კრიზისები, არჩევნები, სააკაშვილი – 2021 წლის საქართველოს მთავარი პოლიტიკური მოვლენები

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2022
გამოწერა
საქართველომ, რომლის მოსახლეობაც ძლიერ პოლიტიზებულია, 2021 წელს სერიოზული პოლიტიკური რყევები განიცადა.
2021 წელს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება განსაკუთრებით დატვირთული იყო – გაჩნდა ახალი პარტიები, ჩატარდა არჩევნები, შეიცვალა პოლიტიკური ვითარება. ოპოზიცია პროტესტს გამოხატავდა, ზავს დებდა ხელისუფლებასთან, შემდეგ კი კვლავ ქუჩაში გადიოდა ახალი მოთხოვნებით.
რა ხდებოდა ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში – ამის შესახებ Sputnik-საქართველოს მასალაში წაიკითხავთ.
წავიდა უკანმოუხედავად
წლის პირველი ხმაურიანი მოვლენა იანვრის შუა რიცხვებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი იყო. ივანიშვილმა ყველასთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ გადაწყვიტა დაეტოვებინა მართვის სადავეები და საბოლოოდ წასულიყო პოლიტიკიდან.
თავის მისიას ივანიშვილმა შესრულებული უწოდა და გადაწყვიტა ცხოვრების ჩვეულ წესთან დაბრუნება, რომლითაც იგი 2011 წლამდე ცხოვრობდა.
ეს პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლის მეორე შემთხვევა იყო. პირველად წასვლის შესახებ განცხადება მან 2013 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა, თუმცა მოგვიანებით, 2018 წელს ის ფორმალურად დაბრუნდა პოლიტიკაში და მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა.
„მისია შესრულებულია“: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის>>
ივანიშვილმა დაარწმუნა მოსახლეობა, რომ ამჯერად, 2013 წლისგან განსხვავებით, ის საბოლოოდ მიდიოდა პოლიტიკიდან და არავითარ კომუნიკაციას მმართველ პარტიასთან აღარ გააგრძელებდა – არ გაუწევდა მათ კონსულტაციებს, არ გააკრიტიკებდა. „არავითარი ინტერვიუ და საჯარო განცხადებები“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
თუმცა ივანიშვილის დუმილი ზუსტად ექვს თვეს გაგრძელდა. სიტყვა მას დაარღვევინა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომამ, რომელმაც საკუთარი პარტია ჩამოაყალიბა და განაცხადა, რომ აპირებდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა გაექარწყლებინა ჭორები იმის შესახებ, რომ გახარია „მისი პროექტი“ იყო. მას შემდეგ მმართველი პარტიის დამფუძნებელი მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა სახალხოდ, თუმცა არავითარი განცხადებები აღარ გაუკეთებია.
წავიდა... ოპოზიციაში
გახარია ივანიშვილის წასვლიდან მალევე, 2021 წლის თებერვალში გადადგა პრემიერის თანამდებობიდან. იმ მომენტისთვის ის ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი იყო საქართველოში.
თუმცა ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერში, როდესაც იგი სათავეში ჩაუდგა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტს, ის თავდასხმების მთავარ ობიექტს წარმოადგენდა. საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვდა მის გადადგომას შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან ზაფხულში საპროტესტო აქციის სასტიკად დაშლის გამო.
მისი გადადგომიდან მალევე, მაისის ბოლოს გახარიამ ახალი პარტია „საქართველოსთვის“ ჩამოაყალიბა და განაცხადა, რომ თვითმართველობის არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. პარალელურად მან გადაიბირა საკანონმდებლო ორგანოს ექვსი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ და რეგიონული მოხელეები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებიდან.
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
გახარიას სტრატეგია: ექს-პრემიერის პარტიამ მიზანი გაამხილა
ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი უფრო შორს წავიდა და საკუთარი კანდიდატურა თბილისის მერის თანამდებობაზე წამოაყენა. მოქმედ მერს მან ვერ მოუგო, მაგრამ თავის პარტიას არჩევნებში 9,4%-ით მესამე ადგილი მოუტანა.
პარტია „საქართველოსთვის“ მესამე ადგილზე გავიდა მმართველი „ქართულ ოცნებისა“ და ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ. ამჟამად გახარიას პარტიიდან გასული დეპუტატების ხმები საკრებულოებში გადამწყვეტია იმ ქალაქებსა და რაიონებში, სადაც „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ სადეპუტატო შემადგენლობებს შორის მინიმალური სხვაობაა.
ამიტომაც ასეთ მუნიციპალიტეტებში პარტია „საქართველოსთვის“ გეგმავს თავისი კანდიდატების წამოყენებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში წამყვან თანამდებობებზე.
პარტიული ბატალიები
ერთ წელიწადში პოლიტიკური სურათი ქვეყანაში საგრძნობლად გადასხვაფერდა. ივანიშვილისა და გახარიას წასვლის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ მთავარ როლს ასრულებს ტრიუმვირატი: პარტიის თავმჯდომარე და ბოლო საკონსტიტუციო რეფორმის ავტორი ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე.
საინტერესო იყო გახარიას გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე ოპოზიციონერის ამპლუაში. საკმაოდ ხანმოკლე დროში ყოფილმა პრემიერმა და მისმა პარტიამ შეძლეს თავისი ძალის დემონსტრირება და ბოლო არჩევნებზე მესამე ადგილზე გავიდნენ.
ცვლილებები ოპოზიციურ პარტია „ნაციონალური მოძრაობასაც“ შეეხო. ძველი პლეადის პოლიტიკოსის, გრიგოლ ვაშაძის ნაცვლად, პარტიაში თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს. ამის შემდეგ აქტიურად დაიწყო პარტიის განახლება. სააკაშვილის დროინდელი ბევრი მაღალჩინოსანი ახალმა პოლიტიკოსებმა ჩაანაცვლეს.
© photo: Sputnik / Stringerნიკა მელია
Ника Мелия. Акция протеста сторонников оппозиции и ЕНД в поддержку Саакашвили 19 ноября 2021 года - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2022
ნიკა მელია
ადგილობრივი არჩევნებისთვის „ნაცმოძრაობამ“ შექმნა მსხვილი კოალიცია, რომელშიც შევიდნენ პატარა პარტიები, მათ შორის, „პროგრესი და თავისუფლება“, „ევროპელი დემოკრატები“, „ქრისტიან-კონსერვატორული პარტია“, „ახალი საქართველო“, „სახელმწიფო ხალხისთვის“ და სხვ.
ორმა ლიდერმა დატოვა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“. დავით ბაქრაძე და გიგი უგულავა ახლა დამოუკიდებელი პოლიტიკოსები არიან. პარტიას კი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს.
ორად გაიყო ყველაზე ორიგინალური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“. ამჟამად საქართველოში ერთნაირი სახელწოდების ორი პარტიაა, ერთმა შეინარჩუნა თავდაპირველი სახელი, მეორე კი გახდა „გირჩი - მეტი თავისუფლება“.
ამასობაში „სტრატეგია აღმაშენებელმა" პარტიის „კანონი და სამართალის“ მხარდაჭერა დაკარგა, თუმცა ჩამოაყალიბა დიდი კოალიცია სახელწოდებით „მესამე ძალა“. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა, კოალიციაში შევიდნენ „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკური პარტია“.
პოლიტიკური კრიზისი
2021 წელს უკვე ღიად დაიწო საუბარი საქართველოში პოლიტიკურ კრიზისზე. თუმცა სიტუაცია უფრო ადრე დაიძაბა – საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარდა.
ოპოზიციამ არ ცნო არჩევნების შედეგები და ხელისუფლება მის გაყალბებაში დაადანაშაულა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბოიკოტი გამოაცხადეს და ქუჩის აქციებზე აიღეს აქცენტი.
საქმე იქამდე მივიდა, რომ საჭირო გახდა საერთაშორისო პარტნიორების ჩართვა. მხოლოდ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის და ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის შუამდგომლობამ არსებითი შედეგი ვერ გამოიღო. ამიტომ პროცესში პირადად შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩაება. იგი რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველოში.
მიშელის მცდელობას უშედეგოდ არ ჩაუვლია. 19 აპრილს ოპოზიციონერების დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა შეთანხმებას „ქართულ ოცნებასთან“.
გამონაკლისს წარმოადგენდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“ და „ევროპული საქართველო“.
ამის მიუხედავად, „ნაცმოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა შეწყვიტეს ბოიკოტი, რომელიც ექვს თვეზე მეტხანს გრძელდებოდა და ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლეს. „ქართულმა ოცნებამ“, თავის მხრივ, დაიწყო მუშაობა შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებზე.
© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი. ცარიელი ადგილები
Пустые места в зале заседаний. Парламент Грузии десятого созыва начал работу 11 декабря 2020 года - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2022
პარლამენტის სხდომათა დარბაზი. ცარიელი ადგილები
ზავი დიდხანს არ გაგრძელებულა. ივლისის დასაწყისში რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტს კვლავ ბოიკოტი გამოუცხადა. თვის ბოლოს, 26 ივლისს კი „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „შარლ მიშელის შეთანხმებად“ წოდებული ხელშეკრულებიდან გადის.
პრემიერმა გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირებული რეფორმების ნაწილი გაატარა, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
ამაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მიშელის შეთანხმებიდან გასვლა „დესტრუქციული ძალის“ გამო შეცდომა იყო.
„ნაცმოძრაობის“ საპასუხო ნაბიჯი გახდა არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დოკუმენტის რამდენიმე დებულებას არ ეთანხმებოდნენ, მაშინ პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არ შეიძლებოდა „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა მიეცათ. „ნაცმოძრაობის“ გადაწყვეტილებას „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკური თაღლითობა უწოდეს.
ადგილობრივი არჩევნები, როგორც რეფერენდუმი
2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა. მთავარი ინტრიგა იყო – შეძლებდა თუ არა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა ხმების 43%-ის აღებას.
„შარლ მიშელის შეთანხმების“ თანახმად, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43%-ზე მეტს ვერ მიიღებდა, უნდა ჩატარებულიყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამგვარად, ადგილობრივი არჩევნები ერთგვარ რეფერენდუმად გადაიქცა.
„ქართულმა ოცნებამ“ მეტი – 46,7% მიიღო და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი დახურულად გამოაცხადა.
მიუხედავად ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებისა, რომლებმაც აღიარეს, რომ ადგილობრივი არჩევნები ორგანიზებულად და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, ოპოზიცია მაინც უარს აცხადებს მათ ცნობაზე.
საქართველოს ახალი პოლიტიკური რუკა: რა აჩვენა არჩევნებმა>>
„ნაცმოძრაობამ“ და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლება მასობრივ გაყალბებაში დაადანაშაულეს და კვლავ ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს და ქუჩის საპროტესტო აქციებზე გადავიდნენ, რითაც მორიგი პოლიტიკური კრიზისის პროვოცირება მოახდინეს.
გარდა ამისა, უკვე რამდენიმე კვირაა ვერ ხერხდება საკრებულოების თავმჯდომარეების დანიშვნა ზოგიერთ მუნიციპალიტეტში იმის გამო, რომ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას თითქმის თანაბარი რაოდენობის დეპუტატები ჰყავთ და კონსენსუსს ვერ აღწევენ.
სააკაშვილის დაბრუნება
დიდი მოულოდნელობა იყო 2021 წლის შემოდგომაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება. სააკაშვილი მრავალი წლის შემდეგ ქვეყანაში ოპოზიციისა და მისივე დაფუძნებული პარტიის მხარდასაჭერად დაბრუნდა.
სააკაშვილი მალევე დააპატიმრეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა გამოაცხადა. სამშობლოში მისმა დაბრუნებამ ახალი საპროტესტო ტალღა გამოიწვია. ყველაზე მასშტაბური აქცია 14 ოქტომბერს გაიმართა. პარტიის მხარდამჭერები მთელი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ და თბილისის ცენტრში შეიკრიბნენ.
მთავარი მოთხოვნა იყო სააკაშვილის გათავისუფლება, რომელსაც სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
როგორ აღნიშნეს სააკაშვილის მომხრეებმა მისი დაბადების დღე - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
როგორ აღნიშნეს სააკაშვილის მომხრეებმა მისი დაბადების დღე – ვიდეო
საპროტესტო აქციები საქართველოს ყოველდღიურობა გახდა. საპროტესტო განწყობას აღვივებს სააკაშვილის პერმანენტული მოწოდებებიც. ექს-პრეზიდენტის პოზიციას გამუდმებით ავრცელებენ მისი ადვოკატები, ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და მეგობრები. თავად სააკაშვილი საზოგადოების წინაშე სიტყვით მხოლოდ ორჯერ გამოვიდა – სასამართლოში.
სააკაშვილის დაბადების დღეს, 21 დეკემბერს მისი მხარდამჭერები კვლავ შეიკრიბნენ საპროტესტო აქციაზე. ახალ წლამდე ათი დღით ადრე მათ მასობრივი შიმშილობა გამოაცხადეს ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით. ოპოზიციონერების თქმით, „ნაცმოძრაობის“ ოფისთან გაშლილ კარვებში ორასამდე ადამიანი შიმშილობს.
ამჟამად სააკაშვილის რუსთავის №12 საპატიმროში იმყოფება, სადაც იგი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან 30 დეკემბერს დააბრუნეს. კლინიკაში იგი შიმშილობის შემდგომ სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა.
ყველა ახალი ამბავი
0