არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი მახათას მთაზე დაკრძალეს

© photo: Sputnik / Stringerსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2022
გამოწერა
გიგა ბათიაშვილი თბილისის ისტორიული უბნებისა და ცალკეული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია-რეგენერაციის პროექტების ავტორია.
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. ქართველი არქიტექტორი და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გიგა ბათიაშვილი მახათას მთაზე ახალ პანთეონში დაკრძალეს.
გიგა ბათიაშვილი 31 დეკემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობილი არქიტექტორის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

„დიდია ჩვენი გულისტკივილი ცნობილი არქიტექტორის, ძველი თბილისის აღდგენაში გამორჩეული წვლილის შემტანის, ბატონი შოთა ყავლაშვილის საქმის ღირსეული გამგრძელებლის, მუდამ მოფუსფუსე, ახალგაზრდების პროფესიონალურ აღზრდაში დაუღალავის, ბატონი გიგა ბათიაშვილის გარდაცვალების გამო“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

გიგა ბათიაშვილმა 1958 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1967 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სამხატვრო აკადემიაში.
გარდაიცვალა არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი>>>
მისი ძირითადი ნამუშევრებია: თბილისის მეტროპოლიტენის სადგური „300 არაგველი“ (1967), თბილისის ფუნიკულიორის ქვედა სადგური (1970-1971, იტალიელთა წინააღმდეგობის მოძრაობის გმირთა მემორიალი პერეზაში (ქ.არონის მახლობლად, იტალია, 1972).
არის ავტორი თბილისის ისტორიული უბნების - შარდენის ქუჩის, ბამბის და რკინის რიგების, კ. ლესელიძისა და დუტუ მეგრელის ქუჩების, ღვინის აღმართის, ქარვასლის, სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიისა და ორბელიანთ უბნის განაშენიანების რეკონსტრუქცია-რეგენერაციის (1979–1989).
ასევე არის ძველი თბილისის ცალკეული შენობების, მეიდნის, ქეთევან წამებულის პროსპექტისა და ბარათაშვილის აღმართის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის პროექტების ავტორი.
1982 წელს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა, 1996 წელს კი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0