ლეგენდარულ ვიქტორ სანეევს 13 იანვარს დაკრძალავენ

© photo: Sputnik / Yuri Somovვიქტორ სანეევი
ვიქტორ სანეევი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
გამოწერა
დაკრძალვის ცერემონიაზე დამსწრე პირები „ცისფერი ტრიოს“ შესრულებით ქართული სიმღერების ჩანაწერებს მოისმენენ.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ვიქტორ სანეევის დაკრძალვის ცერემონია ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში 13 იანვარს გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
ვიქტორ სანეევი 3 იანვარს სიდნეიში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სანეევის გარდაცვალების მიზეზად ინფარქტი დასახელდა.
დაკრძალვის ცერემონია სიდნეის გარეუბან საზერლენდში, ოლსენის ცერემონიალურ სამლოცველოში თბილისის დროით 04:55 სთ-ზე გაიმართება (სიდნეის დროით 11:55 სთ-ზე).
გარდა ამისა, ყველა მსურველს ექნება დაკრძალვის ცერემონიის პირდაპირი ტრანსლაციის ნახვის საშუალება.
ცერემონიაზე გამოსამშვიდობებელ სიტყვებს წარმოთქვამენ ჟურნალისტი და მძლეოსნობის მწვრთნელი, ავსტრალიელი მაიკ ჰარსტი და 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, სხვადასხვა დროს საბჭოთა კავშირისა და ავსტრალიის წყალბურთელთა ეროვნული გუნდების მწვრთნელი, უზბეკი ერკინ შაგაევი. ცერემონიას სამოქალაქო ცერემონიების ადგილობრივი რწმუნებული იან ტოლი გაუძღვება.
აღსანიშნავია, რომ ცნობილი ამერიკელი ჯაზმენის კიტ ჯარეტის კომპოზიციასთან ერთად ცერემონიის დამსწრე პირები „ცისფერი ტრიოს“ შესრულებით ორი ქართული სიმღერის ჩანაწერს („ზამთარია“ და „საქართველოო ლამაზო“) მოისმენენ.
12 იანვარს, 12-დან 17 საათამდე კი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობაში არსებულ ოლიმპიურ მუზეუმში გაიხსნება სამძიმრის წიგნი და ყველას ექნება შესაძლებლობა ვიქტორ სანეევის ოჯახის წევრებს და ახლობლებს საკუთარი ჩანაწერით თანაგრძნობა გამოუცხადონ.
სანეევმა მძლეოსნობაში კარიერა 1956 წელს დაიწყო სიმაღლეზე ხტომით, 1963 წლიდან კი სამხტომში გამოდიოდა.
გარდაიცვალა ლეგენდარული ვიქტორ სანეევი >>
ვიქტორ სანეევი – სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია სამხტომში (1968, 1972, 1976), 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი; ევროპის ორგზის ჩემპიონი (1969, 1974), საბჭოთა კავშირის რვაგზის ჩემპიონი. სამჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი სამხტომში (17,23 მ, 17,39 მ და 17,44 მ).
,,ჩემი არავის სჯეროდა, მაგრამ ჩემთან იყო ღმერთი“,- ვიქტორ სანეევი 70 წლის გახდა >>
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ავსტრალიაში წავიდა მწვრთნელად სამუშაოდ.
წყარო - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
ყველა ახალი ამბავი
0