პანდემიური ყოფიერების სიმსუბუქე - საინტერესო ამონარიდები გასული წლის მასალებიდან
17:17 31.12.2021 (განახლებულია: 16:44 04.01.2022)
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკაფეები
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
გამოწერა
დღეს, ღამის 12 საათის მერე, კაცობრიობა თავისი არსებობის ახალი წლის ათვლას იწყებს. როგორი იქნება ის თითოეული ჩვენგანისთვის, არავინ იცის, ღმერთის და... ასტროლოგების გარდა.
სამაგიეროდ, კარგად ვიცით როგორი იყო გასული წელი, რა სიახლეები მოგვიტანა მან, რით გაგვახარა და როგორ დაგვწყვიტა გული. სამწუხაროდ, პანდემიამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ჩვენი მასალის გმირებიც მოხვდნენ... თუმცა ახლა გვინდა, რომ წლიდან მხოლოდ კარგი ამბები გავიხსენოთ, ამიტომაც, ამ მასალას მილან კუნდერას ცნობილი ნაწარმოების სახელწოდების პერიფრაზი შევურჩიეთ...
ისევე, როგორც ყოველი წლის ბოლოს, ახლაც არ გვინდა დავარღვიოთ ტრადიცია, ამიტომ გასული წლის მასალებიდან გვინდა ამონარიდები შემოგთვაზოთ, ემოციური ამბები და საინტერესო ფრაზები შეგახსენოთ. როგორც გასულ წელს, ახლაც, ყოველ ოთხშაბათობით, რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ გაცნობდით უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ, გამორჩეულ ემიგრანტებს, რომლებიც ქართული საქმეების კეთებას სამშობლოსგან მოშორებითაც ახერხებენ.
მათ შორის არის დიდ ბრიტანეთში მცხოვრები, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი, კესარია კაკაბაძე, რომელმაც საიმისო განაცხადი, რომ ოდესღაც რაციონალურად მოაზროვნე ლიდერად მოევლინება თავის ქვეყანას, სულ რაღაც 22 წლის ასაკში გააკეთა. ამჟამად ფინანსური ტექნოლოგიების მაგისტრი, სწავლას დიდი ბრიტანეთის პრესტიჟულ უმაღლესში აგრძელებს.
კესარია კაკაბაძე: „მე შემიძლია მოგიყვანოთ ჰერბერტის ციტატა, თუ როგორ ვერ მიაღწევთ წარმატებას, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ეცადოთ ასიამოვნოთ ყველას. მე დავამატებდი -საკუთარი თავის გარდა. აკეთეთ ის, რაც გიყვართ, რადგან ცხოვრება ხანმოკლეა იმისთვის, რომ ვაკეთოთ ის, რაც არ გვიყვარს. სიყვარულით ნაკეთები საქმე კი წარმატებამდე აუცილებლად მიგვიყვანს.“
ასევე რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ მოგიყევით საოცარი ამბავი იმაზე, თუ როგორ გახდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში დაბადებული ჩხუბისთავი ბიჭი, ბექა კაპანაძე ამერიკისა და ევროპის ჩემპიონი. მას ძიუდოში ბევრი საერთაშორისო ტურნირი აქვს მოგებული. 2014 წელს მოსკოვში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სამი წლის შემდეგ აშშ-ში გადავიდა და 2021-ში კაროლინას შტატში საბრძოლო სამბოში ამერიკის ჩემპიონატი მოიგო. ამჟამად ნიუ-ჯერსის შტატში, კლუბ Nick Katone MMA-ში ვარჯიშობს. ეს ამერიკაში ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი კლუბია, რომლის სახელითაც ბევრი სპორტსმენი-ვარსკვლავი გამოდის.
ბექა კაპანაძე: „როგორც სპორტსმენს და მებრძოლს, ქართული თვისებებიდან ბრძოლის ჟინი, შეუპოვრობა და გამარჯვებისკენ წინსვლა მეხმარება. ეს თვისებები ყველა ქართველის გენში და სულშია. ძალიან განვიცდი ნოსტალგიას. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ყველაფერი მენატრება. ერთი სული მაქვს, სახლში დავბრუნდე, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოში მარტო ჩემპიონის ქამრით დავბრუნდები!“
„ჯიბეში აყვავებული იები და ნაზარეველი, რომელიც Eko & Vinda Folio-ს კომპოზიციას უკრავს“ ასე ერქვა მასალას, რომელიც ჰოლანდიაში, როტერდამის ერთ-ერთ IT–კომპანიაში დასაქმებულ ქართველ პოეტზე, ალექსანდრე ნარსიაზე დაიწერა. ინგლისურ ენაზე ნათარგმნი მისი ლექსები ადგილობრივ ნიდერლანდურ გაზეთში დაიბეჭდა.
ალექსანდრე ნარსია: „მე ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ახუთიდან ვარ, ლექსებს ბავშვობიდან ვწერ. საქართველოში მყავს დედა. ახლა ვიმყოფები ემიგრაციაში. ორასი გრამი ქართული მიწით იქაურ სურნელს დავატარებ და ლამისაა გულისჯიბეში იები ამიყვავდეს –აი, ორი სიტყვით საკუთარ თავზე, ესაა... ჩემი ბავშვობა მდიდარი იყო არა მატერიალურად, არამედ გარემოებებიდან და იმ სიყვარულიდან გამომდინარე, რაშიც ვიზრდებოდი. მამიდაჩემის მიერ წაკითხული წიგნები და მამის ბუხართან მოყოლილი ზღაპრები ისეთ გავლენას ახდენდა ჩემზე, რომ სულ ვფიქრობდი, რა საოცარი სამყაროა და რა საინტერესო ამბები ხდება–მეთქი! ასე ნაბიჯ-ნაბიჯ დავუახლოვდი ლიტერატურას და ერთ დღესაც მისი ნაწილი გავხდი“.
ჩვენს პერიოდულ რუბრიკაში „დაბრუნებულები“ ემიგრაციიდან სამშობლოში სამუდამოდ დაბრუნებული საინტერესო ქართველები წელსაც გაგაცნოთ. 44 წლის, მცირე მეწარმე, წარმოშობით სოხუმელი, მედეა შვილდაძე, რომელმაც 15 წელი ესპანეთში, ბარსელონაში იცხოვრა, ერთი მათგანია. დღეს ქუთაისში, მეგობართან ერთად პატარა ბიზნესს ამუშავებს და „ყავისა და ტკბილეულის სივრცის’’ – Coffee friends since-2019 მფლობელია.
მედეა შვილდაძე: ყავის გემო და სურნელი ჩემს ცხოვრებაში ძალიან ადრე შემოვიდა. მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ მისი სურნელი და გემო დღემდე მახსოვს. იმ ყავას ყველაზე კარგად სოხუმურ კაფე „პინგვინში“ ბატონი ამირან გაგუა ადუღებდა. მასზე დიდი ხანია არაფერი მსმენოდა. ამ ზაფხულს ასეთი მოულოდნელი ამბავი შემემთხვა: ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის" მიერ ორგანიზებულ ერთი ფარგლებში კონკრეტული ჯგუფის წინაშე ონლაინ გამოვედი და ყავის შესახებ ვისაუბრე. მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემს გამოსვლას, თურმე, ბატონი ამირან გაგუაც უსმენდა. ეს ამბავი ძალიან გამიხარდა, მაგრამ ამავე დროს შევცბი კიდეც. გამოდის, რომ ყავაზე ვსაუბრობდი იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც ქვიშაზე მოდუღებული ყავის ეპოქა ლეგენდად აქცია. მან მითხრა, ამ შეხვედრას აფხაზეთის წარმავალი ყავის ლეგენდა და აფხაზეთის მომავალი ყავის ლეგენდა ესწრებაო. არ დაგიმალავთ, ეს სიტყვები ჩემი ოცნებისკენ მიმავალ გზაზე ყველაზე დიდი სტიმული და ბიძგია.“
ამ წელს, ჩვენს კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი პატივისცემა იმ პროფესიის ადამიანების მიმართ, ვის ხელშიც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი ქვეყნის მომავალია. რუბრიკაში „კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის“ თავისი საქმის ერთგული, არა ერთი პედაგოგი გაგაცანით. ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის, მაკა ბიბილეიშვილის საქმიანობა სწორედაც პატრიოტიზმის ტოლფასია, თუკი იმას გავთვალისწინებთ, რომ სკოლაში მისასვლელად ყოველდღე სამარშრუტო ტაქსით 120 კილომეტრს გადის. ამბობს, რომ თავის საქმიანობაში ორი რამ ეხმარება: ბავშვების სიყვარული და... დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორია".
© courtesy of Maka Bibileishviliმაკა ბიბილეიშვილი
მაკა ბიბილეიშვილი
© courtesy of Maka Bibileishvili
მაკა ბიბილეიშვილი: „ყოველ დღე გასავლელი 120 კილომეტრია: ბათუმიდან -სუფსამდე 60 კილომეტრი და ამდენივე უკან. თუმცა საკლასო სივრცეში შესულს ყველა პრობლემა მალევე გავიწყდება და დღე სიყვარულით იწყება. ძალიან მეხმარება უზნაძის „განწყობის თეორია". კოლეგებისგან წლების განმავლობაში მიღებული მაქვს სხვადასხვა არაისტორიული ტიტულატურა, მაგალითად, „ქალი განწყობა", „ქალი პოზიტივი", „ქალი ფილარმონია", „ქალი ელექტრიჩკა"... როდესაც საკლასო ოთახში შევდივარ, ვცდილობ, რომ ნებისმიერი გაკვეთილი იყოს არა წინასწარ დაგეგმილი, არამედ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე და ამავე დროს სახალისოც. მოკლედ, მთავარია, დაინტერესება, მოტივაციის ამაღლება, ისტორიული მასალების გამოყენებით მცირე დოზით ინტრიგა და გულწრფელი სიყვარული ყველა ბავშვის მიმართ. როდესაც ეს ყველაფერი ერთადაა –მიზანიც მიღწეულია. ამის მერე, დღის განმავლობაში გავლილი 120 კილომეტრიც არაფრად გეჩვენება.“
საბედნიეროდ, დღეს, ჩვენს შორის ბევრია ისეთი, ვისაც თავისი კეთილსინდისიერი საქმიანობით საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გააქვს. გიორგი ბაბუნიძე ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც თავის დროზე ქართული ღვინო ევროპაში გაიტანა. მისმა შთამომავალმა, თელაველმა გიორგი ბაბუნიძემ კი მისი საქმე და ტრადიცია ჩვენს დროში გააგრძელა ღირსეულად. თავისი ბრენდის სახელი „ბაბუნიძის ღვინოები“ – Babunidze Wines“ საკმაოდ მოკლე პერიოდში საქართველოს საზღვრებს გასცდა. წლის ბოლოს, ბრენდმა „ბაბუნიძის ღვინოები“ პოლონეთში ჩატარებულ პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე ნომინაციაში „რჩეული ღვინო“ გაიმარჯვა.
© courtesy of Teona Gogniashviliმეღვინე გიორგი ბაბუნიძე
მეღვინე გიორგი ბაბუნიძე
© courtesy of Teona Gogniashvili
გიორგი ბაბუნიძე: „ საქართველოში კარგი ღვინით ვერავის გავაკვირვებ. უბრალოდ, ჩვენ ვთავაზობთ ტრადიციული ქართული მეთოდით დამზადებულ ხარისხიან ქვევრის ღვინოს. როგორც ჩვენი მამა-პაპა აკეთებდა, ჩვენს მარანში ზუსტად ისევე ხდება ყველაფერი. ქვევრი ექვსი თვის მანძილზე დალუქულია და ჰაერთან შეხება საერთოდ არ აქვს, ის მარტში გაიხსნება. მოკლედ, თუ გვინდა, რომ მსოფლიოს ყურადღება მივიქციოთ, საამისოდ ქვევრის სუფრის ღვინოები საუკეთესო საშუალებაა, რადგან ეს ნამდვილად ჩვენია, ტრადიციული.“
2021 წლის მანძილზე არა ერთი ექიმი გაგაცანით. ისინი, ვისი საქმიანობაც კაცობრიობის N1 უხილავი მტრის წინააღმდეგ იყო მიმართული და ვინც, რომ იტყვიან, დასნეულებული ადამიანების თითოეული ამოსუნთქვისთვის იბრძოდა. საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის თერაპიული მიმართულების „კოვიდ-განყოფილების“ ხელმძღვანელი, თბილისის „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის“ ექიმ-სპირომეტრისტი, ექიმი ლეილა ოტიაშვილი მათ შორისაა, ვისთან მოხვედრაც პაციენტებისთვის აპრიორი გადარჩენის, განკურნების ტოლფასია.
© photo: courtesy of Leyla Otiashviliლეილა ოტიაშვილი
ლეილა ოტიაშვილი
© photo: courtesy of Leyla Otiashvili
ლეილა ოტიაშვილი: „შეუდარებელია სიხარული, როცა შენ თვალწინ სიცოცხლე ამარცხებს სიკვდილს, რაც უფლის ნებით ხდება და, როგორც ექიმი, უპირველეს ყოვლისა, ღმერთის მადლიერი ვარ. როცა გამოჯანმრთელებული პაციენტი გემშვიდობება და გეუბნება, გმადლობთ, მიყვარხართ, არასდროს დაგივიწყებთ, რადგან თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთო, ეს დიდი ბედნიერებაა და კიდევ უფრო რწმუნდები, რომ მოდუნების უფლება არ გაქვს.“
ასევე ექიმების ამქრიდან გაგაცანით ყოფილი ტელეჟურნალისტი და ექიმი, რომელიც ონლაინ-კლინიკას ამუშავებს.
ირაკლი აროშიძე პროფესიონალი ექიმია. საექიმო საქმიანობას ერთდროულად ეწევა ბოჭორიშვილის კლინიკაში, ბათუმის სამედიცინო ცენტრსა და კლინიკა „ჰელსიკორში“. ძირითადი საქმიანობის პარალელურად წარმატებით ამუშავებს შპს „ონლაინ კლინიკას“, სადაც სამი წლის განმავლობაში კონსულტაცია დაახლოებით 5 ათასამდე პაციენტმა უფასოდ გაიარა.
ირაკლი აროშიძე: „ცხოვრება გუშინ არ დამიწყია, დიდი ხანია ვცხოვრობ და ვხვდები ვინ არის მართალი, ალალი და სუფთა გულის ადამიანი. რამდენი ხანიც უნდა გეცვას თეთრი ხალათი, მთავარია, იმ ხალათის შიგნით წრფელი გული გქონდეს და ამ გულით იცხოვრო ყოველი დღე... ადამიანობა, სიალალე და სიყვარული შიგნიდან მოდის. მინდა მივმართო ყველა ჩემს პაციენტს, უცნობს და ნაცნობს: გამოიჩინეთ სულიერი მხნეობა, იპოვეთ საკუთარ თავში ძალა, რომ ეს სირთულეები დაძლიოთ! ადრე თუ გვიან, პანდემია დამთავრდება და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნება. დავრჩეთ ადამიანებად და ვიცხოვროთ სიყვარულით, ერთგულებით, ურთიერთპატივისცემით და, რაც მთავარია, უფლის რწმენით. ჯანმრთელობას გისურვებთ!“
ვაღიაროთ, პანდემიამ ბევრი რამ სხვა თვალით დაგვანახა, სამყაროში ბევრი „აღმოჩენა“ გაგვაკეთებინა. ბევრმა საკუთარ თავში არსებული ნიჭი სწორედ ამ პერიოდში გაიხსენა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ხელოვნებას აზიარა. ჩვენც არა ერთი თვითნასწავლი მხატვარი და შემოქმედი გაგაცანით.
„როცა ეს ყველაფერი ჩაივლის“, ანუ პანდემიის დროს მოქარგული 140 გაზაფხული- ასე ვუწოდეთ პროფესიით ფილოლოგ, ნინო მოლაშვილზე დაწერილ მასალას.
დღეს იგი „საქართველოს მქარგველების და ხელმარჯვეების ასოციაციის“ წევრია. ატლასის ლენტებით მოქარგული მისი ყვავილები მართლა გაზაფხულის განცდას გიჩენს. ოღონდ, მისი გაზაფხული სეზონური არ არის, მარადიულია.
ნინო მოლაშვილი: „პანდემიამ, რა თქმა უნდა, უარყოფითი განცდები მოიტანა, ხელოვნება იმაში დამეხმარა, რომ ეს დრო სასარგებლოდ გამომეყენებინა. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ დროის მანძილზე 140-ზე მეტი ნამუშევარი მოვქარგე და დღეს სახლში არც ერთი აღარ დამრჩა. მათზე ის ხასხასა ფერები და გაზაფხული აისახა, რაც პანდემიის დროს, შეიძლება ითქვას, რეალურად ვერც ვიგრძენით.“
„ამ უჩვეულო განსაცდელმა ბევრი საინტერესო და სასიკეთოც მომიტანა“ – ასე გვითხრა ინტერვიუში ჟურნალისტმა, მწერალ-მეზღაპრემ, ბლოგერმა და ტუროპერატორმა მაიკო ქავთარაშვილი.
გიდის საქმიანობა მას პანდემიის დროსაც არ შეუწყვეტია. მსურველებს უცნობ თბილისს ზოგჯერ საქველმოქმედო ტურში უსასყიდლოდ, ხანაც სიმბოლურ ფასად აცნობს. კარგად იცის, რომ უცხოელებს ძველი, აივნებიანი ქალაქი უფრო ხიბლავს, ამიტომ თავის პროგრამას ხშირად ცვლის და ახალ-ახალ ისტორიებსაც მუდმივად ეძებს. მერე კი ლამაზად შეფუთულს აწვდის სტუმრებს.
© Facebook / Maiko Marine Kavtarashviliმაიკო ქავთარაშვილი
მაიკო ქავთარაშვილი
© Facebook / Maiko Marine Kavtarashvili
მაიკო ქავთარაშვილი: „ზუსტად ვიცი: გიდი –შენი ქვეყნის სარკე ხარ, საყრდენი ხარ, ელჩი, დედა და მეციხოვნე ხარ. მეც მიყვარს ეს გზა, ეს ტვირთი, ეს ფრთები და მოგონებები... თბილისი ხომ არავის ჰგავს! ის საკუთარ თავში აერთიანებს აღმოსავლეთსაც და დასავლეთსაც, ძველს და ახალს და აქ ყველა საკუთარს პოულობს. აქედან ყველას სიყვარულით სავსე გულს ვატანთ და სწორედ ეს არის, რასაც ვეღარ ელევიან. ადამიანი ადამიანისთვისაა გაჩენილი. პანდემიამ ეს უნდა გვასწავლოს – ერთმანეთის გაფრთხილება! მიუხედავად სამედიცინო ნიღბებისა, ყველამ ჩამოიხსნა ნიღაბი. განსაკუთრებულ დროში გვიწევს სიცოცხლის ახლებურად დალაგება –ან დავრჩებით ადამიანებად, ან... ყოველი ახალი დღე ჩემთვის საჩუქარია და ყველა ადამიანი – ჩემიანი, უცხო, ტურისტი, აცრილი, აუცრელი, ქართველი, ებრაელი, ქრისტიანი თუ მუსლიმი – არ აქვს მნიშვნელობა.“
ეს გახლავთ ამ წლის ბოლო მასალა. ყველა ჩვენს რესპოდენტს კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ნდობისა და გულწრფელობისთვის, ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!.
დამდეგ 2022-ში, ისევ გპირდებით საინტერესო შეხვედრებს, გაგაცნობთ თავის საქმესა და ქვეყანაზე შეყვარებულ საინტერესო ადამიანებს, გავიხსენებთ არა-მოგონილ ისტორიებს, გამოვიტანთ მათგან საჭირო დასკვნებს, მოგიყვებით ამბებს, რომლებიც გაგვამხნევებს და გაგვახალისებს და, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც დაგვარწმუნებს იმაში, რომ „ცხოვრება მშვენიერია“...