საგარეო უწყება: უკრაინა სააკაშვილის დაბრუნებაზე მუშაობს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
გამოწერა
უკრაინის მხარე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 ციხეში გადაყვანის მცდელობას ეხმაურება.
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული ბოლო მოვლენები შეაფასა და სამკურნალოდ მისი საქართველოდან უკრაინაში გადაყვანის აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება.
27 დეკემბერს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში ეტაპირება იგეგმებოდა, თუმცა, მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების პროცესი დროებით შეჩერდა. მიზეზი სააკაშვილის ჯანმრთელობა გახდა. ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც მას რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ აცნობეს.
„მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტლიდან ციხეში გადაყვანის მცდელობა არასათანადო იყო და საქართველოს პენიტენციური სამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სააკაშვილის ადვოკატებს არ ეცნობათ“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა, მას შემდგომი რეაბილიტაცია სჭირდება. უკრაინის მხარე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „პატივისცემით მოექცნენ უკრაინის მოქალაქეს და არ დაუშვან ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას ვთავაზობთ
გუშინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექიმების დასკვნის თანახმად, ექს-პრეზიდენტი უკვე გამოჯანმრთელდა და ამიტომაც პენიტენციურმა სამსახურმა მისი ციხეში ეტაპირების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხერხდა, რადგანაც სააკაშვილი შეუძლოდ გახდა.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინელი დიპლომატები საქართველოში აგრძელებენ სიტუაციის განსაკუთრებულ კონტროლს, ასევე მუდმივ კონტაქტში არიან საქართველოს ხელისუფლებასთან და სააკაშვილის ადვოკატებთან.
უკრაინის საგარეო უწყების აზრით, ქართულმა მხარემ უნდა მისცეს უკრაინელ ექიმებს უფლება – მოინახულონ მსჯავრდებული სააკაშვილი გამოკვლევის მიზნით.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას უკრაინაში მის დაბრუნებაზე ჰუმანიტარული მიზეზების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. ასეთი ნაბიჯის აუცილებლობა აშკარაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ამჟამად ექს-პრეზიდენტი, რომელსაც სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სარეაბილიტაციო კურსს გადის.
სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.
ყველა ახალი ამბავი
0