როგორ იშლებოდა საბჭოთა კავშირი და რა დაემართა ყოფილი რესპუბლიკების ეკონომიკებს?

  - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
გამოწერა
30 წლის წინ - 1991 წლის 26 დეკემბერს - სსრკს უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ
სსრკ-ის დაშლასთან ერთად მსოფლიო რუკაზე გაჩნდა 15 ახალი სახელმწიფო, რომლებსაც თავიანთი ეკონომიკების შენება უნდა დაეწყოთ - გადასულიყვნენ გეგმურიდან საბაზრო ეკონომიკაზე. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს განსხვავებული სასტარტო პოტენციალი ერგოთ და ოცდაათწლიანი გზა სხვადასხვაგვარად განვლეს.
Sputnik გთავაზობთ მასალას იმაზე, თუ როგორ ვითარდებოდა ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის ეკონომიკები 30 წლის განმავლობაში.
მასალის მეორე ნაწილი ეძღვნება აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში განლაგებული პოსტსაბჭოური ქვეყნების ოცდაათწლიანი განვითარების გზას.

დაშლის პირას მყოფი სსრკ-ის ეკონომიკა

გასული საუკუნის ოთხმოციანი წლები, საბჭოთა კავშირის რღვევის პერიოდი, ხასიათდებოდა მთელი რიგი ეკონომიკური პრობლემებით, რასაც საბოლოო ჯამში მოჰყვა კრიზისი, რომლიდან თავის დაღწევაც ქვეყანამ ვეღარ შეძლო.
1980-იანების შუა წლებში მსოფლიოში ნავთობის ფასი, ნედლეულზე მოთხოვნილების შემცირების ფონზე, საგრძნობლად დაეცა. თუ 1980 წელს „შავი ოქროს“ ფასი მსოფლიო ბაზარზე პიკს აღწევდა (ერთი ბარელი $35, ინფლაციის გათვალისწინებით, დღეს ეს ფასი უტოლდება დაახლოებით $118-ს, - Sputnik), 1986 წელს ერთი ბარელის ღირებულება $10 -მდე ჩამოვიდა. შეუძლებელი იყო, ასეთი ვარდნა არ ასახულიყო საბჭოთა კავშირის ეკონომიკაზე, რომელშიც ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს უმნიშვნელოვანესი ნიშა ეკავა (ნავთობის ექსპორტის წილი სსრკ-ის საგარეო ვაჭრობაში შეადგენდა 50%-ს).
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
როგორ ცხოვრობდნენ რესპუბლიკები სსრკ-ში
ამავდროულად, ქვეყანაში მიმდინარეობდა ანტიალკოჰოლური კამპანია (რასაც ბიუჯეტში შემოსულობების შემცირება მოჰყვა), სერიოზულ ხარჯს მოითხოვდა ავღანეთის ომი, გარდაქმნის (ე.წ. პერესტროიკა) პერიოდის ეკონომიკური რეფორმები. საბოლოოდ, ამ და სხვა მიზეზებმა 1989-1991 წლებში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.
ყველაფრის მიუხედავად, 1990 წელს სსრკ-ის ეკონომიკა მსოფლიოში მეორე ადგილს ინარჩუნებდა და უსწრებდა გერმანიას, იაპონიას, ჩინეთსა და სხვა სახელმწიფოებს, გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საბჭოთა კავშირის მშპ 1990 წელს $2,66 ტრილიონის დონეზე იყო.
როგორც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტების სამეცნიერო სტატიაშია აღნიშნული, 1990-1991 წლებში პრაქტიკულად ყველა საბჭოთა რესპუბლიკა ეკონომიკურ ვარდნას განიცდიდა.
ამ ვარდნის მასშტაბები მაქსიმალური იყო კავკასიის რესპუბლიკებში (სომხეთში - მიუნუს 21,1%, აზერბაიჯანში - მინუს 22,6%, საქართველოში - მინუს 43,1%) და მინიმალური - თურქმენეთსა (-1,3%) და უზბეკეთში (- 2,1%), ყირგიზეთში კი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა (+1,1%).
სსრკ-ის დაშლისას წარმოქმნილმა სახელმწიფოებმა ეკონომიკური ტრანსფორმაციის განსხვავებული სტრატეგიები აირჩიეს. ამიტომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ეკონომიკური განვითარების შესადარებლად ისინი ორ ჯგუფად დავყავით - „ბალტიის ქვეყნები“, რომლებმაც ევროკავშირში ინტეგრაციის გზა გაიარეს, და „დანარჩენი 12 პოსტსაბჭოური ქვეყანა“.

ბალტიის გზა ევროპაში

როგორც ლიეტუვაში რუსეთის ყოფილი ელჩი ალექსანდრ უდალცოვი აღნიშნავდა, რესპუბლიკა სსრკ-ში შევიდა, როგორც მცირე სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა, სადაც მოსახლეობის მესამედი დაკავებული იყო აგრარულ სფეროში, ცხოვრების დონე კი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო. მსგავსი ვითარება იყო ლატვიასა და ესტონეთში.
დაახლოებით 50 წლის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გავიდნენ განვითარებული მრეწველობით, მაღალი სასტარტო პოტენციალით - „საბჭოთა კავშირის ვიტრინაში“ სერიოზული თანხა ($100 მილიარდზე მეტი) ჩაიდო და გაიხსნა მრავალი საწარმო.
თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სსრკ-ის პერიოდში აგებულმა და მოდერნიზებულმა ბევრმა საწარმომ არსებობა შეწყვიტა, ქვეყანაში გაიზარდა უმუშევრობა და დაიწყო მოსახლეობის გადინება ევროპულ სახელმწიფოებში.
დეპოპულაცია ამჟამად რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა - სსრკ-ის დაშლიდან დღემდე ბალტიის ქვეყნებიდან მოსახლეობის თითქმის 25% გავიდა. ლიეტუვა და ლატვია მოქალაქეთა გადინების მაჩვენებლით ევროკავშირში პირველ ორ ადგილს იყოფენ.
დეპოპულაციის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა - ადამიანები ლუკმაპურის საშოვნელად ან უკეთესი ცხოვრების საძებნელად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მიემგზავრებიან (საინტერესოა, რომ მოქალაქეები ისე იბრძოდნენ საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოსაყალიბებლად, რომ დღეს ამ სახელმწიფოებიდან „გაქცევის“ მაჩვენებლებით ლიდერობენ).
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1990-იან წლებში ლატვიიდან, ლიეტუვიდან და ესტონეთიდან მასობრივად გაედინებოდა რუსი ეროვნების მოსახლეობა.
ევროკავშირში სიკვდილიანობის ყველაზე ცუდი მაჩვენებლებიც ლიეტუვასა და ლატვიაშია. გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულთა რაოდენობას ესტონეთშიც ჭარბობს.
შედეგი - შრომისუნარიანი მოსახლეობა მიემგზავრება, ქვეყანაში რჩებიან პენსიონერები, რომლებსაც მალე ვეღარავინ შეინახავს. მაგალითად, ლიეტუვის სტრატეგიული ანალიზის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტის თქმით, 2050 წელს ლიეტუვის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ხანდაზმული იქნება.
სსრკ-ის დაშლიდან მალევე ბალტიის ქვეყნების ეკონომიკებში წამყვანი პოზიციები წარმოების ნაცვლად მომსახურების სექტორმა დაიკავა.
დღეს აღნიშნული სფერო ლატვიის მშპ-ის 73%-ს შეადგენს, ლიეტუვის მშპ-ის 60%-ს და ესტონეთის მშპ-ის 70%-ს.
ასეთი ეკონომიკური მოდელის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მომსახურებაზე შიდა მოთხოვნილების მუდმივი წახალისება, რაც თანამედროვე ბალტიის ქვეყნებში, მათ შორის, არასაბაზრო სტიმულით ხორციელდება - როგორიცაა, მაგალითად, ევროკავშირის დოტაციები და დასავლეთ ევროპაში მომუშავე მიგრანტების ფულადი გზავნილები.
ამის მიუხედავად, ბალტიის ქვეყნების ეკონომიკები დღეს პოსტსაბჭოურ სივრცეში ყველაზე ძლიერია.
თუ ესტონეთისა და ლიეტუვას მაჩვენებლები ამჟამად დაახლოებით ერთ დონეზეა, ტალინი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მნიშვნელოვნად უსწრებდა მეზობლებს.
როგორც ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ალექსეი ზუბეცი აღნიშნავს, ასეთი მაღალი მაჩვენებლები აიხსნება იმით, რომ ბალტიის ქვეყნებმა თავიდანვე დაისახეს მიზნად ევროკავშირში გაწევრიანება.
„ბალტიის ქვეყნები, რომლებმაც თავიდანვე ევროკავშირში ინტეგრაცია დაისახეს მიზნად, მაშინვე მოხვდნენ დასავლეთის „ფრთის ქვეშ“ და მოიპოვეს მისი მხარდაჭერა, ამასთან, პრაქტიკულად არ გააჩნდათ ნედლეულის რესურსი, - ამბობს ექსპერტი. - გამონაკლისია ესტონეთი, რომელსაც ფიქალის საბადოები ჰქონდა. სწორედ ფიქალი გახდა ესტონეთის ეკონომიკის საფუძველი - მისი წყალობით ქვეყანა ბალტიის სახელმწიფოებს შორის საუკეთესო მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუმცა მთლიანობაში ევროკავშირის პატრონაჟი, რასაკვირველია, ძლიერ დაეხმარა ბალტიის ქვეყნებს ფეხზე დადგომაში“.
ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ევროკავშირში 2004 წელს გაწევრიანდნენ. 2004-დან 2020 წლამდე ლატვიამ ევროკავშირისგან დოტაციების სახით 15 მილიარდი ევრო მიიღო, ლიეტუვამ - 19 მილიარდი ევრო, ესტონეთმა კი - 10 მილიარდი ევრო.
ბალტიის ქვეყნების ეკონომიკების ზრდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ხელსაყრელი ეკონომიკურ-გეოგრაფიული ადგილმდებარეობაა, ფიქრობს კვლევითი ცენტრის (ITI) ანალიტიკოსი ვიაჩესლავ კოლომინი.
„ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან ბალტიის რესპუბლიკები ცნობილი იყვნენ სატრანსპორტო ხაზებით, - ამბობს იგი. - ძალიან ბევრი სატრანსპორტო ნაკადი ბალტიის ნავსადგურებისკენ - კლაიპედასკენ, რიგისა და ტალინისკენ - მიემართებოდა. ეკონომიკურ-გეოგრაფიულმა მდებარეობამ მაშინაც თავისი როლი შეასრულა და დღემდე ასრულებს - მაგალითად, ბელარუსს თავისი კალიუმი ბალტიის გავლით გააქვს, მიუხედავად იმისა, რომ ტვირთნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსულ ნავსადგურებზე აქვს გადანაწილებული. რუსეთიც ბოლო დრომდე სატვირთო მატარებლებს ამ მიმართულებით გზავნიდა“.
„ბალტიის ქვეყნები დღეს მშპ-ს მაჩვენებლით უსწრებენ რუსეთს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ეს რესპუბლიკები მრავალი წლის განმავლობაში იღებდნენ დოტაციებს ევროკავშირისგან. თუმცა უკვე გასაგებია, რომ ეს დოტაციები ადრე თუ გვიან შეწყდება და ბალტიის ქვეყნებში ცხოვრების დონე თანდათანობით შემცირდება“, - ამტკიცებს ალექსეი ზუბეცი.
მართლაც, ევროკავშირში ახლა სულ უფრო ხშირად საუბრობენ ხარჯის შემცირებაზე ე.წ. „შერწყმის პოლიტიკის“ მიმართულებით (ევროკავშირის მეტად თუ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს შორის ეკონომიკური განსხვავებულობის შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებები). ამით ბალტიის ქვეყნები ყველაზე მეტად დაზარალდებიან, რადგან დაკარგავენ შემოსულობების დიდ ნაწილს ბიუჯეტში.
„ვფიქრობ, სსრკ-ის დაშლის შემდეგ ბალტიის ქვეყნებს ჯერაც არ უპოვიათ თავიანთი ადგილი ევროკავშირში. დღეს ისინი უბრალოდ სამუშაო ძალის მიმწოდებლები არიან ევროკავშირში. „შერწყმის პოლიტიკის“ ხარჯზე მათ გარკვეულ შედეგებს მიაღწიეს, ცხოვრების დონე გაუმჯობესდა, მაგრამ ამას წარმატების ისტორიას ვერ დაარქმევ“, - ასკვნის ვიაჩესლავ კოლომინი.
ყველა ახალი ამბავი
0