„მგონია, რომ მამა ყოველ ახალ წელს ანგელოზად მუშაობს“ – იხსენებს ქართლოს კასრაძის ქალიშვილი
16:05 04.01.2022 (განახლებულია: 21:05 04.01.2022)
© courtesy of Guranda Kasradzeგურანდა კასრაძე
გამოწერა
ამ არტისტის განსაკუთრებული ნიჭისა და მეხსიერების ამბავი დღემდე ყველას აკვირვებს. დროს ბევრად უსწრებდა, საბჭოურ კლიშეებს არ ეპუებოდა, ამიტომ სცენაზე ყოველი მისი გამოსვლა მართლაც უჩვეულო დღესასწაული იყო.
მსახიობი და მწერალი, კონფერანსიე, ქართლოს კასრაძე მარტო სტატუსით კი არა, საყოველთაო სიყვარულითაც იყო სახალხო არტისტი. ახალი წლის დღეებში ჩვენ დავუკავშირდით მსახიობის ქალიშვილს გურანდა კასრაძეს და მამაზე ამბების გახსენება ვთხოვეთ...
© courtesy of Guranda Kasradzeქართლოს კასრაძის ქალიშვილი - ჟურნალისტი გურანდა კასრაძე
ქართლოს კასრაძის ქალიშვილი - ჟურნალისტი გურანდა კასრაძე
- ქალბატონო გურანდა, რადგან ახალი წლის დღეებია, მინდა გაიხსენოთ როგორ ხვდებოდით ახალ წელს ოჯახში, თუ ჰქონდა ბატონ ქართლოსს რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია?
- რაიმე განსაკუთრებული საახალწლო ტრადიციები არ ჰქონია, მხოლოდ ესაა, რომ ახალი წლის წინა დღეებში პატარა ჩემოდნით სადღაც მიდიოდა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ თურმე აბანოში მიდიოდა ხოლმე აბანოთუბანში, სადაც ერთხელ არცთუ მთლად ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დააკავეს. როცა განყოფილებაში მის ანკეტას ავსებდნენ, მილიციელს თავის გვარ-სახელი ასე უკარნახა: ვახტანგ გორგასალი. მორიგ კითხვაზე – სად მიდიხარო, უპასუხა: ხოხობზე სანადიროდ!
© courtesy of Guranda Kasradzeმსახიობი, მწერალი და საქართველოს სახალხო არტისტი ქართლოს კასრაძე
მსახიობი, მწერალი და საქართველოს სახალხო არტისტი ქართლოს კასრაძე
- თქვენს სახლს ბევრი გამორჩეული სტუმარი ახსოვს...
- ყველაფერი საოცრება ჩვენს ძველ სახლში უნდა მომხდარიყო. ერთხელ, წინასაახალწლო დღეებში ბატონი ალექსანდრე ბასილაია გვესტუმრა. ფორტეპიანოზე მთელი „ჩხიკვთა ქორწილი“ შეგვისრულა. პრემიერის წინ ღელავდა და ჩვენზე დატესტა, თუ მოგვეწონებოდა. ამ დღეს რა დამავიწყებს!..
© courtesy of Guranda Kasradzeგურანდა კასრაძე მშობლებთან ერთად
გურანდა კასრაძე მშობლებთან ერთად
- ბატონი ქართლოსი ყველას ძალიან უყვარდა, ამ სიყვარულის გამოვლენის რაიმე ამბავი ხომ არ გახსენდებათ?
- ერთ ახალ წელს მამას სთხოვეს, საახალწლო კონცერტისთვის ტექსტები დაეწერა. მაშინ ფილმი „მიმინო“ ახალი გამოსული იყო და ბუბას და ფრუნზიკ მკრტჩიანის დიალოგზე ყველა ხალისობდა. მაშინ ახალი წელი ტელევიზორიდან ბატონმა ბუბამ მოგვილოცა: ჩემ საყვარელ კასრაძეების ოჯახს ვულოცავო! ყველას სათაყვანო მომღერლისა და მსახიობისგან ასე საჯაროდ და ხაზგასმით მოლოცვა ჩვენთვის სასიხარულო და დაუვიწარი იყო... კიდევ მახსენდება, რომ ტელევიზიით გამოსვლის დროს ბატონ ეროსი მანჯგალაძეს რაღაც აერია და უნებურად წამოსცდა, უჰ, მოგკლავ, ქართლოსო. ამაზე ბევრი ვიცინეთ. კიდევ მახსოვს, რომ ვალსის ცეკვას გვასწავლიდა. ყოველ ახალ წელს ახსენდებოდა, რომ გოგოებს ვალსის ცეკვა უნდა გვცოდნოდა და ჩვენც ვცეკვავდით. სხვათა შორის, მამა კარგად ცეკვავდა და სამეჯლისო ცეკვების კონკურსებზე პრიზებიც ჰქონდა მიღებული.
© courtesy of Guranda Kasradzeქართლოს კასრაძე ოჯახის წევრებთან ერთად
ქართლოს კასრაძე ოჯახის წევრებთან ერთად
- მამის ფენომენალურ მეხსიერებასა და ნიჭიერებაზე ყველამ კარგად იცის...
- ერთხელ მამამ ჩემი მეუღლის სახლიდან წიგნი ითხოვა. მაშინ შილერისა და იბსენის თითო ტომი წამოვუღე. მითხრა, ეს რა მომიტანე, ესენი ვიციო... და ორივე წიგნის პიესები ზეპირად ჩაარაკრაკა. მისი ასეთი ნიჭი ყველას აოცებდა, ჩვენ კი მიჩვეულები ვიყავით.
© courtesy of Guranda Kasradzeმსახიობი, მწერალი და საქართველოს სახალხო არტისტი ქართლოს კასრაძე
მსახიობი, მწერალი და საქართველოს სახალხო არტისტი ქართლოს კასრაძე
- ცხოვრებაში როგორ გრძნობდა თავს ცნობილი ქართველი მსახიობისა და მწერლის ქალიშვილი, გარკვეული შეღავათებით თუ სარგებლობდით?
- არავითარი შეღავათი. მამა წინააღმდეგობების დაძლევას გვასწავლიდა. ჩვენ თავად ვაღწევდით ყველაფერს და დამოუკიდებლად მიღწეული ჩვენი წარმატებები ძალიან ახარებდა.
- რომელია რჩევა, რომელსაც ხშირად გიმეორებდათ?
- იცოდა ჩემი გულის ამბები და სულ მთხოვდა, არაფერზე იდარდოო. მახსოვს, ერთხელ ჩემს კლასელებს უთხრა, ბავშვებო, დიდი შეცდომებს ნუ ჩაიდენთ, პატარ-პატარა მოგეტევებათო.
© courtesy of Guranda Kasradzeფოტო საოჯახო არქივიდან
ფოტო საოჯახო არქივიდან
- ვიცი, ერთხელ რადიოში ინტერვიუ ჩამოართვით...
- თუმცა ჩვენ ყოველთვის ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით, მთელი ინტერვიუს მანძილზე „მამავ ბატონოთი“ მივმართავდი და ძალიან ბედნიერი იყო.
- თუ უნდოდა, რომ შვილები სცენაზე გამოსულიყავით?
- მამას არ უნდოდა, რომ შვილებს სცენასთან ჰქონოდათ ურთიერთობა, მაგრამ ძალიან ბედნიერი იყო, როცა მოსკოვის ქართული სკოლის სცენაზე პაპაჩემის დავით კასრაძის პიესა „ლეგენდა რუსთაველზე“ დავდგი. შესაძლოა, მაშინ იფიქრა კიდეც, რომ ჩემთვის სასცენო საქმიანობა არ უნდა დაეშალა, მაგრამ მაინც არაფერი უთქვამს. ძალიან უხაროდა ის ამბავი, რომ ოჯახის დედა ვიყავი, ჩვენთვის მეტს არაფერს ნატრობდა.
© courtesy of Guranda Kasradzeგურანდა კასრაძე ოჯახთან ერთად
გურანდა კასრაძე ოჯახთან ერთად
- საგასტროლო კონცერტებზე ხშირად იწვევდნენ...
- ერთხელ გასტროლებიდან დაბრუნებული მამა რუსეთში საზღვარზე დააკავეს. მთელი ჩხრეკის მომენტში, თურმე, ხელებაწეული იდგა და მღეროდა – С чего начинается Родина... მესაზღვრეები ვერ მიხვდნენ რა ექნათ ამ უცნაური ადამიანისთვის. როცა მის პასპორტში ლენინის ფოტო ნახეს, ჰკითხეს, ეს რატომ გაქვსო. მან თავდაჯერებულად უპასუხა – „ია ევო ლიუბლუო!“ რას ეტყოდნენ...
© courtesy of Guranda Kasradzeქართლოს კასრაძის შვილები ახალ წელს
ქართლოს კასრაძის შვილები ახალ წელს
- დარწმუნებული ვარ, შვილებს საახალწლო სურვილებს ყოველთვის უსრულებდა..
- ჩვენი ნაძვის ხე სამყაროში ყველაზე ლამაზი იყო. არ მახსოვს როდის გვიყიდეს ან რატომ იყო გვერდზე ასე გადაღრეცილი, ალბათ იმიტომ, რომ მასზე ოთხი ბავშვის სურვილები და ოცნებები ეკიდა... იმ სურვილებიდან უმრავლესობა ოთხივეს აგვისრულდა. ერთხელ საახალწლო სურვილებად ჩავიფიქრეთ, რომ მულტფილმები გვენახა და ბევრზე ბევრი კაკლის მურაბა და გოზინაყი გვქონოდა. ბედნიერი დრო იყო: მშობლები ახალგაზრდები იყვნენ, მამა დაუსრულებელ ზეიმს გვიწყობდა და ჩვენი სახლიდან მუდამ სიცილ-ხარხარის ხმა ისმოდა. ისეთი მხიარული და კეთილი მამა გვყავდა, დღემდე მგონია, რომ ყოველ ახალ წელს ანგელოზად მუშაობს, იუმორის და პოეზიის საღამოებს კი ახლა იქ, ზევით ატარებს ხოლმე...