გარდაიცვალა არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი

© photo: Sputnik / Stringerსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2021
გამოწერა
გიგა ბათიაშვილი თბილისის ისტორიული უბნებისა და ცალკეული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია-რეგენერაციის პროექტების ავტორია.
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. ქართველი არქიტექტორი და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გიგა ბათიაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
არქიტექტორის გარდაცვალებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მან გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.
„განუზომელია ის დამსახურება, რომელიც მას ჩვენი დედაქალაქის და მისი ისტორიული იერსახის აღდგენა-შენარჩუნებაში მიუძღვის. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი გიგას ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს“, - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმრის წერილში.
გიგა ბათიაშვილმა 1958 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1967 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სამხატვრო აკადემიაში.
მისი ძირითადი ძირითადი ნამუშევრებია: თბილისის მეტროპოლიტენის სადგური „300 არაგველი“ (1967), თბილისის ფუნიკულიორის ქვედა სადგური (1970-1971, თანაავტორები: არქიტექტორი ტ. ქუთათელაძე, მხატვარი ვ. ქოქიაშვილი), იტალიელთა წინააღმდეგობის მოძრაობის გმირთა მემორიალი პერეზაში (ქ.არონის მახლობლად, იტალია, 1972).
არის ავტორი თბილისის ისტორიული უბნების - შარდენის ქუჩის, ბამბის და რკინის რიგების, კ. ლესელიძისა და დუტუ მეგრელის ქუჩების, ღვინის აღმართის, ქარვასლის, სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიისა და ორბელიანთ უბნის განაშენიანების რეკონსტრუქცია-რეგენერაციის (1979–1989).
ასევე არის ძველი თბილისის ცალკეული შენობების, მეიდნის, ქეთევან წამებულის პროსპექტისა და ბარათაშვილის აღმართის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის პროექტების ავტორი.
1983 წელს გადაეცა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჯილდო „სამკერდე ჯვარი“; 1985 წელს თბილისის ისტორიული ნაწილის ქალაქთმშენებლობითი გარემოს ორგანიზაციისათვის არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის პრემია.
1987 წელს გადაეცა სსრკ სახელმწიფო პრემია (შ. ყავლაშვილთან ერთად) თბილისის ისტორიული ნაწილის ქალაქთმშენებლობითი გარემოს ორგანიზაციისთვის.
1982 წელს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა, 1996 წელს კი გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე.
ყველა ახალი ამბავი
0