საქართველოს პრეზიდენტმა ილია მეორეს აღსაყდრების 44-ე წლისთავი მიულოცა

© photo : press-service of the President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2021
გამოწერა
პრეზიდენტის თქმით, ხალხი პატრიარქისგან ელოდება ქრისტიანული და ქართული ზნეობრივი ნორმების შეხსენებას
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44-ე წლისთავი მიულოცა და ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და მხნეობა უსურვა, მისალოცი წერილი პრეზიდენტმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.
დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 44 წელი შესრულდა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პატრიარქის ღვაწლი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე განსაკუთრებით დიდია. მან ილია მეორეს საქართველოს ეკლესიისა და საზოგადოების წინაშე ერთგულების გამო მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს თქვენი სახით ჰყავს ქრისტიანული და კავკასიური ზნეობის ბურჯი და სწორედ თქვენი ღვაწლი მაძლევს უდიდეს იმედს, რომ ჩვენი საზოგადოება დარჩება ერთგული ქართული, კავკასიური და ქრისტიანული ზნეობის და ჩვენი ღირსეული წინაპრების ღირსეული შვილები ვიქნებით“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტმა ასევე პოლარიზებულ გარემოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზნეობრივი ნორმების დაცვამ უნდა გახადოს შესაძლებელი არსებულ პოლარიზებულ გარემოში საქართველოში ერთმანეთის პატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის ფორმირება.
„დღეს კვლავ დადგა მძიმე დრო, როცა ჩვენი ერი და ბერი საქართველოს ეკლესიის მეთაურისგან მოელის ხალხისთვის ქრისტიანული და ქართული ზნეობრივი ნორმების ჩვეული მამობრივი მზრუნველობით შეხსენებას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ერთმანეთის პატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის გარეშე შეუძლებელია საერთო თანხმობის მიღწევა ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე.
პატრიარქს აღსაყდრებიდან 44-ე წლისთავი მიულოცეს პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმაც.
ირაკლი ღარიბაშვილი და ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2021
საქართველოს პირველი პირები პატრიარქს აღსაყდრების 44-ე წლისთავს ულოცავენ
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა. ამასთან დაკავშირებით დღეს სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო. კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ღვთისმსახურებაში წმინდა სინოდის წევრები იღებენ მონაწილეობას.
ილია მეორე (ერობაში ირაკლი ღუდუშაური–შიოლაშვილი) გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობახიძის მეოთხე შვილი იყო. 1927 წელს ოჯახი საცხოვრებლად ვლადიკავკაზში გადავიდა, ახალშობილი შობის დღეს ქართულ ტაძარში მონათლეს.
1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა ვლადიკავკაზის №22 სკოლა დაამთავრა და იმავე წელს სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1956 წელს წარჩინებით დაამთავრა და, როგორც საუკეთესო სტუდენტი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა. 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძარში 24 წლის ირაკლი შიოლაშვილი მეუფე ზინობმა ბერად აღკვეცა და დიდი წინასწარმეტყველის — ილიას სახელი უწოდა.
1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულია იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს, კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით – მღვდელ-მონაზვნად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის ალექსის მიერ – წმინდა სერგის მონასტრის ტაძარში და დაჯილდოებულია ოქროს სამკერდე ჯვრით.
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2021
საქართველოს პატრიარქს აღსაყდრების 44-ე წლისთავი მიულოცეს
1960 წლის 19 დეკემბერს იგი აიყვანეს იღუმენის ხარისხში, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს – არქიმანდრიტის ხარისხში. 1963 წელს ილია მეორე ბათუმისა და შემოქმედის ეპარქიას ჩაუდგა სათავეში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის (1963–1972 წლები) რექტორი. 1967 წელს სოხუმის ეპისკოპოსი, ხოლო 1969 წელს მიტროპოლიტი გახდა.
1977 წლის 9 ნოემბერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, დაადგინეს პატრიარქის მოსაყდრედ. 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ, 390-400 წწ.).
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი. დღეისთვის სულ 42 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 47 მღვდელმთავარი, მათგან ორი ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. თბილისში წმინდა სამების ტაძარი აშენდა. დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.
ყველა ახალი ამბავი
0