გაფრინდაშვილი: ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია

© photo: Sputnikნონა გაფრინდაშვილი
ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
გამოწერა
ქართველმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ კალიფორნიის შტატის სასამართლოში სარჩელი 16 სექტემბერს შეიტანა.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია – ასე გამოეხმაურა ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი კალიფორნიის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, კალიფორნიის შტატის სასამართლოს მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით.

„სიმართლე ჩვენს მხარესაა და ეს, მგონი, მთელი სამყაროსთვის ცხადია დღეს. დიახ, მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი. დიახ, მთელი კარიერის მანძილზე მე ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ, ამიტომაც მერგო პატივი, გავმხდარიყავი პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის“, – გაფრინდაშვილის განცხადება მისმა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა გაავრცელა.

როგორც ქართველი მოჭადრაკე აღნიშნავს, იგი იცავს „განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ“.
გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მოჭადრაკე ქალზე გადაღებული მინი-სერიალის „ლაზიერის გამბიტის“ (The Queen’s Gambit – „დედოფლის სვლა“) ფინალური ეპიზოდის იმ ნაწილის გამო, რომელშიც მის მიღწევებს პერსონაჟ ბეტ ჰარმონის წარმატებას ადარებენ.
კერძოდ, ეპიზოდში, როდესაც ბეტ ჰარმონი მოსკოვში თამაშობს, მატჩის კომენტატორი ამბობს: „ერთადერთი უჩვეულო რამ მის (ჰარმონის) შესახებ მისი სქესია და ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში. აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასოდეს უთამაშია კაცთან“.
გაფრინდაშვილის საქმეზე მოსამართლემ Netflix-ის არგუმენტაცია არ გაიზიარა>>>
ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონისა და საერთაშორისო დიდოსტატის მტკიცებით, „ლაზიერის გამბიტის" რეჟისორმა მის შესახებ სიმართლე განზრახ დაამახინჯა.
კიდევ ერთი უზუსტობა, რაც ფილმშია მოცემული, არის ის, რომ იგი მოხსენიებულია როგორც რუსი და არა ქართველი მოჭადრაკე.
გაფრინდაშვილი Netflix-სგან კომპენსაციის სახით 5 მლნ დოლარს მოითხოვს. სასამართლოში მის ინტერესებს ამერიკელი და ქართველი უფლებადამცველები წარმოადგენენ.
ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი (1976), მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978), 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი, ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980-1986), საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი 1989-1996 წლებში, 1996 წლიდან მისი საპატიო პრეზიდენტი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-2002).
1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა მამაკაცთა შორის. 1997 წელს ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის. 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.
ყველა ახალი ამბავი
0