მაღალმთიან აჭარაში უხვმა თოვლმა პრობლემები შექმნა - ვიდეო

© photo: Sputnik / Stringerდიდთოვლობა ხულოში
დიდთოვლობა ხულოში - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2022
გამოწერა
აჭარის მაღალ მთაში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს
თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. აჭარის მაღალმთიან სოფლებში უხვი ნალექის გამო შიდა და ცენტრალურ გზებზე პრობლემები შეიქმნა.
„აჭარის ტელევიზიის“ ცნობით, მეორე დღეა გადაუღებლად თოვს მთიან აჭარაში. თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში ერთ მეტრს მიაღწია.
დიდთოვლობის გამო შეფერხებებია გზებზე, თუმცა მოძრაობა შეწყვეტილი არ არის. გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა შესაძლებელი.
აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, მეორე დღეა ინტენსიურად იწმინდება გზები. ცუდი ხილვადობის გამო ბევრგან გართულებულია გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა გზების წმენდა არ შეწყვეტილა. ამჟამად მიმდინარეობს სოფლების ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდის სამუშაოები.
თოვლმა მაღალმთიან სოფლებში დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს. ასევე, ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილს. „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ინფორმაციით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს პერიოდში აღდგება.
წყარო - „აჭარის ტელევიზია“
ყველა ახალი ამბავი
0