შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
გამოწერა
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით თბილისში, ბორჯომში, რუსთავსა და ქუთაისში ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულებს, რომელთა ასაკი 33-დან 46 წლამდეა, შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
დაკავებულთაგან ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა, რომელიც „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2021
„ქურდული სამყაროს“ 10 წარმომადგენელი განაჩენს ციხეში დაელოდება
უწყების ცნობით, ბრალდებულთაგან ორი პირი ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ-ერთ ბიზნესმენს სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსული მოგების დიდ ნაწილს სისტემატურად სძალავდა. მათ კრიმინალური გავლენების გამოყენებით, დაშინებითა და მუქარით აღნიშნული პირის ბიზნესის სრულად მითვისება განიზრახეს, ამასთან, მეწარმის შვილს კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს. ამის შემდეგ დაზარალებულმა ბიზნესმენმა დახმარებისთვის ე.წ. კანონიერ ქურდებს მიმართა, რომლებმაც „ქურდული გარჩევის“ გზით ბიზნესმენის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეს. კერძოდ, ბრალდებულებს დაეკისრათ ავტომანქანის მესაკუთრისთვის დაბრუნება და მეწარმეზე ზეწოლის შეწყვეტა. აღნიშნული გადაწყვეტილების „ქურდული წესით“ აღსრულება ერთ-ერთ დაკავებულს დაევალა.
საგამოძიებო ღონისძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ფარული აუდიოჩაწერა განახორციელეს, სადაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებებია ასახული.
ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ავტომანქანა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც დაკავებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ.
რაც შეეხება დაკავებულ რუსეთის 33 წლის მოქალაქეს, მან ქუთაისში მცხოვრებ ერთ-ერთ ბიზნესმენს 15.000 აშშ დოლარის ეტაპობრივად გადახდა და ძვირადღირებული ავტომობილის დათმობა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბიზნესმენმა ბრალდებულს ჯამში 16.000 ლარი გადასცა.
აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე მეოთხე პრიმა მუხლით დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0