თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ეგიდით დებიუტანტი მთარგმნელებისთვის ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია დაწესდა.
სახელმწიფოს მეთაურმა ამის თაობაზე ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც თბილისისთვის ერთი წლის ვადით წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიაზე აჩვენეს.
„ჩვენ მეტი მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ ჩვენს მთარგმნელებს, რამეთუ ჩვენი ადგილი მსოფლიო ლიტერატურულ სამყაროში თარგმანზე გადის. ამ მოვლენასთან დაკავშრებით მსურს გამოვაცხადო ჩვენი ინიციატივა: პრეზიდენტის ეგიდით დაწესდა ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია ახალგაზრდა მთარგმნელის პირველი თარგმანისათვის, რომელიც გაიცემა UNESCO-ს წლის ფარგლებში, მომავალი წლის 22 აპრილს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
იუნესკოს გადაწყვეტილებით, თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი 2021 წლის 23 აპრილს კუალა–ლუმპურისგან გადმოიბარა. პროექტის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილია 100-ზე მეტი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული და საბავშვო პროექტის განხორციელება.
UNESCO World Book Capital („წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“) – ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2002 წელს UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. ის მიზნად ისახავს წიგნის და კითხვის პოპულარიზაციას, წიგნის ინდუსტრიის და მომიჯნავე დარგების სტიმულირებას, ასევე თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების და გამომცემლების მხარდაჭერას.
ელისაბედ ორბელიანი (1871–1942) ქართველი პოეტი და მთარგმნელი იყო. ცნობილია ლიტერატურული ფსევდონიმით „საზინდარი“. მან განათლება პარიზში მიიღო. ლექსებს ფრანგულად წერდა. ფრანგულად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ და ქართველ კლასიკოსთა პოეზია, კერძოდ, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და სხვათა ნაწარმოებები.