რას უნდა ველოდოთ ნაციონალური მოძრაობის განახლებისგან? ხელისუფლებისა და ოპოზიციის რეაქცია

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliნიკა მელია საპროტესტო აქციაზე
ნიკა მელია საპროტესტო აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2022
გამოწერა
მმართველი პარტიის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში მკვეთრ ცვლილებებს არ ელოდებიან
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს პოლიტიკური წრეები არაცალსახად გამოეხმაურნენ საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს, რომელიც მოხდა საქართველოს უმსხვილეს ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“.
სამშაბათს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი პარტიის სამდივნო წარადგინა. საერთო ჯამში, პარტიას ეყოლება 12 სხვადასხვა მიმართულების მდივანი, გენერალური მდივნის პეტრე ცისკარიშვილის ხელმძღვანელობით. გასულ კვირას პარტიის ყრილობაზე ცისკარიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მდივნად კობა ნაყოფიას ნაცვლად აირჩიეს, რომელიც, თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გახდა.

ხელისუფლების რეაქცია

„ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში კარდინალური ცვლილება არ უნდა იყოს მოსალოდნელი, - ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„მოსალოდნელი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგში რაიმე თვისობრივი ცვლილება იქნება - ისინი კვლავ დესტრუქციულ ნაბიჯებსა და დესტრუქციული პოლიტიკის გატარებაზე იქნებიან ორიენტირებული“, - განუცხადა ჟურნალისტებს სარჯველაძემ.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების ერთადერთი შანსი დესტრუქციაა.
„ამ დრომდე ვნახეთ, რომ ძალიან დიდი მარცხი და წარუმატებლობები განიცადეს. ამის მიზეზია ის, რომ მოსახლეობისთვის მიუღებელია ის დესტრუქციული დღის წესრიგი, რასაც საზოგადოებას სთავაზობენ. შესაბამისად, საკუთარი წარუმატებლობის მიზეზი აქ უნდა ნახონ. უმჯობესია, ეს გაანალიზონ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა თავის მხრივ განაცხადა, რომ პარტიის ახალი სამდივნო მჭიდროდ ითანამშრომლებს როგორც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან.
მისი თქმით, ყველა ამ პოლიტიკურმა ინსტრუმენტმა გავლენა უნდა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, რათა ის იძულებული გახდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.
რაც შეეხება ახალი სამდივნოს შემადგენლობას, ცისკარიშვილის თქმით, პასუხისმგებლობები განაწილდა იმის მიხედვით, თუ რა საჭიროებები გააჩნია პარტიულ ხელმძღვანელობას იმისათვის, რომ „სწორად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რაც არის სახელმწიფოს წინაშე“.
მთავარი ამოცანა საზოგადოებასთან დაახლოებაა, თავის მხრივ განაცხადა ანალიტიკური საქმიანობის მდივანმა გიორგი თარგამაძემ.
„ქვეყანაში აუცილებელია ცვლილებები. თუ ცვლილებები არ იქნება ეს იმას ნიშნავს, რომ დავკარგავთ ძალიან მნიშვნელოვან დროს და ყოველი მომდევნო დღე იქნება იმაზე უარესი და მძიმე ვიდრე წინა“, - განაცხადა თარგამაძემ.
პარტია ემზადება კიდევ უფრო აქტიური მუშაობისთვის მოსახლეობასთან, განაცხადა სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანმა ნიკა ობოლაძემ.
„ჩემი მთავარი ფუნქცია იქნება უფრო მეტი სწორი კომუნიკაცია ხალხთან, რათა მივაღწიოთ კიდევ უფრო მეტი ხალხის ნდობას და გამოვიყენოთ ეს ნდობა საბოლოო მიზნისთვის, რომელიც მიგვიყვანს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე სამართლიან გარემოში", - განაცხადა ობოლაძემ.
ადრე ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტია მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერის 10%-ით გაზრდას გეგმავს, ასევე აპირებს ახალგაზრდული ფრთის გაფართოებას და ახალი კადრების მოზიდვას.
„ნაციონალურ მოძრაობას“ 12 სხვადასხვა მიმართულების მდივანი ეყოლება >>
მელია დარწმუნებულია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ახალგაზრდების მასობრივი ჩართულობის გარეშე განვითარების თეორიული შანსიც კი არ ექნება. მისი თქმით, მაქსიმუმ ორ-სამ თვეში ახალგაზრდული ფრთის „საინტერესო და დიდი“ ყრილობა გაიმართება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შედეგად, რომელიც ქვეყანაში 2021 წლის შემოდგომაზე გაიმართა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წლის შემდეგ ამომრჩევლის ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო.
სააკაშვილსა და მელიას შორის უთანხმოებაა? ექსპერტი „ნაცმოძრაობაში“ საკადრო ცვლილებებზე >>
პარტიამ პროპორციულ ნაწილში მეორე ადგილი დაიკავა და ხმების 30,6%-ზე მეტი მიიღო. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში პირველ ადგილზეა. ადგილობრივ არჩევნებში მან ხმების 46,7%-ზე მეტი მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0