ქართველი ფოტოხელოვანის წარმატება უცხოურ კონკურსებზე და ფოტოპროექტი Georgian Beauty

© courtesy of Eka Esebuaეკა ესებუა ქალიშვილთან ერთად
ეკა ესებუა ქალიშვილთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2022
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამერიკაში მცხოვრებ ფოტოხელოვანს ეკა ესებუას გაგაცნობთ.
საქართველოში კომერციული ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ პროფესიით არასოდეს უმუშავია. ჟურნალისტული საქმიანობა ქართულ მედიაში სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან თანამშრომლობით დაიწყო. ერთი პერიოდი საკუთარ ჟურნალ „ბუმერანგს“ გამოსცემდა. ნიუ-იორკში ჩასვლის შემდეგ პრიორიტეტები შეეცვალა და ფოტოგრაფიით თავისი ადრინდელი გატაცება გაახსენდა. ეს საქმე პროფესიონალურად ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ კოლეჯში New York film Academy შეისწავლა.
მისი აზრით, „ფოტოხელოვანები სინათლით ხატავენ“. მის მიერ „სინათლით“ დახატული ფოტოები უცხოეთში არაერთხელ გახდა სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული. დღეს აქტიურად საქმიანობს ქართული კულტურის ცენტრ „ფესვებთან“, სადაც მუშაობს ფოტოპროექტზე Georgian beauty.
© courtesy of Eka Esebuaფოტოხელოვანი ეკა ესებუა
ფოტოხელოვანი ეკა  ესებუა - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2022
ფოტოხელოვანი ეკა ესებუა
- ქალბატონო ეკა, საქართველოში როგორი იყო თქვენი ცხოვრების გზა?
- დავიბადე და გავიზარდე თბილისის ძველ უბანში, ორთაჭალაში. 75-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. ამ პროფესიით არასოდეს მიმუშავია, მაშინვე ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა. სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან ვთანამშრომლობდი. ორი წლის განმავლობაში საკუთარ ჟურნალ „ბუმერანგს“ გამოვცემდი. შემდეგ გავიარე სასერტიფიკაციო გამოცდები და ინგლისური ენის მასწავლებლის სერტიფიკატი ავიღე. ამერიკაში წამოსვლამდე გორის კერძო სკოლაში ვასწავლიდი.
© courtesy of Eka Esebuaშვილებთან ერთად
შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2022
შვილებთან ერთად
- თქვენი ამერიკული ცხოვრება როდის და როგორ დაიწყო?
- ხუთი წლის წინ სამი შვილით ნიუ-იორკში ჩამოვედი. მშობლები უკვე ამ ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ და აქ ოჯახის გაერთიანების პროგრამით ჩამომიყვანეს. უფროსი ვაჟი სრულწლოვანობის გამო ამ პროგრამაში ვერ მოხვდა და საქართველოში დარჩა. ნიუ-იორკში ჩამოსვლის შემდეგ, როგორც უმეტესობა ქართველებისა, მეც მოხუცთან დავიწყე მუშაობა. მაშინ მორალურად ძალიან გამიჭირდა...
© courtesy of Eka Esebuaეკა ესებუას ფოტო პროექტში Georgian Beauty
ეკა ესებუას ფოტო პროექტში „Georgian Beauty“ - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2022
ეკა ესებუას ფოტო პროექტში Georgian Beauty
- ერთ დღესაც გადაწყვიტეთ, რომ ფოტოგრაფია შეგესწავლათ...
- დიახ, გადავწყვიტე ფოტოგრაფია შემესწავლა ყველაზე პრესტიჟულ კოლეჯში New York film Academy. იქ ჩემი გადაღებული ფოტოები გავგზავნე, მოეწონათ და ამიყვანეს. მოგვიანებით გავიგე, რომ ერთწლიანი სწავლება კოლეჯში $42.000 ღირდა. ეს ფაქტი იმხელა წინააღმდეგობა იყო, ვიფიქრე, ამ თანხის გადახდას ვერასოდეს შევძლებდი. ერთი წლის მანძილზე დღეში ლამის 12-საათიანი სწავლება გამოდიოდა. ფაქტობრივად, ვერ ვიმუშავებდი და სამ შვილთან ერთად დედაჩემისა და მამაჩემის სარჩენი უნდა ვყოფილიყავით. თუმცა ამერიკაში რომ მესწავლა, მშობლები გვერდში დამიდგნენ.
© courtesy of Eka Esebuaეკა ესებუას ფოტო პროექტში Georgian Beauty
ეკა ესებუას ფოტო პროექტში „Georgian Beauty“ - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2022
ეკა ესებუას ფოტო პროექტში Georgian Beauty
- ამ თანხის შოვნა ემიგრანტისთვის საკმაოდ რთულია, როგორ გადაწყდა თქვენი სწავლის საკითხი?
- ოჯახში გამოვაცხადე, რომ ვერ ვისწავლიდი, მაგრამ ისე მინდოდა სწავლა, რომ თვალები მთელი კვირა მეცრემლებოდა. მაშინ დედაჩემმა მითხრა, რახან ასე გინდა, უნდა ისწავლოო. ავიღე სტუდენტური სესხი, რომლის გადახდაც სწავლის დამთავრების შემდეგ უნდა დამეწყო, თანაც, როგორც მარტოხელა დედას (მეუღლე შვიდი წლის წინ გარდამეცვალა), კოლეჯმა გადასახადი თანხიდან 15.000 დოლარი ჩამომაჭრა. უპროცენტო სესხითა თუ შეღავათებით სახელმწიფო ყველანაირად გვერდში დამიდგა. ამერიკაში ბევრი ქართველისგან მესმოდა, როგორ ლოცავდნენ ამ ქვეყანას და თავიდან ძალიან მიკვირდა. ახლა კი ამ მადლიან ქვეყანაზე მეც იმავეს ვამბობ. მოკლედ, ვისწავლე და დავამთავრე კოლეჯი, რომელმაც მთელი ჩემი სამყარო შეცვალა. როგორც ხელოვანი, ძალიან დამხვეწა და გამზარდა. ის წელი საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში. კოლეჯში სწავლის დროს ბევრ პროექტში მივიღე მონაწილეობა.
© courtesy of Eka Esebuaეკა ესებუას გამარჯვებული ფოტო სტუდენტურ პროექტში „კარანტინი“
ეკა ესებუას გამარჯვებული ფოტო სტუდენტურ პროექტში „კარანტინი“ - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2022
ეკა ესებუას გამარჯვებული ფოტო სტუდენტურ პროექტში „კარანტინი“
- მათ შორის ყველაზე გამორჩეული რომელი იყო თქვენთვის?
- განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საგამოცდო პროექტი „კარანტინი”, რომლის წარდგენა პანდემიის პერიოდს დაემთხვა. რადგან გარეთ ვერ გავდიოდი, გადავწყვიტე მომეყოლა ფოტო-ისტორია იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდა ჩემი ოჯახი პანდემიის დროს. ამ პროექტს კოლეჯში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მახსოვს, ფოტოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მომწერა, რომ მოეწონა, რადგან ძალიან ძლიერი პროექტი გამოვიდა. ჩემი ერთ-ერთი ფოტო იმ პროექტიდან ნიდერლანდში გამოიფინა. იმ ფოტოზე ჩემი ქალიშვილია, რომელიც მოწყენილი ზის ფანჯარასთან და ქუჩას გაჰყურებს. ამავე ფოტომ სტუდენტურ კონკურსზე გაიმარჯვა და სამი თვის განმავლობაში ნიდერლანდში, ბელვედერის მუზეუმის ეზოში იყო გამოფენილი.
© courtesy of Eka Esebuaეკა ესებუას ფოტო პროექტში Georgian Beauty
ეკა ესებუას ფოტო პროექტში „Georgian Beauty“ - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2022
ეკა ესებუას ფოტო პროექტში Georgian Beauty
- კოლეჯის დამთავრების შემდეგ სად დაიწყეთ მუშაობა?
- კოლეჯის დამთავრების შემდეგ მუშაობა როგორც food photographer-მა დავიწყე. Grabhub და Uber Eats ვებ-საიტების ფოტოებით უზრუნველყოფა მევალება. პარალელურად ქართული კულტურის ცენტრ „ფესვებში“, რომლის ხელმძღვანელია ქალბატონი შორენა ბარბაქაძე, გავხსენით ფოტოსტუდია და ერთობლივად დავიწყეთ მუშაობა ფოტოპროექტზე Georgian beauty. ეს ქალბატონი ბევრ ქართული საქმეს უდგას სათავეში და მის სტუდიაში მისვლა ქართველი ბავშვებისთვის ძალიან დიდი სიხარულია. ეს ადამიანი პატარებს ქართულ იდენტობას უძლიერებს.
© courtesy of Eka Esebuaეკა ესებუას გამარჯვებული ფოტო პროექტიდან My park moments
ეკა ესებუას გამარჯვებული ფოტო პროექტიდან „My park moments“  - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2022
ეკა ესებუას გამარჯვებული ფოტო პროექტიდან My park moments
- ვფიქრობ, თქვენს ობიექტივში პატარა ქართველი ემიგრანტების ცეკვის ამსახველი კადრებიც მოხვდა...
- მათ რეპეტიციას რამდენჯერმე დავესწარი და ამ ბავშვებში იმხელა ცეცხლი და პატრიოტიზმი ვიგრძენი, რომ გადავწყვიტე, მათი ქართული ხასიათი და ემოცია ფოტოებით გადმომეცა. ამ იდეის განხორციელებაში ძალიან დამეხმარა ქალბატონი შორენა, რომელიც პროექტის მხატვრული ხელმძღვანელია.
- სტუდიის ქართული პროექტით ვინ დაინტერესდა?
- ჩვენი სტუდიის პროექტით Georgian Beauty, ქართული საცეკვაო ხელოვნებით და კულტურით ესპანური ჟურნალი Elite დაინტერესდა. ეს სტუდია და მისი წინსვლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის, როგორც ფოტოხელოვანს, მაძლევს იმის საშუალებას, რომ საკუთარ თავში პოტენციალი და კრეატიულობა აღმოვაჩინო და ისინი ფოტოხელოვნებაში მაქსიმალურად გამოვიყენო. მხატვრები საღებავებით ხატავენ, ფოტოხელოვანები კი სინათლით. სტუდია კი ის ბერკეტია, რომლის დახმარებითაც სინათლით ხატვის ხელოვნებას ვსწავლობ.
- ამჟამად სად არის გამოფენილი თქვენი ფოტოები?
- ამ ზაფხულს მონაწილეობა მივიღე Photoville-ის მიერ მოწყობილ კონკურსში, სადაც ჩემმა ორმა ფოტომ გაიმარჯვა. ისინი ამჟამად გამოფენილია სან-ფრანცისკოში, Golden Gate Bridge-ის მიმდებარე პარკში, რომელსაც The Presidio ჰქვია. ეს საკმაოდ პრესტიჟული კომპანიაა, რომელიც შეერთებული შტატების დიდი ქალაქების ცნობილ ბაღებსა თუ სკვერებში აწყობს გამოფენებს.
- ქართველებს რას უსურვებთ ახალ წელს?
- ჩვენს თანამემამულეებს და ქართველ ემიგრანტებს შობა–ახალ წელს ვულოცავ. ვისურვებ, რომ ჩვენს ქვეყანაში დაბრუნება მალე შევძლოთ და მოგვეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ნიჭი და პოტენციალი საქართველოს სასიკეთოდ გამოვიყენოთ...
ყველა ახალი ამბავი
0