ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი: გვაქვს საბაბი, რომ თავაწეულებმა ვითამაშოთ

© Facebook / Georgian Football Federationავთანდილ ასათიანი
ავთანდილ ასათიანი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2022
გამოწერა
განწყობა კარგია, ბიჭებმა მართლაც ძალიან ბევრი გააკეთეს საკუთარი ქვეყნისთვის. ვფიქრობ, რომ ეს გუნდს დაეხმარება, აღნიშნა ასათიანმა.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა რუსეთის ნაკრებთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და მოწინააღმდეგე გუნდი შეაფასა.
ნიდერლანდის ქალაქ გრონინგენში ჩატარებული ჯგუფური ეტაპის შემდეგ ავთანდილ ასათიანის გუნდი ამსტერდამში გაემგზავრა, სადაც დღეს 1/4-ფინალურ ეტაპზე რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ფუტსალის ნაკრებმა მატჩამდე ერთი დღით ადრე შეხვედრის მასპინძელ ზიგო დომის არენაზე ივარჯიშა, შემდეგ კი ავთანდილ ასათიანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც კოვიდ-რეგულაციების გამო ონლაინ-რეჟიმში ჩატარდა.

„რუსეთის ნაკრები ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე საკვალიფიკაციო ეტაპზე იყო. გვესმის, რომ ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვაქვს საქმე. რთული თამაში იქნება, თუმცა ჩვენ ჩვენი სტრატეგია გვექნება. შევისწავლეთ რუსეთის პლუსები და, ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან მცირე მინუსები. უნდა ვეცადოთ, რომ მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს", – აღნიშნა ასათიანმა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მომავალი მატჩისთვის გუნდში არსებულ შესაძლო დანაკლისზეც ისაუბრა. ასათიანის თქმით, ნაკრების პირველი მეკარე ზვიად კუპატაძე სრულ მზადყოფნაშია, ხოლო ელისანდროს თამაშის საკითხი შეხვედრამდე გაირკვევა.
რუსეთთან შეხვედრის წინ ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ. ქართველმა მეკარემ აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე გუნდი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, თუმცა საქართველოს ნაკრებიც ბოლომდე იბრძოლებს გამარჯვებისთვის.
ფუტსალი: წინსვლა უეფას რეიტინგში – საქართველო საუკეთესო ათეულს უახლოვდება>>
„ისტორია უკვე დავწერეთ, თუმცა ახალი ფურცელი უნდა გადავშალოთ და ვიბრძოლოთ ახალი მიზნებისთვის. ჯგუფური ეტაპი უკვე დავივიწყეთ და ვემზადებით მეოთხედფინალისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად და თამაში აჩვენებს, იქნება თუ არა ეს საკმარისი", – აღნიშნა ნაკრების კაპიტანმა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 17 ფეხბურთელით გაემგზავრა. 14 მოთამაშისგან შემდგარი სამატჩო განაცხადი რუსეთთან მატჩის წინაც უცვლელია და ასე გამოიყურება:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე („გაზპრომ იუგრა", რუსეთი), თორნიკე ბუკია („კემი", ფინეთი)
წინა ხაზი: შაგინია („პალმა", მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო („ბრაგა", პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო („ხაენი", ესპანეთი), თალეს ფეიტოსა („კანდოსო", პორტუგალია), რონინიო („ჰალე-გოოიკი", ბელგია), ვილიანი („გაზპრომ იუგრა", რუსეთი), ირაკლი თოდუა („თელასი", თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია („თელასი", თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე („გომელი", ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე („პსპ", თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე („სიბირიაკი", რუსეთი), ვახტანგ კეკელია („სიპარი", ტაჯიკეთი).
საქართველოს და რუსეთის მატჩი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტის ვინაობას გამოავლენს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0