თამაზ ჩიქვანაია
სამგზის ოლიმპიური ოქროსმედალოსანი იშვიათი მოვლენა ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით ცურვასა და ტანვარჯიშში, სადაც ერთსა და იმავე სპორტსმენს სხვადასხვა სახეობაში შეუძლია გამოსვლა, მაგრამ ზედიზედ სამჯერ ერთ სახეობაში გამარჯვებულები რამდენიმეა, ხოლო სამხტომში სულაც ერთადერთი და ისიც საქართველოს შვილი — ვიქტორ სანეევი. მოდით, მისი ბოლო ოლიმპიადიდან დავიწყოთ, რადგან ბევრი სპეციალისტის აზრით, ეს იყო ყველაზე სკანდალური და სამარცხვინო ფაქტი ოლიმპიურ ოჯახში.
1980 წელს სანეევი ასე იხსენებს: „ჩემი არავის სჯეროდა, არც მწვრთნელს, არც კოლეგებს, არც სპორტის ჩინოვნიკებს, დავრჩი მარტო, მაგრამ ჩემთან იყო ღმერთი“.
მთავარი ის გახლდათ, რომ თავად ვიქტორს სჯეროდა სანეევის და ის მოსკოვში ზედიზედ მეოთხე ოლიმპიადის მოსაგებად და სპორტიდან ლამაზად წასასვლელად ჩავიდა, თუმცა იქ, ზევით უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ოქრო მოკავშირე რესპუბლიკიდან ნაციონალური უმცირესობის წარმომადგენლისთვის უნდა მიეცათ.
სანეევი საქართველოდან კი იყო, მაგრამ ის ეროვნებით რუსი გახლდათ. ოლიმპიადა მასშტაბური ღონისძიებაა და ტელევიზიას პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ მოსკოვში მოკავშირე რესპუბლიკების ტელეჟურნალისტები, რეჟისორები და ოპერატორებიც მუშაობდნენ. საბედნიეროდ, მათ რიცხვში მეც მოვხვდი, მაგრამ სამწუხაროდ, აკადემიურ ნიჩბოსნობაზე გამამწესეს. ეს სახეობა დროში ერთ-ერთი ყველაზე გაწელილია და მეც, პრაქტიკულად, მთელ დროს „კრილატსკოეში“ ვატარებდი, რომელიც მოსკოვის ცენტრიდან დაახლოებით იმავე მანძილზეა, როგორც თბილისიდან ხაშური. ერთადერთხელ მოვახერხე და ჩემს მოსკოველ შეფს, ზოია კრასილნიკოვას ერთი დღით დავეთხოვე. ლუჟნიკებში სამმხტომელთა ფინალს რომ არ დავსწრებოდი, ამას ჩემს თავს არასდროს ვაპატიებდი. სტადიონზე დაგვიანებით შესულმა კი გავიგე, რომ უუდმიაე უკვე გადახტა 17,35 —ზე. ეს, უდავოდ, სერიოზული პრეტენზია იყო მედალზე. ბრაზილიელი მსოფლიოს რეკორდსმენი ჟოაო ოლივეირას პასუხი უფრო მოკრძალებულია 17,22, მეორეზე ვიქტორია 17,24, თუმცა ყველამ იცის, რომ იქ, სადაც სანეევი ასპარეზობს ყველაფერი ბოლო ცდაზე წყდება.
ასე იყო აქამდე და ასე მოხდა ამჯერადაც. წარმოიდგინეთ, რეკორტანის წითელ ბილიკზე გამოდის ოდნავ წელში მოხრილი ვიქტორ სანეევი, ადამიანი, ვისზეც ლუჟნიკებზე შეკრებილი 80 000 გულშემატკივარი ლამის ლოცულობდა, ადამიანი, ვისი გამარჯვებაც ოლიმპიური და გნებავთ ადამიანური სამართლიანობის ზეიმი იქნებოდა და ადამიანი, ვინც ეს გამარჯვება უფრო მეტად დაიმსახურა, ვიდრე რომელიმე სულიერმა პლანეტაზე.
35 წლის ვიქტორი წელში გაიმართა, ერთი ზევით აიხედა და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი საოცარი სიზუსტით გათვლილი გამორბენის შემდეგ ორ უმძლავრესი ნახტომი გააკეთა და მესამეთი — სახტომი ორმოს იმ მონაკვეთთან ახლოს დაეშვა, სადაც დიდი შავი ციფრებით ეწერა 17,50…
ვერ წარმოიდგენთ, რა ხდებოდა სტადიონზე. ფეხზე წამომდგარი 80 000 ადამიანი ხტოდა, ხელებს იქნევდა, ზოგი ყვიროდა, ზოგიც სიხარულით ტიროდა… მაშინ სატდიონზე მეც ერთი გულშემატკივარი ვიყავი. ალბათ სხვებივით შლეგივით ვიქცეოდი და ვხედავდი მხოლოდ სარბენ ბილიკზე ამაყად მდგარ სპორტსმენს, ვინაც უკანასკნელი აზრი, გონი, ძალა და ილაჯი ჩააქსოვა ამ ნახტომში და ალბათ იმ წამებში ფიქრობდა, რომ სამართლიანობამ მაინც იზეიმა და ის გახდა მძლეოსნობის ისტორიაში მეორე, ვინც ოლიმპიური თამაშები ზედიზედ ოთხჯერ მოიგო.
ხომ გაგიგონიათ, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო… თუმცა ეს გამოთქმა ალბათ უადგილოა, რადგან აქ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. კაცი იდგა, იღიმოდა, აი, ვიღაცები კი მართლა ბჭობდნენ, დიდხანს და გულისგამაწვრილებლად, ათჯერ მაინც შემოურბინეს სახტომ ორმოს, შემდეგ ისევ დააცქერდნენ არეკნის წერტილს და წითელი ალამი ასწიეს. ცდა არ ჩაითვალა. უუდმიაემ თავი ხელებში ჩარგო და ახედვა არ უნდოდა. ბრაზილიელი ნაღდი სპორტსმენი გამოდგა, მან ყველაფერი დაინახა. მივარდა მსაჯებს და ხმამაღლა ყვიროდა — სანეევი გრანდ, პრიმა, იქნევდა ხელებს, მაგრამ რა თქმა უნდა, არავინ უსმენდა…
გამარჯვებულის ვინაობა გადაწყდა არა სახტომ სექტორში, არამედ სადღაც სხვაგან. ვიქტორს ეს კარგად ესმოდა, აიღო ჩანთა და წელში მოხრილი უხმოდ დაიკარგა ტრიბუნებს ქვემოთ გვირაბში. დაჯილდოების ცერემონიაზე სახიდან ირონიულ-სარკასტული ღიმილი მხოლოდ მაშინ მოიცილა, როდესაც სირცხვილისგან შეცბუნებულმა ჩემპიონმა მორიდებით სთხოვა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხუზე ასვლა, აქვე იყო ოლივეირაც, რომელმაც სანეევის მარჯვენა ზევით აღმართა და მთელ მსოფლიოს აუწყა მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ნამდვილი ჩემპიონის ვინაობა. წლების შემდეგ, როდესაც ვიქტორს ვკითხე, რას ფიქრობდა უუდმიაზე, ასე მიპასუხა: „იაშკა არაფერ შუაშია, ძალიან კარგი ბიჭია. ის ზედმეტი სანტიმეტრები კი სულ სხვების დამსახურებააო“.
3 ოქტომბერს ვიქტორ სანეევს 70 წელი შეუსრულდა, ბედის უკუღმართობით, არა აქ, საქართველოში, არამედ შორეულ ავსტრალიაში. ახალგაზრდობაში შერქმეული თიკუნი — კენგურუ, იმავე ბედის ირონიით, აუხდა და ისიც მწვანე კონტინენტის მკვიდრი გახდა.
საოცარია, როგორ მოვახერხეთ, რომ XX საუუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს, სამშობლოდან შორს ნოსტალგია ტანჯავს და ერთი ხელმოკლე, რიგითი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს, ფიქრით კი ისევ საქართველოშია და მეშვიდე ათეული წლის მობრძანება უამრავ მეგობართან ერთად აღნიშნა…