პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრი წარადგინა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
გამოწერა
იძულებით გადაადგილებულ პირთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მიმდინარე წლის დეკემბერში განაცხადა.
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე კანდიდატურა წარადგინა.
ამ თანამდებობას ზურაბ აზარაშვილი დაიკავებს, რომელსაც ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
იძულებით გადაადგილებულ პირთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზრაშვილმა ეკატერინე ტიკარაძე შეცვალა, რომელმაც პოსტის დატოვების შესახებ განცხადება მიმდინარე წლის დეკემბერში გააკეთა.

„ბატონი ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი, იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში, მას, რა თქმა უნდა, კარგად აქვს გაცნობიერებული გამოწვევები, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის და მე მინდა ზურას ვუსურვო წარმატება", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ზურაბ აზარაშვილი ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრია, მას აქვს ფინანსების მართვის ძალიან დიდი გამოცდილება, არის ძალიან კარგი მენეჯერი.
„მე როცა ვიყავი თავდაცვის მინისტრი, ბატონი ზურა მაშინ იყო „დელტას" ხელმძღვანელი, ასევე „თბილავიამშენის" ხელმძღვანელი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის საქართველოს ავიაციის აღდგენა, უამრავი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას, სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას და ა.შ." – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 6 მლრდ ლარია – მთლიანი ბიუჯეტის თითქმის მესამედი და, აქედან გამომდინარე, სამინისტროს ხელმძღვანელად გამოცდილი კადრია საჭირო.
ზურაბ აზარაშვილი დღემდე იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
მანამდე იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას" გენერალური დირექტორი; „თბილავიამშენის" გენერალური დირექტორი.
ასევე 2014-2020 წლებში იყო „ტერაბანკის" კომერციული დირექტორი.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა „კორ სტანდარტ ბანკში", „ქართუ ბანკში", „თიბისი ბანკში" სხვადასხვა პოზიციაზე.
ყველა ახალი ამბავი
0