ჯანდაცვა საქართველოში: 2021 წლის მთავარი მოვლენები და მიღწევები
12:44 07.01.2022 (განახლებულია: 18:15 17.08.2023)
© Government of Georgiaსაავადმყოფოს პალატა

გამოწერა
გაეცანით საკვანძო პროექტებს, მოვლენებსა და მიღწევებს საქართველოს ჯანდაცვის, მედიცინისა და სოციალური დაცვის სფეროში 2021 წელს.
საქართველოს, ისევე, როგორც მთელი მსოფლიოს ჯანდაცვის ძირითადი ძალები პანდემიასთან ბრძოლისკენ იყო მიმართული. კორონავირუსმა პაციენტების გეგმური მომსახურების საკითხებში ხარვეზები გამოიწვია, ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში შემუშავდა ახალი პროგრამები მედპერსონალის გადანაწილებისა და კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით, ასევე ახალი პლატფორმების შექმნის კუთხით, რაც ჯანდაცვის ეროვნული სისტემის გამტკიცებასა და მისი ძირითადი ფუნქციების მხარდაჭერას გულისხმობს.
პირველადი მედიცინა
რეფორმა პირველადი მედიცინის სფეროში, რომელიც 2021 წლის 1 ივნისს დაიწყო, მოიცავს რამდენიმე მიმართულებას:
ექიმებისა და მედდების ხელფასების მომატება, ხელფასის მინიმალური ოდენობის დადგენა;
სამედიცინო პერსონალის საბაზო ხელფასების გათანაბრება ქალაქსა და სოფლის დასახლებებში;
შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების მექანიზმის გააქტიურება;
სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობებისა და შრომის პირობების გაუმჯობესება;
პირველადი მედიცინის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ამაღლება;
დაწესებულებების ინფრასტრუქტურის, მშენებლობა–აღჭურვის გაუმჯობესება, სამედიცინო დაწესებულებების ინტერნეტით უზრუნველყოფა და მათი კომპიუტერიზაცია.
რეფორმა ასევე ითვალისწინებს პირველადი სამედიცინო–სანიტარიული მომსახურების არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ ფიზიკურ ხელმისაწვდომობას, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ტელემედიცინის სისტემის დანერგვა.
ჯანდაცვის სამინისტრო ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
სოციალური კოდექსის დანერგვა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 28 აპრილს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მასშტაბური სოციალური რეფორმა და „სოციალური კოდექსის“ შემუშავება დააანონსა. კოდექსი მოწინავე ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებას დაეყრდნობა.
„სოციალური კოდექსი“ – იქნება დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სოციალური უზრუნველყოფის ნორმებს და დაადგენს სოციალური დახმარების მინიმალურ დონეს ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამედიცინო მკურნალობა, შემწეობა დაავადებების, უმუშევრობის, სიბერის, შრომის დროს ტრავმების, ოჯახის შენახვის, დედობის, ინვალიდობის, ოჯახის მარჩენლის დაკარგვისა და სხვა შემთხვევების დროს. „სოციალური კოდექსი“ ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპზე მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სამართლებრივი გარანტია უნდა გახდეს.
„საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ მუშაობის ერთი წელი
სახელმწიფო კლინიკების მართვის სრულყოფის მიზნით 2020 წლის თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ (Georgian Medical Holding) ინიცირება მოახდინა. მისი მიზანია ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფა სახელმწიფო კლინიკებსა და კერძო სექტორს შორის.
ჰოლდინგის მუშაობის წყალობით პანდემიის დროს ყველა კლინიკაში საწოლფონდი 65%-ით გაიზარდა. ჰოლდინგი წარმატებით მართავდა 130-ზე მეტ საკარანტინო ზონას და კოვიდ–სასტუმროს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ჰოლდინგში გაერთიანებულია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური საავადმყოფო), ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პროფილაქციკის ცენტრი, ასევე ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო.
ჰოლდინგი 2021 წლის მარტიდან იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობს. ამოქმედდა იმუნიზაციის მობილური ცენტრები, დაკომპლექტდა მობილური ბრიგადები. ამჟამად ჰოლდინგის ამცრელ პუნქტებში დაახლოებით ნახევარი მილიონი აცრა ჩატარდა, რაც საერთო რაოდენობის 25%-ია.
Georgian Medical Holding-მა კიდევ ერთი ფუნქცია იტვირთა: ის მართავს ცენტრალურ ონლაინ–კლინიკას კორონავირუსის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების გამოსავლენად, პაციენტების სწორ მიმართვას სპეციალისტებთან, მკურნალობას სახლის პირობებში და COVID-19-ის შემთხვევების თვალის მიდევნების პროცესის მონიტორინგს.
2022 წელს ჰოლდინგის გეგმებშია: მისი მართვის ქვეშ მყოფი ყველა კლინიკის გარემონტება და ტექნიკით აღჭურვა. დასკვნით ეტაპზეა მოლაპარაკებები ევროპის საინვესტიციო ბანკთან, რომელიც ობიექტების აღდგენასა და რემონტს დააფინანსებს.
ახალი ტექნიკა და აღჭურვილობა
არანაკლებს დატვირთული იყო საგანგებო სიტუაციებში მოქმედებებისა და გადაუდებელი დახმარების კოორდინაციის ცენტრის მუშაობა. 2021 წელს სასწრაფო დახმარების პარკს 33 ერთეული მაღალი გამავლობის მანქანა და 9 რეანიმაციული მანქანა შეემატა.
დასრულდა 341 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა და აღდგენა, 50 სოფლის ამბულატორია აღიჭურვა ტელემედიცინის აღჭურვილობით, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს დისტანციური კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების ხარისხს.
© Ministry of Health & Social Affairs of Ajara / FBბათუმის ერთ–ერთი კლინიკის პალატა

ბათუმის ერთ–ერთი კლინიკის პალატა
© Ministry of Health & Social Affairs of Ajara / FB
შეიქმნა COVID-საწოლების საინფორმაციო პორტალი, სადაც კლინიკები მონაცემებს მიმდინარე რეჟიმში აახლებენ. ეს თავისუფალი საწოლების შესახებ ინფორმაციის სწრაფად მოპოვების საშუალებას იძლევა.
გარდა ამისა, სოფლის ექიმებისთვის შეიქმნა ონლაინ-პლატფორმა, რომლის მეშვეობით ისინი ყოველდღიურად გადიან სწავლებას. ექიმებს შეუძლიათ განახლებული ინფორმაციის მიღება სამედიცინო ოქმებისა და სხვა საჭირო თემების შესახებ.
2022 წლისთვის უახლოეს გეგმებშია საგანგებო დახმარების თბილისის ცენტრის აშენება და გარემონტება. ყველა ფილიალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება. ისინი დაკომპლექტებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიქმნება ყველა პირობა პერსონალის ადგილზე მუშაობისთვის.
2022 წლიდან იგეგმება სამედიცინო მოტოციკლების დანერგვა, რაც სწრაფი და ეფექტური სამედიცინო დახმარების საშუალებას იძლევა.
ცენტრი 2022 წლიდან დაიწყებს მოძრავი ჟანგბადის გენერატორის POGS (Portable Oxygen Generator System) გამოყენებას. სისტემა ცენტრს დაეხმარება ჟანგბადის შესყიდვაზე თანხების დაზოგავაში და ეს გაამარტივებს ლოგისტიკურ პროცესებს.
ტელემედიცინა და ციფრული ჯანდაცვა
ციფრული ჯანდაცვის განვითარების მიზნით 2021 წელს გაიმართა პირველი სხდომა ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ტელემედიცინისა და ციფრული ჯანდაცვის გამოყენება COVID-19-ის პანდემიის დროს და მისი შედეგები“ ფარგლებში.
ამ პროექტის ფარგლებში სოფლის ამბულატორიებში იქნება სამედიცინო აღჭურვილობა COVID-19-ის მსუბუქი ფორმების მართვის, დედობის დაცვისა და ბავშვების ადრეული განვითარებისთვის.
გარდა ამისა, იგეგმება ტელემედიცინის აღჭურვილობით 50 სოფლის ამბულატორიის აღჭურვა, რაც მიმართულია დიაგნოსტიკისა და ძირითადი არაინფექციური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებისკენ.
მხარეებმა შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტელემედიცინის პლატფორმებისა და საკომუნიკაციო პლატფორმების განვითარება მთიან და ძნელად მისადგომ რაიონებში. პროექტის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა.
პროექტი განხორციელდება ევროკავშირთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, გაეროს ბავშვთა ფონდთან და სხვა უწყებებთან თანამშრომლობით.
„შრომითი ლექსიკონი“
შრომის ინსპექციის სამსახურმა 2021 წელს დაიწყო საინფორმაციო კამპანია განახლებული შრომის კოდექსის მონაცემების გავრცელებისა და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებისთვის მასში შეტანილი ცვლილებების შესახებ – „შრომითი ლექსიკონი“.
ლექსიკონი განსაზღვრავს შრომის უფლებებთან დაკავშირებულ ტერმინებს, თანამშრომლებსა და დამსაქმებლებს აცნობს მათ უფლებებსა და ვალდებულებებს. კამპანია ასევე აწვდის ინფორმაციას შრომის ინსპექციის საქმიანობისა და როლის შესახებ და შრომის კულტურაში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს.
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვიდეორგოლები და პლაკატები თემებზე: არადისკრიმინაციული გარემო სამუშაო ადგილზე, დაცვა სექსუალური შევიწროებისგან, შრომითი შეთანხმება, სტაჟირება, სამუშაო დრო, დამატებითი სამუშაო, შვებულება ორსულობის დროს, თანამშრომლობა დამსაქმებლებსა და დაქირავებულებს შორის და სხვ.
დეტალური ინფორმაცია კამპანიის შესახებ განთავსებულია სოციალურ ქსელებში Facebook, LinkedIn და Instagram. აქ მომხმარებლებს შეუძლიათ კითხვების დასმა იურისტისთვის პირადი განცხადების ფორმით და კვალიფიციური, ამომწურავი ინფორმაციის მიღება შრომითი ურთიერთობების შესახებ.
საინფორმაციო კამპანია „შრომითი ლექსიკონი“ ინიცირებულია „ქართული პროგრესული ფორუმის“ მიერ და მხარდაჭერილია USAID-ის, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, სოლიდარობის ცენტრისა და ნორვეგიის საელჩოს მიერ.
კარდიოქირურგია და ონკოლოგიური პაციენტები
სახელმწიფომ 2021 წელს კარდიოქირურგიული მომსახურების ტარიფიკაციის ფარგლებში კარდიოქირურგიული კლინიკებისთვის ძვირადღირებული მოწყობილობის – დეფიბრილატორების დაფინანსება დაიწყო.
მოქალაქეებს კლინიკებისთვის მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა უწევთ, რომელიც, სოციალური სტატუსიდან გამომდინარე, 1-დან 20%-მდეა. შედეგად – მოქალაქეების მიერ გადასახდელი თანხა 20 ათასიდან 700 ლარამდე შემცირდა. წლის განმავლობაში კარდიოდეფიბრილატორები უფასოდ მიეწოდა 287 ბენეფიციარს, ხოლო კარდიოქირურგიული მომსახურების ღირებულება 28,2%-ით შემცირდა.
მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ასევე კიბოთი დაავადებულებისთვის სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაფართოების კუთხით. ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ლიმიტი (ქიმიოთერაპია, ჰორმონალური და სხივური თერაპია) 8 ათასი ლარით გაიზარდა.
ჯანდაცვის უნივერსალური პროგრამა მთლიანად ინტეგრირებულია წამლებით უზრუნველყოფის კომპონენტში ქრონიკული დაავადებების მკურნალობისთვის. დარეგულირდა კლინიკებისთვის გადახდის სისტემა და პირობები.
მოსახლეობის მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისთვის შექმნილია ჯანდაცვის ეროვნული სააგენტო.
როგორ ებრძოდნენ კოვიდ–პანდემიას საქართველოში
2021 წლის თებერვალში საქართველოში შემოაღწია კორონავირუსის ბრიტანულმა შტამმა. 15 მარტიდან დაიწყო ვაქცინაცია AstraZeneca-ს პრეპარატით. მაშინ საქართველომ ამ ვაქცინის პირველი 43.200 დოზა მიიღო. კიდევ ათ დღეში, 25 მარტს მიიღო ვაქცინა Pfizer-ის 29.250 დოზა.
19 მარტს AstraZeneca-თი აცრის შემდეგ ახალციხეში 27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა ანაფილაქსიური შოკისგან. ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაცია ამ პრეპარატით პოლიკლინიკებში შეწყვიტა და მხოლოდ მრავალპროფილურ საავადმყოფოებში განაგრძო. AstraZeneca ახლა რეკომენდებულია მხოლოდ 55 წელს ზემოთ პირებისთვის. ვაქცინის მიმართ უნდობლობა გაჩნდა. სამედიცინო მუშაკების გარდა იმუნიზაციაში ჩართეს რისკ-ჯგუფები.
საქართველოში 4 მაისს დაიწყო მოსახლეობის ვაქცინაცია ჩინური პრეპარატი Sinopharm-ით. პროცესის მართვისთვის მთელ ქვეყანაში მობილიზებული იყო 30 სამედიცინო პუნქტი, შემდეგ კიდევ დაახლოებით 50. Sinopharm-ი მესამე ვაქცინა იყო AstraZeneca-სა და Pfizer-ის შემდეგ, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა.
© photo: Sputnik / Stringerვაქცინაცია

ვაქცინაცია
© photo: Sputnik / Stringer
ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის დასაწყისში გეგმის შესახებ განაცხადეს, რომ 2021 წლის ბოლოსთვის აცრილი უნდა ყოფილიყო ზრდასრული მოსახლეობის მინიმუმ 60%, ანუ დაახლოებით 1,7 მლნ ადამიანი. ეს ნიშნავდა, რომ დღეში უნდა ჩატარებულიყო 20–25 ათასი აცრა.
ივნისში ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩინური Sinopharm-ისა და Sinovac-ის მილიონი დოზა მიიღო. ერთ თვეში ამ ვაქცინების კიდევ 1 მლნ დოზა შემოვიდა.
„დელტა“ შტამმა საქართველოში ივნისში შეამოაღწია. მას სხვაგვარად „ინდურ“ შტამსაც უწოდებენ. 24 ივნისისთვის ქვეყანაში ამ შტამით ინფიცირების 20 შემთხვევა დაფიქსირდა, სულ მალე ეს შტამი დომინანტური გახდა და ბრიტანული მთლიანად განდევნა. თვე-ნახევარში საქართველოში გამოვლინდა „დელტა პლუსიც“.
„დელტა პლუსი“ ე.წ. დელტა შტამის, იგივე ინდური შტამის ახალი ვარიანტი გახდა. მის გამოჩენასთან ერთად ინფიცირების რაოდენობამ იმატა.
კოვიდ–პასპორტები
2021 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოში ამოქმედდა კოვიდ–პასპორტების, ანუ, როგორც უწოდებენ, „მწვანე პასპორტების“ სისტემა. საზოგადოებრივ ადგილებში (რესტორნები, კინო, თეატრი, მუზეუმი და სხვ.) შესვლა მხოლოდ QR–კოდით არის შესაძლებელი.
„კოვიდ–პასპორტი“ – ესაა ელექტრონული დოკუმენტი, რომელშიც შედის მონაცემები მოქალაქის კოვიდ–სტატუსის შესახებ: ვაქცინაციის სრული კურსი, დაავადების გადატანის ვადები, PCR–ტესტირების შედეგები. მას ადამიანი იღებს რამდენიმე შემთხვევაში – თუ სრულად ვაქცინირებულია, ჰქონდა კოვიდი ან აქვს PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი (მოქმედების ვადა – შედეგის მიღებიდან 72 სთ), ან აქვს სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი (მოქმედებს 24 სთ).
„ომიკრონი“ საქართველოში
„ომიკრონი“ ქვეყანაში პირველად 20 დეკემბერს გამოავლინეს. პირველი ინფიცირებული არიან 24 წლის ქალი და 26 წლის მამაკაცი. მათ ვაქცინაციის სრული კურსი ჰქონდათ ჩატარებული. მათი კონტაქტების შემოწმების შემდეგ კიდევ 22 ინფიცირებული გამოვლინდა. წლის ბოლოს ამ ინფექციის 100-მდე შემთხვევა იყო დაფიქსირებული.
ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა
დეკემბრის ბოლოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ზურაბ აზარაშვილი გახდა. მან ამ თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე შეცვალა, რომელიც სამინისტროს 2019 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა.
აზარაშვილს საბანკო სისტემაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს (2000–2020 წლები). შემდეგ ხელმძღვანელობდა თბილისის საავიაციო ქარხანას. 2021 წლის თებერვლიდან იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
ლიზა შელია