შრომის ინსპექციამ ტყიბულის შახტში დარღვევები გამოავლინა

© photo: Sputnik / Stringerმეშახტე
მეშახტე - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
გამოწერა
ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთქების მიზეზის დასადგენად ადგილზე მოკვლევა უკვე დაწყებულია.
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. შრომის ინსპექციის სამსახურმა ტყიბულის შახტში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, დარღვევები გამოავლინა – ინსპექციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის მანძილზე მუშაობდნენ, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
შემთხვევა ტყიბულის ქვანახშირის მაღაროში გუშინ, საღამოს მოხდა. კომპანია „საქნახშირის“ ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

„მიმდინარეობს საკითხის კომპლექსური შესწავლა, რაც მხარეთა გამოკითხვას და ადგილის სრულყოფილ დათვალიერებას გულისხმობს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე სხვადასხვა სახის დარღვევები გამოვლინდა. პირველადი შეფასებით, საამფეთქებლო სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესების დარღვევით.
კერძოდ, აფეთქების დროს ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას. არსებული რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია ბურღვა და საამფეთქებლო სამუშაობის განხორციელება მაშინ, თუ მეთანის კონცენტრაცია 1%-ს აჭარბებს.
ტყიბულის შახტი მუშაობას აჩერებს>>>
გარდა ამისა, დარღვეული იყო ტექნიკური რეგლამენტის მეორე პუნქტიც, რომლის მიხედვით, საამფეთქებლო სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. ინციდენტის დროს კი აღნიშნული პირი ადგილზე არ იმყოფებოდა.

„გამოკვეთილი დარღვევების შედეგად შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება – შეჩერდეს საამფეთქებლო სამუშაოები და დაიხუროს ის კონკრეტული უბანი, სადაც ინციდენტი მოხდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

შრომის ინსპექციის სამსახური აგრძელებს ადგილზე მოკვლევას, რის შემდეგაც საბოლოო დასკვნა მომზადდება.
ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0