პრეზიდენტის ადმინისტრაცია: საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისთვის კონკურსი გამოცხადდა

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის რეზიდენცია
პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ეგიდით დებიუტანტი მთარგმნელებისთვის ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაწესდა.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსის მიზანი ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინიციატივების წახალისებაა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლისა და პირველი ლექტორი ქალის, ქველმოქმედის, პოეტისა და მთარგმნელის ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო გაიცემა ორ ნომინაციაში: პროზაული ნაწარმოების ქართული თარგმანისათვის და სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანისათვის.
ელისაბედ ორბელიანი (1871–1942) ქართველი პოეტი და მთარგმნელი იყო. ცნობილია ლიტერატურული ფსევდონიმით „საზინდარი“. მან განათლება პარიზში მიიღო. ლექსებს ფრანგულად წერდა. ფრანგულად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ და ქართველ კლასიკოსთა პოეზია, კერძოდ, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და სხვათა ნაწარმოებები.
კონკურსის პირობები:
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტებს;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა თავიანთი უნივერსიტეტის კანცელარიაში უნდა წარადგინონ საბუთები და საკონკურსო თარგმანი;
საკონკურსო ნაშრომის წარდგენისას ამავე ნაწარმოების ქართული თარგმანი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული სხვა მთარგმნელის მიერ.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ელისაბედ ორბელიანის პრემია დააწესა
კონკურსის ეტაპები:
უნივერსიტეტში, რომელსაც აქვს კონკურსში მონაწილეობის სურვილი, რექტორის ბრძანებით შეიქმნება კომისია ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების ნაშრომების განხილვის, მათ შორის ორივე ნომინაციის მიხედვით თითო საუკეთესოს გამოვლენისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენის მიზნით;
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უნივერსიტეტებიდან შემოსული თარგმანებიდან ორივე ნომინაციის მიხედვით გამოავლენს თითო კანდიდატს და წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
კონკურსის ვადები:
საკონკურსო თარგმანების, მათი ორიგინალების და საბუთების უნივერსიტეტის კანცელარიაში წარდგენა სტუდენტებს შეუძლიათ 2022 წლის 7-დან 18 თებერვლამდე ჩათვლით პერიოდში;
საკონკურსო ნამუშევრები უნივერსიტეტში შექმნილ კომისიას გადაეცემა 21 თებერვალს;
პრეზიდენტის ადმინისტრაციას საკონკურსო ნამუშევრები წარედგინება 14 მარტს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი გამოავლენს საუკეთესო თარგმანებს და საქართველოს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს 14 აპრილს.
გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში 23 აპრილს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0