ტრანსპორტზე ტარიფების საკითხის განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს – ვიდეო

© photo: Sputnikანა დოლიძე საპროტესტო აქციაზე
ანა დოლიძე საპროტესტო აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
გამოწერა
დედაქალაქის საკრებულომ დღეს უნდა მიიღოს თბილისელებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – გაძვირდება თუ არა მათთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1 თებერვლიდან.
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საკრებულოს სხდომა, სადაც დეპუტატები ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდის ახალ სააბონემენტო სისტემას განიხილავენ, მიმდინარეობს ხმაურის ფონზე როგორც შენობის შიგნით, ისე მის გარეთ.
ოპოზიციონერი დეპუტატები შემოთავაზებული ბიუჯეტის პარამეტრებს არ ეთანხმებიან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირებას აპროტესტებენ.
გაღატაკებული თბილისელების გამდიდრებულმა მერმა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ტარიფების გაზრდა გადაწყვიტა, რაც არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით დანაშაულის ტოლფასია, განაცხადა ოპოზიციური ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა გოგოლაძემ.
პარალელურად ოპოზიციური პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე, მისი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები საკრებულოს წინ ატარებენ აქციას და მოუწოდებენ დეპუტატებს, არ დაუჭირონ მხარი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფების და პარკირების გაძვირებას.
ანა დოლიძემ აქციაზე ყულფი მიიტანა და განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირება თბილისელებისთვის ყულფია. „ნუ ახრჩობ ხალხს" – აქციის მთავარი ლოზუნგია.
დოლიძესთან ერთად აქციას მართავენ სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები.
კახა კალაძე, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ მოქალაქეებზე იზრუნოს, ტრანსპორტზე, პარკირებაზე, დასუფთავებაზე ტარიფებს ზრდის. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს თბილისელებს, განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.
თბილისში 1 თებერვლიდან სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება:
ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი – 1 ლარი;
ულიმიტო 1-დღიანი ბარათი – 3 ლარი;
ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი – 20 ლარი;
ულიმიტო 1-თვიანი ბარათი – 40 ლარი;
ულიმიტო 3-თვიანი ბარათი – 100 ლარი;
ულიმიტო 6-თვიანი ბარათი – 150 ლარი;
ულიმიტო 1-წლიანი ბარათი – 250 ლარი.
პენსიონერებისთვის, მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის და სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ისევ 20 თეთრი იქნება, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის – 10 თეთრი. სკოლის მოსწავლეებისთვის მათი სპეციალური ბარათით მგზავრობა ისევ უფასო იქნება.
შეღავათები სხვა კატეგორიის მოქალაქეებსაც შეუნარჩუნდება.
ყველა ახალი ამბავი
0