შედის თუ არა „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში - გადაწყვეტილება მიღებულია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2022
გამოწერა
გადაწყვეტილებას ხატია დეკანოიძე ორშაბათს 12:00 საათზე წარადგენს
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. საქართველოს უმსხვილეს ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო ცხოვრებაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიღებული აქვს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, გადაწყვეტილებას, რომელსაც მან სტრატეგიული უწოდა, ორშაბათს 12:00 საათზე პირადად წარადგენს. მის მიღებას კი ძალიან ხანგრძლივი მსჯელობა უძღოდა წინ.
„ნაცმოძრაობამ“ მორიგი ბოიკოტი 2021 წლის შემოდგომაზე გამოაცხადა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულეს და იმ დროიდან საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაში არ მონაწილეობენ.
„ეს გადაწყვეტილებები ეხება არამხოლოდ ფრაქციის სტრატეგიას, არამედ ეხება პარტიის სტრატეგიას მთლიანად, ანუ რა გვაქვს ჩვენ სტრატეგია, რა გვაქვს ჩვენ ამოცანები როგორი უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი აქტიურობები, რათა პარტიაც ფრაქციაც, საზოგადოების ყველა წევრი გააქტიურდეს გაზაფხულზე, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ვიბრძოლოთ ამისთვის“, - აღნიშნა დეკანოიძემ.
მისი თქმით, პარტიის პრაქტიკულად ყველა წევრი ამ გადაწყვეტილების მიღებაში იყო ჩართული.
„ნაცმოძრაობის“ წევრის განცხადებით, გაზაფხულზე იწყება ძალიან აქტიური პოლიტიკური სეზონი, როდესაც პარტიისთვის პრინციპული საკითხები უნდა გადაწყდეს.
„პირველი ეს უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მის მიმართ არაადამიანური, ღირსებაშემლახავი მოპყრობის სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი ინსტრუმენტის მხილება... ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ ყველა ფრონტზე და ეს აქტიურობა უნდა იყოს წარმოდგენილი არამხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური საქმიანობით, არამედ ძალიან ფართო სპექტრით“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ორი დღის წინ პარტიის წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო ცხოვრებაში დაბრუნების გადაწყვეტილებას კორონავირუსის გამო ვერ იღებდნენ.
სანამ პარტიაში გადაწყვეტილებაზე ფიქრობდნენ, მმართველმა პარტიამ თავისი მთავარი ოპონენტები პარლამენტში ქაოსის შექმნაში წინასწარვე დაადანაშაულა. „ქართული ოცნების“ წევრების თვალსაზრისით, „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში დაბრუნება ქვეყანაში არაფერს შეცვლის.
„სრული „ტუპიკია“ – „ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობის“ გეგმებს გამოეხმაურნენ >>
მეათე მოწვევის პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობას“ 31 მანდატი აქვს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციის სრულმა შემადგენლობამ ბოიკოტი გამოაცხადა და ხელისუფლება არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, ე.წ. „შარლ მიშელის“ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში შევიდა.
ყველა ახალი ამბავი
0