როცა სიკეთის კეთება მარტივია, ანუ „ბავშვებო, მე თქვენ მიყვარხართ!..

© courtesy of Nino Khonelidzeნინო ხონელიძე
ნინო ხონელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2022
გამოწერა
დღეს ძველით ახალი წელია, ამ თარიღს ჩვენში ძირითადად უფროსი თაობის ხალხი აღნიშნავს ხოლმე. ჩვენ კი გვსურს, რომ სწორედ ამ დღეს გავესაუბროთ ადამიანს, რომელიც თავისი საქმიანობით ძველსა და ახალ თაობას შორის ერთგვარი მედიუმია.
ქუთაისელ იურისტს და სოციალურ მუშაკს, ნინო ხონელიძეს თავის ქალაქში კარგად იცნობენ როგორც დაჩაგრულთა ქომაგს, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს ყოველთვის გვერდში უდგას. მან ასევე კარგად იცის მოზარდი თაობის პრობლემები და მათთან მისასვლელი გზებიც. ქვეყნის ხვალინდელ დღეს ახალი თაობის მიმართ თითოეული ჩვენგანის დამოკიდებულება განსაზღვრავს. მასალაში ქალბატონი ნინო საინტერესო ამბებს იხსენებს და ამ სფეროში დაგროვილ საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.
© courtesy of Nino Khonelidzeნინო ხონელიძე
ნინო ხონელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2022
ნინო ხონელიძე
- ქალბატონო ნინო, თქვენ როგორც ადამიანს, რომელსაც შეხება აქვს ახალი თაობის ქართველებთან, მინდა გკითხოთ: როგორი თაობა მოდის?
- თავდაპირველად ვსარგებლობ შემთხვევით და სრულიად საქართველოს ვულოცავ შობა-ახალ წელს. მინდა ყველას მშვიდ სამყაროში ბედნიერი და უშფოთველი ცხოვრება ვუსურვო. კითხვაზე: როგორი თაობა მოდის, გიპასუხებთ პირდაპირ-ძალიან კარგი! საოცრად განათლებულები, მიზანდასახულები, საკუთარ საქმიანობაზე ორიენტირებულები არიან, რაც ძალიან მახარებს.
© courtesy of Nino Khonelidzeნინო ხონელიძე
ნინო ხონელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2022
ნინო ხონელიძე
- ასაკით უმცროს ადამიანებთან საუბრის და ურთიერთობის დროს, დიდი მნიშვნელობა აქვს პირად მაგალითს, თუ გახსენდებათ რაიმე საინტერესო შემთხვევა თქვენი პრაქტიკიდან?
- ასეთი ბევრია გასახსენებელი, მაგრამ ერთი შემთხვევა მაინც განსაკუთრებულად მახსენდება და მას ყოველთვის მაგალითად ვიყენებ. გარკვეული პერიოდი პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ დაწესებულებაში სოციალურ მუშაკად ვმუშაობდი. იმ დროისთვის სასჯელს იხდიდა ერთი არასრულწლოვანი მსჯავრდებული, რომელიც სისტემაში ცნობილი იყო, როგორც ყველაზე რთული პატიმარი. ერთ დღეს მასთან მივედი და ვუთხარი, რომ მისგან რჩევა მჭირდებოდა. არასოდეს დამავიწყდება როგორ გაუნათდა სახე, რადგან ვიღაცას მისი აზრი, მით უფრო, რჩევა აინტერესებდა. ვუთხარი, რომ ჩემი ვაჟი ეხლა იმ ასაკშია, როცა შენ ის შეგემთხვა, რამაც ჩვენამდე მოგიყვანა და მირჩიე მასთან ურთიერთობაში როგორ მოვიქცე მეთქი. მაშინ მან თუ რამ გამოცდილება ჰქონდა, ყველაფერი გამიზიარა, ამის მერე, ყოველ დღე მეკითხებოდა: ხომ არაფერი მჭირდებოდა. შემდეგ მოიკითხავდა ჩემს ვაჟს და დაამატებდა, რომ მზად იყო დამხმარებოდა. სხვათა შორის, მისი რჩევები შვილთან ურთიერთობაში ძალიან დამეხმარა. არ იცით, როგორი ბედნიერი სახე ჰქონდა ხოლმე ამ დროს. მას მერე ის მსჯავრდებული აბსოლუტურად შეიცვალა და სასჯელი მშვიდად მოიხადა...
© courtesy of Nino Khonelidzeნინო ხონელიძე
ნინო ხონელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2022
ნინო ხონელიძე
- შეგიძლიათ გაიხსენოთ ფაქტი, რომელიც ახალი წლის დღეებში ქუთაისში მოხდა, როცა ფაქტობრივად, იხსენით მოზარდის სიცოცხლე?
- რადგან მეკითხებით, თქვენამდეც მოსულა ეს ამბავი... „სოცოცხლე ვიხსენი“-ალბათ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია... ეს ამბავი კი ასე იყო: ახალი წლის სამზადისის დროს, ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, ერთ-ერთი მუსიკალური სტუდია კლიპს იღებდა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად მეგობრის შვილი მყავდა წაყვანილი. ჩემი დაქალი -ასე მიწოდებს ხოლმე ის მოზარდი. ჩვენს შორის მშობლები მრავლად იყვნენ და იმ ამბავს ერთად ვადევნებდით თვალს, იყო დიდი ჟრიამული. უცებ ქალბატონის რეპლიკა ჩამესმა: „ესენი ვერ გადარჩებიან, ნამდვილად გაიყინებიან“... გავიხედე და დავინახე, რომ დაახლოებით, 14-15 წლის გოგო-ბიჭები ბაღში არსებულ შადრევნის წყალში ტანისამოსიანად იყვნენ ჩასული და ერთობოდნენ. არადა, ღამე იყო, საკმაოდ ყინავდა. გულმა არ მომითმინა და იმ ბავშვებისკენ გავეშურე. თან ვფიქრობდი: როგორ მიმემართა ტაქტიანად, რომ არ განაწყენებულიყვნენ....
© courtesy of Nino Khonelidzeნინო ხონელიძე
ნინო ხონელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2022
ნინო ხონელიძე
- და რა მოიფიქრეთ?
- როცა მათ მივუახლოვდი, ვკითხე: ბავშვებო, აუზში ჩახტით თუ ჩავარდით? მერე დავამატე: ძალიან საყვარლები ხართ და რომ არ მციოდეს, მეც თქვენთან ერთად ჩამოვიდოდი მეთქი. ბავშვები საუბარში ამყვნენ და მითხრეს, რომ წყალში გასართობად ჩავიდნენ... ერთ-ერთი მაინც სულ მთლად გაწუწული იყო, თავიც სველი ჰქონდა. მას ქურთუკი გავხადე, ჩემი ჩავაცვი და სახლში წაყვანა შევთავაზე. თავიდან იუარა, მაგრამ მერე, როგორღაც დავიყოლიე და ორი ბავშვი ჩემს ავტომობილში ჩავსვი. სხვათაშორის გოგონებმა უარი მითხრეს. გზაში ვისაუბრეთ, მეცხრე კლასის მოსწავლეები აღმოჩნდნენ, ძალიან საყვარელი და კარგი ბავშვები. ერთ-ერთმა მითხრა, რომ დედა ემიგრაციაში ჰყავს და ბებოსთან ერთად ცხოვრობს. მას კიდევ უფრო მოვეფერე და გულში ჩავიხუტე. ვკითხე: ხომ არ გეწყინა, რომ წამოგიყვანე, იქნებ, მეგობრებთან კიდევ გინდოდა გართობა მეთქი?! თუმცა აქვე ვუთხარი, რომ მისი ჯანმრთელობა იმ ეტაპზე უმთავრესი იყო. მერე, მოვუყევი ჩემი სასკოლო თუ სტუდენტური თავგადასავლები, ის, რომ მე და ჩემ მეგობრებს მსგავსი რამ ბევრჯერ გაგვიკეთებია. მოზარდები სახლში მივიყვანე. ვიდრე სახლის კარი არ მიიხურეს და არ დავრწმუნდი, რომ შინ შევიდნენ, არ წამოვედი. მერე მთელი გზა ჩემთვის ვფიქრობდი: ღმერთო, რა მარტივია სიკეთის კეთება მეთქი....
© courtesy of Nino Khonelidzeნინო ხონელიძე
ნინო ხონელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2022
ნინო ხონელიძე
- ჩვენი პრობლემები ძირითადად იქიდან გამომდინარეა, რომ ქართველები ზოგადად არ ვართ კანონმორჩილი ხალხი, როგორც სოციალურ სფეროში მომუშავე პიროვნებას და ადამიანის უფლებების დამცველს, მინდა გკითხოთ, როგორ უნდა შეიცვალოს სიტუაცია სასიკეთოდ და ახალი თაობის დამოკიდებულებაც ამ საკითხისადმი?
- რაიმე სასიკეთოდ რომ შეცვალო, ამას იურისტობა არ სჭირდება, პიროვნული ზრდის და მოქალაქეობრივი შეგნების ფაქტორია მნიშვნელოვანი. რაც შეეხება, ახალი თაობის დამოკიდებულებას, რასაც დავთესავთ, იმას მოვიმკით. ზუსტად ვიცი, ზემოთ მონათხრობი ისტორიის მთავარი მოქმედი პერსონაჟი, ჩემ მიერ დათესილი სიკეთის მატარებელია. ის პატარა სიკეთე მასში მომწიფდება და ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს. ქვეყნის ხვალინდელ დღეს ახალი თაობის მიმართ თითოეული ჩვენგანის დამოკიდებულება განსაზღვრავს...
© courtesy of Nino Khonelidzeნინო ხონელიძე
ნინო ხონელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2022
ნინო ხონელიძე
- რადგან ქალთა უფლებების სფეროც ნაცნობია თქვენთვის - მინდა გკითხოთ: როგორ უნდა გახდეს ქალი ბედნიერი?
- პირველ რიგში, ქალი ბედნიერია მაშინ როცა ის გულწრფელად უყვართ... ბედნიერია, როცა ოჯახი და შვილები ჰყავს და ამასთან რეალიზებულია თავის საქმიანობაში. შემდგარი და ჭკვიანი ქალი არასოდეს აგრძნობინებს პარტნიორს, რომ ძლიერია. ქალი- ქალია და სრული ბედნიერებისთვის ზრუნვა და ყურადღება მუდმივად სჭირდება...
© courtesy of Nino Khonelidzeნინო ხონელიძე
ნინო ხონელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2022
ნინო ხონელიძე
- ქუთაისი ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული ურთიერთობებით და ეს ამ ქალაქში მცხოვრებ ახალ თაობაზეც ვრცელდება...
- დიახ, გეთანხმებით, ქუთაისი მართლაც გამორჩეული ქალაქია და მის მაცხოვრებლებს განსაკუთრებული სიყვარული შეგვიძლია. რადგან ჩვენი საუბარი ძირითადად მოზარდებთან ურთიერთობის გამოცდილებას ეხება, მინდა ერთი ამბავი გავიხსენო. ერთხელ, ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში, დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ბულინგის თემაზე სასაუბროდ მიმიწვიეს. ბავშვებს საკუთარი თავი წარვუდგინე და ვუთხარი, რომ მე ნინო მქვია და თუ თქვენი სახელები ვერ დავიმახსოვრე, არ გეწყინოთ, შემახსენეთ-მეთქი. წინადადება დამთავრებული არ მქონდა, რომ ერთი პატარა ბიჭი წამოდგა და ღიმილით მეუბნება: „პატივცემულო, მე მათე მქვია და კარგად დეიმახსოვრეთო!“. დღეს იმ ოცდაათი მოსწავლიდან მხოლოდ მათეს სახელი მახსოვს... კიდევ იმ შეხვედრაზე ვიგრძენი, რომ ოცდაათივემ იცოდა: „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“! მცდარია მავანთა მოსაზრება, თითქოს ცუდი თაობა მოდის. ბავშვი ქვევრივითაა, რასაც ჩავძახებთ, იმას ამოგვძახებს. ამიტომ ახლა მინდა, რომ მათ ხმამაღლა ჩავძახო: ბავშვებო, მე თქვენ მიყვარხართ!..
ყველა ახალი ამბავი
0