მასმედია: სააკაშვილი რუსთავის ციხეში დააბრუნეს

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
გამოწერა
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ, ღამით დააბრუნეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, მას რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დაუდასტურეს, რომ მსჯავრდებული აღნიშნულ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
50-დღიანი შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს, სადაც სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი 1 ოქტომბერს თბილისში დაკავების შემდეგ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს.

„ამ ადამიანებმა კონკრეტული დავალება მიიღეს იმის შესახებ, რომ სააკაშვილი ახალ წელს ციხეში უნდა შეხვდეს და ისინი ამას ასრულებენ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან.

ხაბეიშვილის თქმით, მანამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ მას ჰოსპიტლიდან ციხეში გადაიყვანენ, იგი შიმშილობას განაახლებს.
საგარეო უწყება: უკრაინა სააკაშვილის დაბრუნებაზე მუშაობს>>>
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებული სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში ეტაპირებას 27 დეკემბერს გეგმავდა, თუმცა მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების პროცესი დროებით შეჩერდა. მიზეზი სააკაშვილის ჯანმრთელობა გახდა. ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც მისი რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანა დააპირეს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექიმების დასკვნის თანახმად, ექს-პრეზიდენტი უკვე გამოჯანმრთელდა და ამიტომ პენიტენციურმა სამსახურმა მისი ციხეში ეტაპირების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა იმ დღეს გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხერხდა, რადგანაც სააკაშვილი შეუძლოდ გახდა.
სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.
ყველა ახალი ამბავი
0