დედაქალაქში მცხოვრებ პენსიონერთათვის 500-ლარიანი ვაუჩერის პროგრამა ამოქმედდა
12:56 11.01.2022 (განახლებულია: 16:39 11.01.2022)
© Tbilisi City Hallკახა კალაძე
გამოწერა
მოქალაქე, რომელიც თბილისის მერიის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, პროგრამით ავტომატურად ისარგებლებს.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. დღეიდან თბილისში მედიკამენტების შესაძენად გამიზნული 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამა ამოქმედდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პროგრამის ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები იქნებიან, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 200.000-ს არ აღემატება.
მოქალაქეს ვაუჩერის მისაღებად მერიაში ან რაიონის გამგეობაში მისვლა არ დასჭირდება, კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთანავე ავტომატურად გახდება პროგრამით მოსარგებლე.
„ამ ადამიანების მხარდაჭერა და თანადგომა პრინციპულად მნიშვნელოვანია და ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მათ გვერდში დავუდგეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორ შეძლებენ პენსიონერები ვაუჩერის გამოყენებას:
პროგრამის ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი მიმართავს ექიმს, რათა მან საჭირო მედიკამენტები განსაზღვროს;
ექიმი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, რომელშიც მითითებული იქნება საჭირო მედიკამენტების ჩამონათვალი და რაოდენობა, განათავსებს პროგრამის ელექტრონულ მოდულში;
ამის შემდეგ ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე თბილისის მერიისგან SMS შეტყობინების საშუალებით სპეციალურ კოდს მიიღებს;
ბენეფიციარი/წარმომადგენელი მიღებული კოდით და პირადობის დამადასტურებელი მოწმობით მედიკამენტების მისაღებად მისთვის სასურველ აფთიაქს მიმართავს;
იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მიერ შერჩეულ აფთიაქში სრულყოფილად არ არის ჯანმრთელობის ცნობაში მითითებული ყველა მედიკამენტი, ბენეფიციარს შეუძლია დარჩენილი მედიკამენტი სხვა აფთიაქში, ან მოგვიანებით იმავე აფთიაქში აიღოს;
ბენეფიციარს ან მის წარმომადგენელს აფთიაქიდან მედიკამენტების გატანა კოდის მიღებიდან 30 დღის ვადაში შეუძლია.
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა პროგრამის დაწყებისა და განხორციელების წესის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით სამედიცინო დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლებს შესაბამისი ტრენინგები უკვე ჩაუტარა, რათა პენსიონერებმა მომსახურება დაუბრკოლებლად მიიღონ.