რა შემოსავალი მიიღო საქართველომ 2021 წელს უცხოელი ვიზიტორებისგან

© photo: Sputnik / Mindia Davitadze Photographyტურისტები მთაში
ტურისტები მთაში - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2022
გამოწერა
2021 წელი საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის სწრაფი ტემპით გამოირჩეოდა როგორც შემოსავლების, ასევე მოგზაურების რაოდენობის კუთხით.
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 2021 წელს თითქმის 1,25 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
უწყების ცნობით, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დინამიკის ზრდა ყოველთვიურად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს – 2019 წელთან შედარებით, 2021 წელს აღდგენილია შემოსავლების 38% პროცენტი.
რაც შეეხება დეკემბრის თვეს, აღდგენის მაჩვენებელმა, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, 58% შეადგინა. 2020 წელთან შედარებით კი შემოსავლების ზრდა 130%-ს აღემატება.
რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურებს, 2021 წელს საქართველოში მათმა რაოდენობამ თითქმის 1,9 მილიონი შეადგინა. აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემთან შედარებით 20%-ია. 2020 წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 7,7%-ით გაიზარდა.
2021 წლის 12 თვეში საქართველოში 1.577.463 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. 2019 წლის მონაცემთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების 31% აღდგენილია. 2020 წელთან შედარებით კი ზრდა 45,1%-ს შეადგენს.
2021 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების უმეტესი ნაწილი საჰაერო საზღვრით განხორციელდა. კერძოდ, ვიზიტების 51% საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების საშუალებით შესრულდა, რაც 2019 წელთან შედარებით 48%-ით მეტია.
საქართველო – სიყვარულის მიწა: რას წერს ბულგარული ჟურნალი საქართველოზე>>
ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის.
მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
ყველა ახალი ამბავი
0