მეტროში შშმ მოზარდის ცემა: დაკავებულ პოლიციელებს პატიმრობა შეეფარდათ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2022
გამოწერა
მოსამართლე დაეთანხმა პროკურორს, რომ არსებობს ბრალდებულების მხრიდან მიმალვის ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. მეტროს სადგურ „ისანში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელებს პატიმრობა შეეფარდათ, იუწყება „პირველი არხი“.
ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ 24 იანვარს გაავრცელა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, როგორ სცემს მეტროში პოლიციელი მოქალაქეს. შემთხვევა 23 იანვარს მოხდა. პოლიციელები სამართალდამცველებმა 25 იანვარს დააკავეს.
ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ დააკმაყოფილა.
„არსებობს საფრთხეები და მოსალოდნელი სასჯელის შიშით შესაძლოა, მიემალონ სასამართლოს. სრულიად უმიზეზოდ იქნა აღნიშნული დანაშაული ჩადენილი, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მათ შეუძლიათ, მოწმეებზე ზემოქმედება, ეს საფრთხეები არსებობს“, – განაცხადა პროცესზე მოსამართლემ.
დაკავებულების ადვოკატები ბრალდებულებისთვის გირაოს ითხოვდნენ. არაადამიანური მოპყრობის მუხლით დაკავებული პატრულ-ინსპექტორის ნუგზარ ბაქრაძის ადვოკატი 20.000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, მეორე ბრალდებულის კახაბერ ბაკაშვილის ადვოკატი კი 10 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას. ადვოკატის თქმით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს წარდგენილი, არ არის მძიმე კატეგორიის დანაშაული.
ამასთან, როგორც საქმის პროკურორმა ალექსანდრე ჩხეიძემ განაცხადა, შესაბამისი საფუძვლის ქონის შემთხვევაში, შესაძლოა საქმე გადაკვალიფიცირდეს.
„ამ ეტაპზე არაადამიანური მოპყრობით გვაქვს ბრალდება წარდგენილი და თუ შესაბამისი საფუძველი იქნება, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს, რა თქმა უნდა, გადაკვალიფიცრდება“, - განაცხადა ჩხეიძემ.
წინასასამართლო სხდომა 15 მარტს გაიმართება.
პატრულ-ინსპექტორ ნუგზარ ბაქრაძეს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
მის თანმხლებ პატრულ-ინსპექტორ კახაბერ ბაკაშვილს კი ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სსკ-ის 332-ე მიხლის პირველი ნაწილი).
სალომე ზურაბიშვილი: უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები... >>
გამოძიების ინფორმაციით, ბაქრაძემ რამდენჯერმე დაარტყა არასრულწლოვანს და შეურაცხყოფა მიაყენა. მეორე პოლიციელმა, რომელიც შეესწრო მომხდარს, არ აღკვეთა ძალადობა და არ აცნობა მომხდარის შესახებ შესაბამის ორგანოებს, რათა არ მომხდარიყო მისი მეწყვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.
როგორც ადრე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა განაცხადა, მომხდარს შეესრო მოზარდის ძმა და მეგობრები. ერთ-ერთმა მომხდარის ვიდეოჩანაწერი გააკეთა და გამოაქვეყნა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ფაქტის გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0