Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

პანდემიის დასრულების თარიღი ცნობილია: რა მოხდება საქართველოს შემთხვევაში

© photo: Sputnik / Stringerივანე ჩხაიძე
ივანე ჩხაიძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
გამოწერა
ივანე ჩხაიძის განცხადებით, „ომიკრონზე“ არ მოქმედებს ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინები.
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის 90% ვაქცინირებულია, მათ შორის ბუსტერ–დოზით, კორონავირუსის გავრცელება 2022 წლის შუა პერიოდში დასრულდება, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში.
„რა თქმა უნდა, ეს იქნება სხვადასხვა ქვეყნები და სხვადასხვა თარიღები. ის ქვეყნები, რომელთაც აქვთ ორი დოზით ვაქცინაციის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი და ბუსტერ–დოზების დიდი რაოდენობა, კორონავირუსს 2022 წლის შუა პერიოდისთვის დაამარცხებენ. ვირუსი ყოველთვის ამოწურავს მუტაციის უნარს და ჩვენ ველოდით იმ მუტაციას, რომელიც ინფიცირებულთა რაოდენობას გაზრდის, მაგრამ შეამცირებს დაავადების მძიმე ფორმებით მიმდინარეობას. სწორედ „ომიკრონი“ იძლევა შესაძლებლობას ვიფიქროთ, რომ შეიძლება ეს ბოლო მუტაციაა“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, საქართველოსთვის პანდემია დასრულდება იმ პირობებში, როცა ზრდასრული მოსახლეობის 70% ვაქცინირებული იქნება. ამ ეტაპზე საეჭვოა, რომ ქვეყანამ ამ მაჩვენებელს ხუთ–ექვს თვეში მიაღწიოს.
ქვეყანაში პანდემიის მეექვსე ტალღა, სავარაუდოდ, სამ კვირაში დაიწყება>>>
ჩხაიძე მიიჩნევს, რომ „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელი სწრაფი გავრცელება შესაძლებელს ხდის ვივარაუდოთ, რომ საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა იანვრის შუა რიცხვებში დაიწყება. ამ პერიოდში ქვეყანაში ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 9–10 ათასის ფარგლებშია მოსალოდნელი, უარეს შემთხვევაში კი არანაკლებ 15 ათასი იქნება, განაცხადა ექსპერტმა.
ვაქცინები უძლურია „ომიკრონის“ წინააღმდეგ?
„ომიკრონის ისტორია 25 ნოემბრიდან იწყება. საქართველოში აღნიშნული შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 20 დეკემბერს დაფიქსირდა. ინფიცირებულთაგან ერთს დუბაიში, მეორეს კი აშშ-ში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ვირუსი დაუდასტურდა მათთან კონტაქტში მყოფ ყველა პირს.
სწრაფი გავრცელების გარდა, „ომიკრონის“ უარყოფითი მხარე მდგომარეობს იმაში, რომ დაინფიცირებისგან დაზღვეული არ არიან კოვიდგადატანილი და ვაქცინირებული პირები, აღნიშნა ექსპერტმა.

„ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამი ერთმნიშვნელოვნად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე წინა მუტაციები. მეორე მახასიათებელი – „ომიკრონზე“ არ მოქმედებს ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინები. Pfizer-ის ორი დოზა ადამიანს სათანადოდ ვერ იცავს. შედარებისათვის: ჩინური ვარიანტის შემთხვევაში Pfizer-ს 95%-იანი დაცვის ხარისხი ჰქონდა, „ომიკრონის“ შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 33%-ია“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მიუხედავად ამისა, ვაქცინაციის უპირატესობად ექსპერტმა დაასახელა დაავადების მძიმე მიმდინარეობის წინააღმდეგ დაცვა – ვაქცინირებულები 70%-ით დაზღვეული არიან ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობისგან.
„ომიკრონთან“ დაკავშირებული კიდევ ერთი სამწუხარო სიახლეა ის, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი, რომელიც კოვიდ-გადატანილ პირს 6–8 თვის განმავლობაში იცავდა, კორონავირუსის ამ ვარიანტის შემთხვევაში აღარ მოქმედებს. ინფიცირებისა და შემდგომი გართულებისგან თავდაცვის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა, მიაჩნია სპეციალისტს.
„ომიკრონის“ გამოვლენის პირობებში ვაქცინაციის დროს მთავარ ნიუანსად ჩხაიძემ პრეპარატის შერჩევა დაასახელა.
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ჩხაიძე: „ომიკრონ“ შტამი ბავშვთა ინფიცირების რისკს ზრდის
„ოთხივე ვაქცინა, რომელიც საქართველოში გამოიყენება, ინფიცირებისგან დაცვის კუთხით განსხვავდება. Pfizer-ის მაჩვენებელი 95%-ს უტოლდება, სხვების 76–81%-ს. ადრე ჩვენ ვაცხადებდით, რომ ვაქცინების მწარმოებელს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ „ომიკრონმა“ რადიკალურად შეცვალა ეს წარმოდგენა. ახლა საუბარია მხოლოდ ერთ ვაქცინა Pfizer-ზე. სხვა დანარჩენმა ვაქცინამ „ომიკრონის“ წინააღმდეგ ეფექტურობა ვერ აჩვენა“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ბავშვების ვაქცინაცია
ბრიფინგზე ჩხაიძე ბავშვთა ვაქცინაციის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ქვეყანაში 5–9 წლის ბავშვების ვაქცინაციაზე მსჯელობა 2022 წლის დასაწყისში დაიწყება. ამჟამად ვაქცინაცია 12–15 წლის მოზარდებისთვისაა დაშვებული.
„ჯერჯერობით ჩვენთან არ მიდის უფრო დაბალი ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციაზე საუბარი. მსოფლიოში ბევრი ქვეყანა იწყებს 5–9 წლის ბავშვების ვაქცინაციას. ალბათ ამ საკითხზე მსჯელობას ჩვენ იანვარ–თებერვალში დავიწყებთ, მაგრამ აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ იმ გზით წავალთ, როგორც 12–15 წლის მოზარდების შემთხვევაში. ანუ პირველ რიგში რისკ-ჯგუფში შემავალი მოზარდების ვაქცინაცია დაიწყება“, – განაცხადა მედიკოსმა.
როგორ ვაიძულოთ ადამიანებს აცრა?
საქართველომ სავალდებულო ვაქცინაციაზე უარი თქვა, ქვეყნის პრემიერმა ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველო ამ გზას არ აირჩევს. ამის ნაცვლად ქვეყანაში ვაქცინირებულთა რაოდენობის გაზრდისთვის სხვა ზომა გამოიყენება – ფულადი წახალისება.
14 სექტემბრიდან ყველა ვაქცინირებულისთვის ლატარია დაიწყო, რომლის გამარჯვებული 17 ათასზე მეტი ადამიანი გახდა. გარდა ამისა, 8 ნოემბრიდან 60 წელს ზემოთ პირები ვაქცინაციის სანაცვლოდ 200 ლარს იღებენ, 28 დეკემბრიდან კი ასაკობრივი შეზღუდვა 50 წლამდე შემცირდა, ხოლო პროგრამა იანვრის ბოლომდე გაგრძელდა.

„ფულადი ჯილდო – ეს დიდი ხარჯებია, მაგრამ სახელმწიფომ ჩათვალა, რომ ეს ამად ღირს და ხარჯები გაამართლებს. კორონავირუსი ძალზე ძვირი სიამოვნებაა როგორც მკურნალობის, ისე დიაგნოსტირების თვალსაზრისით. განსაკუთრებით, თუ ეს ადამიანები რეანიმაციულ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ხვდებიან – ხარჯები დიდია. ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის კუთხით რისკის მატარებელი სწორედ უფროსი ასაკობრივი ჯგუფია. ეს გადაწყვეტილება დროულად მიიღეს. მეექვსე ტალღამდე ბევრი ამ შესაძლებლობით ისარგებლებს“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

ვაქცინაციის ტემპებზე ზემოქმედების ყველაზე მოქმედ საშუალებად ხელისუფლებამ კოვიდ-პასპორტების შემოღება ჩათვალა. „მწვანე პასპორტის“ მფლობელი გახდება პირი, რომელიც არის სრულად ვაქცინირებული, გადატანილი აქვს კორონავირუსი, ან ჩატარებული აქვს 72-საათიანი PCR–ტესტი. აღნიშნულ ტესტთან ერთად დოკუმენტი 72 საათის განმავლობაში, სწრაფი ტესტის შემთხვევაში კი 24 საათი მოქმედებს.
„მწვანე სტატუსი“ პირს რესტორნებში, სასტუმროებში, მუზეუმებში, კინოთეატრებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებში შესვლის უფლებას აძლევს.
საქართველოში კოვიდ-პასპორტის მოქმედების ვადა მითითებული არაა, რაც, სპეციალისტის განცხადებით, არასწორია.
„პუბლიკაციების 90% მიანიშნებს, რომ ექვსი თვის შემდეგ ადამიანს იმუნიტეტი არ რჩება საიმისოდ, რომ მან რეინფიცირებისგან დაიცვას. იმუნიზაციის ექსპერტები თვლიან, რომ საჭიროა „მწვანე პასპორტის“ მოქმედების ვადის მითითება – ინფექციის გადატანის მომენტიდან ექვსი თვე. „ომიკრონის“ შემთხვევაში ეს ვადა უნდა შემცირდეს 3 თვემდე, ან უფრო ნაკლებად“, – აღნიშნა ექსპერტმა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად“ შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი“ უწოდა. ექსპერტების თქმით, ახალ შტამს ახასიათებს ყელის „ფხაჭნის“ შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი.
© Sputnik / STRINGERკორონავირუსი არ არსებობს: ანტივაქსერების საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
კორონავირუსი არ არსებობს: ანტივაქსერების საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
კორონავირუსი არ არსებობს: ანტივაქსერების საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
ამ დროისათვის „ომიკრონი“ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი. სპეციალისტების თქმით, ამ შტამით შესაძლოა დაინფიცირდნენ როგორც კოვიდ-გადატანილი, ისე ვაქცინირებული ადამიანები.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 930.544 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 890.733 ადამიანი. გარდაიცვალა 13.707 პაციენტი.
ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 2.495.435 აცრა. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.139.831 (18 წელს ზემოთ მოსახლეობის 39,7%) ადამიანი. ბუსტერ–დოზა ჩატარებული აქვს 70.075 ადამიანს.
ყველა ახალი ამბავი
0