის გამოცხადების შემდეგ მას სხვადასხვა მიზეზით ცხრა მოთამაშე უკვე გამოეთიშა. ზოგიერთ მათგანს ტრავმები აქვს, ზოგს კი COVID-19 დაუდასტურდა.
„გვსურდა, რომ წელს თამაშები მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობით ჩაგვეტარებინა, მაგრამ ჯერ მხოლოდ შეკრების პირველი დღეა და უკვე 9 მოთამაშის შეცვლა მოგვიწია. არასახარბიელო სიტუაციაა, თუმცა მოცემულობას უნდა მოვერგოთ. ერთის მხრივ, ცუდია, როდესაც გეგმები ასე იცვლება, თუმცა, პოზიტიური კუთხით თუ შევხედავთ, ესაა თავის გამოჩენის შანსი ახალი მორაგბეებისთვის. მათ პირველ რიგში ვარჯიშებზე უნდა დაამტკიცონ, რომ ღირსნი არიან ეროვნული ნაკრების კვართის ტარების, რასაც ჩვენთვის ძალიან დიდი ფასი აქვს“, – მოჰყავს მაისაშვილის სიტყვები საქართველოს რაგბის კავშირის პრეს-სამსახურს.
საქართველოს ნაკრები ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის გათამაშების პირველ მატჩს 6 თებერვალს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პორტუგალიასთან გამართავს. შეხვედრა ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მატჩზე გულშემატკივრებს დაუშვებენ. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე tkt.ge.
ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში საქართველოს გარდა მონაწილეობას მიიღებენ რუმინეთის, რუსეთის, პორტუგალიის, ესპანეთისა და ნიდერლანდის ნაკრებები.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
საქართველო – პორტუგალია, 6 თებერვალი
ნიდერლანდი – საქართველო, 12 თებერვალი
საქართველო – რუსეთი, 27 თებერვალი
რუმინეთი – საქართველო, 12 მარტი
საქართველო – ესპანეთი, 20 მარტი
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული (ბორჯღალოსნებმა ტურნირი ზედიზედ ექვსჯერ მოიგეს) და ტიტულების რაოდენობით რეკორდსმენია – 13.
წყარო - საქართველოს რაგბის კავშირი
ბილეთების შეძენა - tkt.ge.