მეტროში პოლიციელის მიერ შშმ მოზარდის ცემა: თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა

© photo: Sputnikაქცია შსს-ს შენობასთან
აქცია შსს-ს შენობასთან - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2022
გამოწერა
თბილისის მეტროში შშმ მოზარდის ცემის საქმეზე სამშაბათს ორი პოლიციელი დააკავეს
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. თბილისის მეტროში პოლიციელის მიერ ყრუ-მუნჯი არასრულწლოვნის ცემამ საქართველოს ქალაქებში საპროტესტო აქციები გამოიწვია.
ორშაბათს მედიაში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ სცემს პოლიციელი ახალგაზრდას თავში და სახეში. მედიის მტკიცებით, პოლიციელი გაუსწორდა ბიჭს მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდას თანმხლებმა განუმარტა მას, რომ მისი მეგობარი ყრუ-მუნჯია და მის შეკითხვებს ვერ უპასუხებდა. ფაქტზე პოლიციის ორი თანამშრომელი დააკავეს.
სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ პლაკატებით „არა ძალადობას!“, „რა ხდება მაშინ, როცა კარები დახურულია?“, „არა მილიციას!“.
„ქართულმა ოცნებამ" უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ის, რასაც უკეთებენ ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის მოქალაქეებს, არ შეიძლება ეპატიოთ. ორი პოლიციელი დაჭერილია, კი ბატონო, მაგრამ აქ პრობლემა არის სისტემაში“, განაცხადა პარტია „დროას“ წევრმა შუშანა მაცაბერიძემ.
აქციაზე ინციდენტი მოხდა - ტერიტორიიდან გაიყვანეს ეკოაქტივისტი ნარა ფერაძე, რომელმაც გაფრთხილების მიუხედავად, შენო0ბის კედელზე სტიკერების გაკვრას აგრძელებდა.
ნაცემ მოზარდს სოლიდარობა გამოუცხადეს ბათუმელებმაც, რომლებიც ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და ძალადობაში მხილებული პოლიციელების უმკაცრესი დასჯა მოითხოვეს.
პოლიციელი ეჭვმიტანილია შშმ პირის ცემაში თბილისის მეტროში - ინციდენტის ვიდეო >>
თბილისის მეტროში შშმ მოზარდის ცემის საქმეზე სამშაბათს ორი პოლიციელის დაკავების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გაავრცელა. ერთ-ერთი პოლიციელი ბრალდებულია დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, ხოლო ფაქტის შემსწრე მეორე პოლიციელი – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

საქმის დეტალები

ამ დროისთვის გამოძიებამ დაადგინა, რომ 2022 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 20:00-21:00 საათზე 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი, ძმასთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა მეტროსადგურ „ისანში“.
მეტროს ესკალატორთან მყოფმა პატრულ-ინსპექტორმა კ.ბ.-მ არასრულწლოვანი ესკალატორით აიყვანა მეტროს ფოიეში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში.
თბილისის მეტროში შშმ მოზარდის ცემის ფაქტზე ორი პოლიციელი დააკავეს >>
აღნიშნულ ოთახში მყოფმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმაში. მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა გამეტებით მის ცემას.
მომხდარის მოწმეები არასრულწლოვნის თანმხლები პირები გახდნენ.
პოლიციელს, რომელმაც მოზარდს სცემა, 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ხოლო მეორე პოლიციელს, რომელიც არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალადობის მოწმე გახდა და მომხდარის შესახებ არ აცნობა საგამოძიებო ორგანოს ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს - ჯარიმა, 6 თვიდან 2 წლამდე ვადით შინაპატიმრობა ან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0