სადავო კანონპროექტი: „ქართულმა ოცნებამ“ ბიუროს სხდომა ჩაშალა

© photo: Sputnikმამუკა მდინარაძე პარლამენტის სხდომაზე
მამუკა მდინარაძე პარლამენტის სხდომაზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2021
გამოწერა
ოპოზიცია ცდილობდა ხელი შეეშალა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებისთვის, თუმცა უშედეგოდ.
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობამ ბიუროს სხდომა შეგნებულად ჩაშალა, რათა ოპოზიციისთვის არ მიეცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმირების შესახებ ალტერნატიული კანონპროექტის დარეგისტრირების შესაძლებლობა, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტში უკვე რეგისტრირებულია მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლას და მის ბაზაზე ორი უწყების – სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნას.

„რამდენიმე დეპუტატი ინსტიტუტის პატივისცემის ნიშნად გამოვცხადდით, მაგრამ ბიურო შეგნებულად არ ჩატარდა. ეს იყო ჩვენი მხრიდან პოლიტიკური სვლა ოპოზიციის საპასუხოდ, რომელმაც გადაწყვიტა, დროის გაწელვის გზით, პროცედურული გზით, ხელი შეეშალა ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტის მიღებისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის კანონპროექტი დისკრიმინაციულია და დამოუკიდებელი უფლებადამცველი ინსტიტუტების წინააღმდეგ არის მიმართული.
ორშაბათს დეპუტატმა პარტია „ლელოდან“ ანა ნაცვლიშვილმა ალტერნატიული კანონპროექტის ინიცირება დააანონსა. ანუ ოპოზიციამ მიმართა პროცედურას, რომელიც ითვალისწინებს ალტერნატიული კანონპროექტის განხილვას იმასთან ერთად, რომელიც უმრავლესობის მიერ არის ინიცირებული.
მდინარაძის თქმით, ოპოზიციამ წარმოადგინა არა საკუთარი ალტერნატიული კანონპროექტი, არამედ სახელმწიფო ინსპექტორის კანონპროექტი.
24 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს სამსახურის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას და იმ დაბრკოლებების აღმოფხვრას, რომელსაც ის სამსახურებრივი დანაშაულის გამოძიების პროცესში აწყდება.
„ოპოზიციას შეეძლო თუნდაც პროცედურული ომისთვის და დროის გაწელვისთვის საკუთარი ალტერნატიული კანონპროექტი წარმოედგინა, თუმცა სუსტი პროექტი წარმოადგინა. ოპოზიციას სურდა პროცედურული ომი, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა“, – განაცხადა მდინარაძემ.
ვნებათაღელვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ირგვლივ: რა ელოდება დამოუკიდებელ ინსტიტუტს? >>
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტი „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს თუ დაადებს, უმრავლესობამ ის უნდა დაძლიოს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ მიუღებელი უწოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის ინიცირებას და დაჩქარებული წესით განხილვას.

„კანონპროექტი, რომელსაც უმრავლესობა გვთავაზობს, სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია. კატეგორიულად უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ ორი სტრუქტურის ხელმძღვანელის დამოუკიდებლობას რაიმე დაემუქროს, ასეთი ვერ მოხდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბიუროს სხდომის ჩაშლის შემდეგ უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი კომიტეტებმა განიხილეს. საკომიტეტო მოსმენებზე ოპოზიციური პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა კოლეგებს თხოვნით მიმართა, რომ ჩატარდეს ბიუროს სხდომა და მისცენ მათ ალტერნატიული კანონპროექტის დარეგისტრირების შესაძლებლობა.
„რატომ არ მოხვედით ბიუროს სხდომაზე? რატომ გაიქეცით ბრძოლის ველიდან? არ მეგონა, რომ ასე შეგაშინათ ამ ალტერნატიულმა კანონპროექტმა... გაქვთ თუ არა მორალური დისკომფორტი იმის გამო, რომ უწესო წესებით იბრძვით ადამიანის უფლებათა კომიტეტში?“ – მიმართა ანა ნაცვლიშვილმა მმართველი პარტიის დეპუტატებს.
კომიტეტის სხდომას თავად სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაიაც ესწრებოდა. მან „ქართული ოცნების“ მოქმედება შეაფასა როგორც სადამსჯელო ღონისძიება დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ.
ადრე ხელისუფლებას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმაც მოუწოდა გაიწვიოს პარლამენტიდან ინიციატივა. დეპუტატებს კანონპროექტის მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება: გაეროს უმაღლესი კომისარი შეშფოთებულია >>
კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ 2018 წელს მიიღეს. ახალ უწყებას დაევალა პერსონალური მონაცემების დაცვა, ასევე გარკვეული სახის დანაშაულების გამოძიება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ორგანო იძიებს საქმეებს, რომლებიც უკავშირდება სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებისა და თანამდებობის პირების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირების მხრიდან წამების, არაადამიანური მოპყრობის, წამების მუქარის, დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევებს.
გარდა ამისა, სამსახურის კომპეტენციაში შედის ძალის ან იარაღის გამოყენებით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0